ახალი ამბები

აზერბაიჯანის საელჩო დმანისში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

17 მაისი, 2021 • 3148
აზერბაიჯანის საელჩო დმანისში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში ეხმაურება დმანისში საქართველოს მოქალაქეებს – ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს – შორის მომხდარ დაპირისპირებას, რომელიც სავარაუდოდ ყოფით ნიადაგზე, ერთ-ერთ მარკეტში მომხდარი ინციდენტის დროს დაიწყო.

საელჩოს განცხადებით, მარკეტზე (რომლის მფლობელებიც საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელები არიან) განხორციელებულ თავდასხმაზე მყისიერი რეაქცია ჰქონდა: საელჩოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და დაეკონტაქტნენ სამართალდამცავ უწყებებს, ასევე, ადგილობრივ მთავრობას.

საელჩოს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჭირო ზომები ტარდება.

საელჩოს განცხადებით, ამ უსიამოვნო მოვლენის ეთნიკური ნიშნით კონფრონტაცად მონათვლა არ შეესაბამება საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობებს.

საელჩო ეთნიკურ აზერბაიჯანელებს მოუწოდებს, არ აჰყვნენ პროვოკაციას, გამოიჩინონ პოლიტიკური სიმწიფე და პასუხისმგებლობა.

საელჩოს განცხადებით, ინციდენტი მხოლოდ სამართლებრივი გზებით უნდა მოგვარდეს და დამნაშავეები კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯონ ინდივიდუალურად.

საელჩოს განცხადებით, ის გააგრძელებს კომუნიკაციას შესაბამის ინსტიტუტებთან ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი