ახალი ამბები

რა მოხდა დმანისში, რამდენად მყარია შერიგება და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა

18 მაისი, 2021 • 2335
რა მოხდა დმანისში, რამდენად მყარია შერიგება და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა

დმანისში ადგილობრივ ქართველ და აზერბაიჯანულ თემებს შორის დაპირისპირება დაახლოებით ორი დღე გაგრძელდა და საბოლოოდ, ორი ჯგუფის წარმომადგენლების საჯარო შერიგებით დასრულდა.

თუმცა რჩება კითხვა არის თუ არა დმანისის ინციდენტი ცალკეული შემთხვევა, თუ იგი სისტემური პრობლემის რიგითი გამოვლინებაა? და როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს როლი ან მის მიერ გადადგმული ნაბიჯები ასეთ ვითარებაში?

ქართველი ექსპერტებისა და ყოფილი სახელმწიფო მოხელეების შეფასებით, აღნიშნული შერიგება “ცალკეული ხასიათისაა და ვერ აგვარებს უშუალოდ პრობლემას”, ხოლო დმანისის ინციდენტის დროს მინისტრის მიერ ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ აზერბაიჯანი ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირეა, “არის სახიფათო და შეიცავს სუვერენიტეტის გაქრობის საფრთხის ნიშნებს”.

სამოქალაქო თანასწორობის საკითხებზე მომუშავე მკვლევართა ნაწილის განცხადებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის როლი შეზღუდულია და იგი ვერ პასუხობს რეალურ გამოწვევებს.

დაპირისპირების ქრონოლოგია 

ადგილობრივ ქართველ და აზერბაიჯანელ თემს შორის დაპირისპირება 16 მაისს დაიწყო.

მედიაში გავრცელებული კადრებში ასახულია ქართველი და აზერბაიჯანელი მოქალაქეების დაპირისპირება, სადაც ისინი ერთმანეთს, მათ შორის, ხელკეტებითა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით უპირისპირდებიან.

იმ მაღაზიის მეპატრონის მიხედვით, რომლის სათვალთვალო კამერამაც აღბეჭდა დაპირისპირება, ჩხუბი მაღაზიიდან პროდუქციის “ნისიად” გატანას უკავშირდებოდა.

ინციდენტის შემდეგ, ნეტგაზეთი დაუკავშირდა დმანისის მერს, გიორგი ტატუაშვილს, რომლის განცხადებითაც 16 მაისის ღამეს, ჩხუბის შემდეგ ქალაქში ვითარება მშვიდი იყო და დაპირისპირება აღარ გრძელდებოდა.

მეორე დღეს, 17 მაისს მხარეთა შორის დაპირისპირება კვლავ გაგრძელდა. ორ ჯგუფს შორის არსებული პოლიციის კორდონი რიგ შემთხვევებში გაირღვა და ათობით მოქალაქე ერთმანეთს ქვების სროლითა და ხელკეტებით დაუპირისპირდა. პარალელურად, ქალაქში დაიწყო საპოლიციო ძალების, მათ შორის სპეციალური დანიშნულების რაზმებისა და წყლის ჭავლის მანქანების შეყვანა.

პოლიციამ დაახლოებით დღის პირველი საათისთვის შეზღუდა ქალაქში შესვლა და როგორც ნეტგაზეთს ადგილზე განუცხადეს, ისინი მხოლოდ იმ ადგილობრივებს აძლევდნენ გადაადგილების საშუალებას, რომლებიც არ იყვნენ კონფლიქტის შესაძლო მხარეები. ასეთები ძირითადად ქალები, მოხუცები, ბავშვები და მათთან თანმხლები პირები იყვნენ.

პოლიცია ზღუდავს დმანისისკენ გადაადგილებას / ფოტო: სოფო აფრიამაშვილი ნეტგაზეთი. 17.05.2021 

იქ, სადაც პოლიციამ შეზღუდა ქალაქისკენ გადაადგილება [სოფელი ვარდისუბნის მისადგომები] შეკრებილი მოქალაქეები ქალაქში შესვლის უფლებასა და მათი ინფორმაციით, 22 დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვდნენ. საბოლოოდ მათ ადგილზე მისული პარლამენტარის, გოდერძი ჩანქსელიანის მხრიდან მიიღეს დაპირება, რომ შეკრებილი ჯგუფიდან ორ ადამიანს წაიყვანდნენ და აჩვენებდნენ იმ ვითარებას, რაც ქალაქში იყო.

მოგვიანებით, დაახლოებით ექვს საათზე, სოფელ მაშავერას მხრიდან მომავალ ავტომობილსა და შეკრებილ მოქალაქეებსა და პოლიციას შორის მოხდა ინციდენტი, რის შემდეგაც, შეკრებილებმა დააზიანეს ავტომობილი.

ამის შემდეგ, სოფელ ვარდისუბნის მისადგომებთან შეკრებილ ჯგუფის წევრებს პოლიციამ დართო ნება, ქალაქის მიმართულებით წასულიყვნენ.

დაპირისპირების დღეს, 17 მაისს დმანისში ჩავიდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები მმართველი პარტიის მხრიდან, გოდერძი ჩანქსელიანი, გოგი მეშველიანი, სოზარ სუბარი და ვიქტორ ჯაფარიძე. ასევე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და აღმოსავლეთ საქართველოს მუსლიმთა მუფტი ეტიბარ ემინოვი.

ქალაქში მყოფი ვახტანგ გომელაურის თქმით, “ეს თემა არ უნდა გადაზრდილიყო ეთნიკურ დაპირისპირებაში”.

“ეთნიკურად აზერბაიჯანელები ჩვენი მოქალაქეები არიან, აზერბაიჯანი კი ჩვენი მოკავშირეა. ქვეყნის მტრობაა, ვინც ამბობს, რომ ეს ეთნიკური თემაა და უნდა გამწვავდეს”, – განაცხადა გომელაურმა.

 

ქართული და აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლები ერთმანეთს შერიგების ნიშნად ხელს ართმევენ / ფოტო: სოფო აფრიამაშვილი ნეტგაზეთი. 17.05.2021 

საბოლოოდ, საღამოს 8 საათზე, ქართული და აზერბაიჯანული თემების წარმომადგენლებმა, რომლებიც დედაქალაქიდან ჩამოსულ პოლიტიკოსებთან და რელიგიურ პირებთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ გამართულ შეხვედრაში, განაცხადეს, რომ ისინი შერიგდნენ და ცხოვრება მშვიდობიან გარემოში უნდა გაგრძელებულიყო.

“აღმოიფხვრა ინციდენტი, მაგრამ არა პრობლემა – სახელმწიფო თვალს ხუჭავს”

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ დმანისის ინციდენტი არ არის მხოლოდ ლოკალური შემთხვევა და იგი უფრო სისტემური პრობლემის გამოვლინებაა.

“როდესაც არსებობს ინტეგრაციისა და უთანასწორობის პრობლემა, ნებისმიერი წვრილმანი საკითხიც კი, როგორიცაა ლუდის “ნისიად აღება” – ესეც კი ეთნიკურ შეფერილობას იღებს. ამ დროს სხვაგან ასე არ მოხდებოდა. პრობლემა ნამდვილად ღრმაა”, – აცხადებს ზაქარეიშვილი.

“აღმოიფხვრა ერთი ინციდენტი, რაც კარგია და მისასალმებელია, მაგრამ ძალიან შემაშფოთებელია ხელისუფლების განცხადებები. გომელაურმა გააკეთა განცხადება, რომ “ისინი შერიგდნენ”. გამოდის, რომ ორ ჯგუფს ჰქონდა პრობლემები და არა სახელმწიფოს და ისინი შერიგდნენ. ეს არის კატასტროფული განცხადება და ნიშნავს, რომ მთავრობას არაფერი ესმის, რაც ძალიან ცუდია, ან ესმით და თავს იკატუნებენ და გვატყუებენ, რომ თითქოს ყველაფერი წესრიგშია”, – აცხადებს იგი.

პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ხელისუფლებას აქვს ფოტოგრაფიული აზროვნება, იგი დინამიკას ვერ ხედავს ქვეყანაში მიმდინარე უთანასწორობის მოვლენების და მალავს არსებულ პრობლემებს.

“ისინი უყურებენ თითო-თითო ეპიზოდებს. ქობულეთში მუსლიმურ სასწავლებელზე ღორის თავის ჩამოკიდება, ბათუმში მეჩეთის არ აშენება და ასე შემდეგ. ისინი ვერ ხედავენ, რომ ეს არის საერთო კინო და არა ცალკეული ეპიზოდები. ეს არის ძალიან სერიოზული ავადმყოფობა, რასაც ჰქვია უთანასწორობა, ინტეგრაციის ნაკლებობა. საზოგადოებაში არის განცდა, რომ ისინი არიან მეორეხარისხოვანი მოქალაქეები. ქრისტიანებს უფლება აქვთ, რომ ჩაატარონ შობა და აღდგომა და მოიხსნას კორონავირუსის შეზღუდვები, თუმცა როცა არის ნოვრუზ ბაირამი, ასეთი შეზღუდვები არ იხსნება. სახელმწიფო ამ პრობლემებს მალავს. ეს ავადმყოფობასავითაა. სახელმწიფო მალავს პრობლემას, რომ ის ვერ უმკლავდება თანასწორობის პრობლემას”, – მიაჩნია პაატა ზაქარეიშვილს.

“ხალხო არაფერი არ მომხდარა დმანისში. ყველაფერი ისე გაგრძელდება როგორც იყო – ეს არის გომელაურის გზავნილი. აქ არის ეთნიკური კომპონენტი და ეს შეუიარაღებელი თვალით ჩანს. ვიღაცები ამას ვერ ხედავენ. ეს არის საშინელება, როდესაც ჩვენ მოქალაქეებს ვეუბნებით, რომ შენი პრობლემა არის მოგონილი. შენ როცა გგონია, რომ უთანასწორობა არის, ეს შენ გეჩვენება – გომელაურმა სწორედ ეს განცხადება გააკეთა გუშინ”, – აცხადებს ზაქარეიშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას.

ნეტგაზეთის კითხვაზე, მაშინ როდესაც ეს პრობლემები ახალი დაწყებული არაა და მისი მინისტრობის დროსაც არსებობდა, როგორ რეაგირებდა თავად, ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ის პირველ რიგში აღიარებდა პრობლემას. “მე ჩავდიოდი ჭელაში, სამთაწყაროში. პირადად მე ვიღებდი მონაწილეობას მოლაპარაკებებში. ვაღიარებდი პრობლემას და სამინისტროს დავარქვი შესაბამისი სახელი”, – უთხრა მან ნეტგაზეთს.

შერიგებისა და თანასწორობის მინისტრის აპარატის როლი ახლა

სოციალური სამართლიანობის ცენტრის [ყოფილი EMC] მკვლევრის ქამრან მამადლის განცხადებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის როლი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს სამოქალაქო თანასწორობის საკითხების მიღწევაში, ვიდრე იგი დღესაა და არ უნდა შემოიფარგლებოდეს სხვა სამინისტროების მუშაობის კოორდინაციით.

მისივე განცხადებით, ამჟამად სამოქალაქო თანასწორობის საკითხები ვერ ცდება სახელმწიფო ენის სწავლების საკითხს.

“ხშირად მიაჩნიათ, რომ სამოქალაქო თანასწორობის საკითხებზე მუშაობაში უმთავრესი ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებაა. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია და მას განათლების სამინისტრო ახორციელებს, მაგრამ შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მუშაობას დავინახავდი უფრო მეტად ერთიანი ინტერ-ეთნიკური გამოცდილებების შექმნაზე ორიენტირებულ მუშაობაში, რაც ჩვენს რეალობაში არ გვხვდება. სამინისტროს არცერთი ინიციატივა, არცერთი საქმიანობა, რომელიც ამ კუთხით იქნებოდა ორიენტირებული და ახალ, არსებითად სოლიდარულ პრაქტიკებს შექმნიდა რეგიონებში.

მინისტრის აპარატი სტრატეგიის წერის პროცესშიც კი არაინკლუზიურია და ხშირად მათი ყურადღება მახვილდება იმაზე, რომ თუ ეთნიკურმა უმცირესობებმა ისწავლეს სახელმწიფო ენა, ეს ყველა პრობლემას მოაგვარებდა”, – განუცხადა მამადლიმ ნეგაზეთს.

ქამრან მამედლი/ ფოტო: Network of Centers for Civic Engagement – NCCE

მისი თქმით, პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ სამინისტრო მუშაობს მხოლოდ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან და არა დომინანტური, უმრავლესობის ჯგუფებთან.

“ეთნიკური უმცირესობების უფლებები არაერთი მიმართულებით ირღვევა, მათ არ აქვთ წვდომა ბაზისურ რესურსებზე, ისინი არ არიან დასაქმებული სახელმწიფოს ცენტრალურ თუ ადგილობრივ დონეებზე და სხვა, თუმცა ამ ყველაფრის შესახებ ცნობიერება ისედაც აქვთ ამ ადამიანებს. მე ვფიქრობ, რომ ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანი იქნებოდა დომინანტ ჯგუფთან მიმართებაში.

“ცნობიერების ამაღლების კუთხით, მნიშვნელოვანია, რომ ავხსნათ [დომინანტური ჯგუფებისთვის], რომ კი, არსებული სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გამო, სიღარიბისა და კრიზისების გამო მათი ყოფაც არ არის არსებითად კარგი, მაგრამ მათთან შედარებით ეთნიკური უმცირესობების ყოფა შედარებით უფრო მძიმეა, უფრო ტრაგიკულია და შედარებით მეტ ზრუნვას საჭიროებენ სახელმწიფოსგან, რადგან ისინი [ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები] არიან პერიფერიებში მცხოვრები მოქალაქეები, ამას ემატება სიღარიბე, ენობრივი ბარიერები და სახელმწიფოსგან გაუცხოებაც. ისინი საკუთარ თავს მეორე ხარისხოვან მოქალაქეებად თვლიან.ამ მიმართულებით, ჩვენ სახელმწიფოს მუშაობას ვერ ვხედავთ”.

მამადლის განცხადებით, ის ფაქტი, რომ დომინანტური [ქართული] ჯგუფის წარმომადგენლები თავს ჩაგრულებად მიიჩნევენ, გარკვეულწილად ლოგიკურიცაა და მათთან მუშაობისას შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხრიდან ამ ჯგუფის საჭიროებებისა და გასაჭირის აღიარებაა საჭირო.

“ის, რომ დღეს დმანისში, დომინანტი [ქართული] ჯგუფის წარმომადგენლები საუბრობენ იმას, რომ ისინი არიან ჩაგრულნი და ძალიან ხშირად გავიგეთ, რომ საქართველოში ქართველზე მეტად უფრო დაჩაგრული არ არსებობს. ეს ქვეყანაში არსებული სოციალური ყოფის, სიღარიბის შედეგია და რაღაც მომენტში, ეს აღქმები – ლეგიტიმურიცაა, რადგან ხშირად სახელმწიფოც და ე.წ. ელიტის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ თუ პერიფერიებში ცხოვრობენ ადამიანები, თუ ისინი ღარიბები არიან, თუ მათი ყოფა არ ჯდება დასავლურ და ე.წ. მოდერნისტულ ჩარჩოებში, ისინი ჩამორჩენილები და “ბნელები” არიან. ამას მოსახლეობის უმრავლესობა კარგად გრძნობს. ლოგიკურიცაა და გასაგებიცაა, როგორ ახერხებენ სხვა დაინტერესებული ჯგუფები მათ პროვოცირებასა და ურა-პატრიოტული მიზნებით გამოყენებას”, – მიაჩნია მამადლის.

მკვლევრის განცხადებით, პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ამ სამინისტროს “აპარატის პორტფოლიო სხვადასხვა სამინისტროების მუშაობის ორგანიზებაა და მათ პირდაპირი პორტფოლიო არ აქვთ, რაც საკუთარი საქმიანობის კრიტიკის განეიტრალების მცდელობაა”.

“პრობლემაა ისიც, რომ ამ აპარატს ხშირად შეზღუდული აქვს რესურსები, თუმცა რა რესურსებიც გააჩნიათ, იმის გამოყენებასაც ვერ ვხედავთ. რესურსების შეზღუდულობა კი იმაზე მიანიშნებს, თუ როგორ ხედავს სახელმწიფო ამ საკითხების მნიშვნელობას”, – განაცხადა ქამრან მამადლიმ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა დმანისში მიმდინარე მოვლენებზე განცხადება მხოლოდ 17 მაისის ღამეს, მას შემდეგ გააკეთა, რაც ქართული და აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კონფლიქტი ამოწურული იყო.

