ახალი ამბები

საუკეთესო შემთხვევაში მესამე ადგილზე გავა – კობახიძე გახარიას მერობის კანდიდატურაზე

18 მაისი, 2021 • 2758
საუკეთესო შემთხვევაში მესამე ადგილზე გავა – კობახიძე გახარიას მერობის კანდიდატურაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ექსპრემიერი გიორგი გახარია, მერობის კანდიდატად კენჭისყრის შემთხვევაში, საუკეთესო შემთხვევაში მესამე ადგილზე გავა.

„მე შემიძლია გითხრათ, რომ ასეთ [მერად კენჭისყრის] შემთხვევაში ის მეორე ადგილზე ვერ გავა. საუკეთესო შემთხვევაში გავა მესამე ადგილზე“, – განაცხადა კობახიძემ 18 მაისს „რუსთავი 2-ის“ ეთერში, „ღამის კურიერში“ საუბრისას.

კითხვაზე, თუ ვინ გავა მეორე ადგილზე, მან თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას ისევ აქვს იმის რესურსი, რომ 20%-ის ფარგლებში აიღოს ხმები“. „სამწუხაროდ, ეს ასეა“, – თქვა კობახიძემ.

კობახიძე ასევე ამბობს, რომ გახარიას გუნდს „ქართულ ოცნებასთან“ კონკურენციის „არავითარი რესურსი არ გააჩნია“.

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 2021 წლის 18 თებერვალს გადადგა და მიზეზად დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების თაობაზე თანაგუნდელებთან არსებული უთანხმოება.

გახარიას კვალდაკვალ, მთავრობის ადმინისტრაცია არაერთმა თანამდებობის პირმა დატოვა. რამდენიმე კვირის წინ კი გახარიას მხარდაჭერის გამო ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მერის მოადგილეებმა დატოვეს თანამდებობები.

კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ მერობის ყველაზე სასურველი კანდიდატი მოქმედი მერი, კახი კალაძე იქნება, რისი თქმის საფუძველსაც მათივე ჩატარებული კვლევა აძლევს.

„ის არის გამორჩეულად მაღალრეიტინგული ფიგურა ქართულ პოლიტიკაში და, შესაბამისად, მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული ოცნების გუნდში“, – თქვა კობახიძემ.

გახარიას გუნდის შესახებ გირჩევთ:

პარლამენტში გახარიას გუნდის წევრებმა ‘ოცნება” დატოვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი