ახალი ამბები

ომბუდსმენი: დმანისში პოლიციის რეაგირება არაეფექტური იყო

19 მაისი, 2021 • 1084
ომბუდსმენი: დმანისში პოლიციის რეაგირება არაეფექტური იყო

სახალხო დამცველის წარმომადგენლები დმანისში ჩავიდნენ, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და 16-17 მაისს მომხდარი კონფლიქტის თაობაზე ესაუბრნენ.

ომბუდსმენის თქმით, მიღებული ინფორმაციის თანახმად, კონფლიქტი, სავარაუდოდ, ყოფით ნიადაგზე დაიწყო და 2- დღიან უმართავ ჯგუფურ ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა:

“მოვლენების მსგავსმა განვითარებამ დმანისის მრავალეთნიკურ მოსახლეობას შორის დაპირისპირების საფრთხე გააჩინა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს კონფლიქტის მიზეზების სწორ შეფასებასა და გააზრებას, ასევე, უფრო აქტიური პოლიტიკა გაატაროს სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით”, – აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.

სახალხო დამცველის შეფასებით, ინციდენტის მიმდინარეობისას მთელი რიგი შემთხვევების დროს სამართალდამცავი უწყების მხრიდან რეაგირება არ იყო ეფექტური. კერძოდ, კონფლიქტში მონაწილე პირები ფიზიკურად უსწორდებოდნენ ერთმანეთს პოლიციის თანდასწრებით, რომელიც ვერ უზრუნველყოფდა დროულ რეაგირებას და სიტუაციის განმუხტვას.

ომბუდსმენის თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია მოვლენების გაშუქების მიზნით ადგილზე მყოფი მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე ფიზიკური თავდასხმის და აპარატურის დაზიანების ფაქტები.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის არცერთი შემთხვევა არ დარჩეს ეფექტიანი გამოძიების გარეშე. ასევე, ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია დადგეს ჟურნალისტებზე თავდასხმის მონაწილე პირთა პასუხისმგებლობა.

სახალხო დამცველი შეისწავლის გამოძიების მიმდინარეობას.

“ამასთან, სახალხო დამცველი კრიტიკულად აფასებს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან დმანისის ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის წარმოშობილ, სავარაუდოდ კრიმინალური ხასიათის დაპირისპირებასთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის ხსენებას და მასთან რაიმე ტიპის კავშირის წარმოჩენას.

ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები შესაძლო სამართალდარღვევებზე მართლმსაჯულების აღსრულების, მომხდარის სამართლებრივი შეფასების და ეფექტიანი გამოძიების მიმართულებით. ასევე, მიმდინარე მოვლენებმა ცალსახად გამოკვეთა, რომ სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკა სამომავლოდ, მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის, გააზრებას და გაძლიერებას საჭიროებს”, – აცხადებს ომბუდსმენი.

რა მოხდა დმანისში, რამდენად მყარია შერიგება და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა

მასალების გადაბეჭდვის წესი