ახალი ამბები

ბაიდენის მიერ დეესკალაციის მოწოდების მიუხედავად, ისრაელი ოპერაციას აგრძელებს

19 მაისი, 2021 • 1143
ბაიდენის მიერ დეესკალაციის მოწოდების მიუხედავად, ისრაელი ოპერაციას აგრძელებს

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი გაიმართა.

თეთრი სახლის ცნობით, ლიდერებმა დეტალურად განიხილეს ღაზის სექტორში განვითარებული მოვლენები, ისრაელის პროგრესი ჰამასის და სხვა ტერორისტული ელემენტების დასუსტების მიმართულებით, ასევე, აშშ-ისა და რეგიონული მთავრობების დიპლომატიური ძალისხმევა.

“პრეზიდენტმა გადასცა პრემიერ-მინისტრს, რომ დღეს ელოდება მნიშვნელოვან დეესკალაციას ცეცხლის შეწყვეტისკენ”, — ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

აშშ-ის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვა გაავრცელა და პირობა დადო, რომ ისრაელი გააგრძელებს ოპერაციას პალესტინელი მებრძოლების წინააღმდეგ.

ნეთანიაჰუს კომენტარი არ გაუკეთებია დეესკალაციისკენ მოწოდებაზე. თქვა, რომ აფასებს ბაიდენის მხარდაჭერას თავდაცვის უფლების მიმართ.

“მე მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, გავაგრძელო ოპერაცია მიზნის მიღწევამდე — ვიდრე ისრაელის მოქალაქეებს მშვიდობას და უსაფრთხოებას არ დავუბრუნებთ”, — განაცხადა ნეთანიაჰუმ.

“ჰამასის” სპიკერმა ღაზაში რეპორტიორებს განუცხადა, რომ ისრაელი უარს აცხადებს, ჩაერთოს დიპლომატიურ ძალისხმევაში ძალადობის შესაჩერებლად.

“ცეცხლის შეწყვეტის კონკრეტული დრო შეთანხმებული არ არის, ვინაიდან საერთაშორისო ძალისხმევა, მათ შორის ეგვიპტური, აწყდება ისრაელის პოზიციას, რომელიც უარს ამბობს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე”, — განაცხადა ჰამასის სპიკერმა “როიტერის” ცნობით.


ისრაელსა და პალესტინურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით საერთაშორისო ძალისხმევა ჯერჯერობით უშედეგოა. სარაკეტო და საჰაერო დარტყმები ოთხშაბათს, დილის საათებშიც გაგრძელდა. პარალელურად, 18 მაისს მასობრივი გაფიცვა იყო ისრაელის ქალაქებსა და დასავლეთ სანაპიროზე, რასაც ზოგ შემთხვევაში, თან სდევდა შეტაკებები.

კონფლიქტი 10 მაისს გამწვავდა, როდესაც ღაზის სექტორიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმები დაიწყეს, ისრაელმა კი ღაზაზე — საჰაერო დარტყმები. აღნიშნულს წინ უძღოდა რამდენიმეკვირიანი მღელვარება იერუსალიმში, რისი კულმინაციაც იყო მძიმე შეტაკებები პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის ქალაქის აღმოსავლეთით მდებარე ალ-აკსას მეჩეთთან. დაპირისპირებას მინიმუმ 215 პალესტინელი შეეწირა. ღაზის ოფიციალურ პირთა ცნობით, მათ შორის 63 ბავშვია. მსხვერპლის რიცხვი 12-ს შეადგენს ისრაელში, რომელთა შორისაა ორი ბავშვი.

ისრაელ-პალესტინური კონფლიქტი: მოკლე გზამკვლევი

მასალების გადაბეჭდვის წესი