“მიუღებელია დღის განმავლობაში სხვადასხვა პირების მხრიდან გაჟღერებული გარკვეული შეფასებები, რაც მიზანმიმართულად თუ უნებლიედ, შესაძლოა აღნიშნული ინციდენტის ეთნიკურ ჭრილში წარმოჩენის მცდელობას ემსახურებოდეს”, – ნათქვამია აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გომელაურისა და აზერბაიჯანის საელჩოს განცხადებები – სუვერენიტეტის საკითხი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადების შემდეგ, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელები და ქართველები ორივე ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და აზერბაიჯანი საქართველოს მოკავშირე სახელმწიფოა, აზერბაიჯანის საელჩომ თბილისში გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ოფიციალური ბაქოს წარმომადგენლები – საელჩოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და დაეკონტაქტნენ სამართალდამცავ უწყებებს, ასევე, ადგილობრივ მთავრობას.

საელჩოს განცხადებით, ამ უსიამოვნო მოვლენის ეთნიკური ნიშნით კონფრონტაციად მონათვლა არ შეესაბამება საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობებს. საელჩო ეთნიკურ აზერბაიჯანელებს მოუწოდებს, არ აჰყვნენ პროვოკაციას, გამოიჩინონ პოლიტიკური სიმწიფე და პასუხისმგებლობა. ბაქოს განცხადების თანახმად, ის გააგრძელებს კომუნიკაციას შესაბამის ინსტიტუტებთან ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად.

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, დმანისის კონტექსტში გომელაურის განცხადება, რომ აზერბაიჯანი არის საქართველოს მოკავშირე, არის სახელმწიფოებრიობის ნელ-ნელა ჩამოშლა-გაქრობის გამოვლინება. ხიდაშელის განცხადებით, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ყველა მოქალაქის დაცვის ერთნაირი გარანტიები და ამისათვის არ უნდა სჭირდებოდეს სხვისი ჩარევა.

“ასეთი განცხადება [გომელაურის] ორ რამეს ადასტურებს. პირველი იმას, რომ საქართველოს ჰყავს არაკომპეტენტური და პრობლემის მოგვარებასთან შეუფერებელი ხელისუფლება და მეორე იმას, რომ მათ არც კი ესმის, რაშია პრობლემა.

ეს ძალიან სახიფათო მოვლენაა, ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს, რომ ერთი ეპიზოდია, მაგრამ როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი ასეთ წინადადებას ამბობს, გაცილებით უფრო ღრმა პრობლემის მაჩვენებელია.

მე ყველაზე მეტად რამაც შემაშფოთა ამ კონკრეტულ ამბავში, არის ის, რომ მივხვდი, რომ ხელისუფლებას საერთოდ არ ესმის რასაც ვლაპარაკობთ.

ამასობაში, ასე იკარგება სუვერენიტეტი. ასეთი პატარ-პატარა მოვლენები ქმნის იმ მოცემულობას, რომელიც საბოლოოდ დგება”, – უთხრა თინა ხიდაშელმა ნეტგაზეთს.

შეკითხვაზე, შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება ხომ არ ქმნის ლეგიტიმაციას მესამე მხარისთვის, ამ შემთხვევაში აზერბაიჯანისთვის, რათა იგი უფრო პროაქტიული იყოს საქართველოში მიმდინარე შიდა საკითხების შესახებ განცხადებების გაკეთებისას, თინა ხიდაშელი პასუხობს, რომ “ეს ასეა და ყველა სახელმწიფოს საკუთარი ინტერესებით მოქმედებს”.

“მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებით მოქმედებს. ყველა სახელმწიფოს საკუთარი ეროვნული ინტერესები გააჩნია, რომელიც ზოგჯერ შეიძლება ემთხვეოდეს სხვა ქვეყნის ინტერესებს. მე ვიზიარებ აზრს, რომ აზერბაიჯანი ჩვენი პარტნიორია, მაგრამ ეს საერთოდ არ არის კავშირში იმ მოვლენებთან, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. ეს არის სახიფათო ზღვარი და მინდა ვთქვა, რომ არ მაქვს ჩვენი ხელისუფლების კომპეტენციის იმედი”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი