ახალი ამბები

“არასახარბიელო ეთნიკური ბალანსის მქონე რეგიონი” – ჯაღმაიძის განცხადება დმანისზე და განმარტება

18 მაისი, 2021 • 1996
“არასახარბიელო ეთნიკური ბალანსის მქონე რეგიონი” – ჯაღმაიძის განცხადება დმანისზე და განმარტება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის აზრით, დმანისში მომხდარი ამბები ნამდვილად წახალისებული იყო გარე ძალების მიერ, რომელთაც აწყობდათ ეთნიკურ კონფლიქტში გადაეზარდათ ინციდენტი. კონფლიქტის გამწვავებაში ჯაღმაიძემ მედიაც დაადანაშაულა.

“ტელევიზიების უმრავლესობა ცეცხლზე ნავთს ასხამდა და, ნებსით თუ უნებლიეთ, ფაქტობრივად, იგივე მიზანს ემსახურებოდა. იქ მცხოვრები ქართველების “ეკოემიგრანტებად მოხსენიება” არის მიზანმიმართული შეურაცხყოფა ამ ადამიანებისა. უფრო მეტიც, ეს სახელმწიფოებრივი დანაშაულია, რომელიც ემსახურება ყოფითი ინციდენტის მასშტაბის გაზრდას, მის ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაყვანის მცდელობას და ისედაც არასახარბიელო ეთნიკური ბალანსის მქონე რეგიონში ეთნიკურად ქართული მოსახლეობის დაკნინებას”, — დაწერა ჯაღმაიძემ და სწორედ ამ “უსამართლობით” ახსნა მოსახლეობის მხრიდან ჟურნალისტებისადმი გამოვლენილი აგრესიის საფუძველი.

ანდრია ჯაღმაიძის შეფასებამ “ეთნიკურად არასახარბიელო ბალანსის მქონე რეგიონის” შესახებ კრიტიკა გამოიწვია. თეოლოგ ბექა მინდიაშვილის შეფასებით, ზუსტად ამ პოზიციით ღვივდება ეთნიკური შუღლი.

“ამ სიტყვებს იყენებს დმანისთან მიმართებით საპატრიარქოს ოფოციალური ხმა, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. ეს სიტყვები აუცილებლად უნდა დაგმოს საპატრიარქომ, უნდა დაგმოს მთავრობამ, ხოლო საზოგადაოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა აუცილებლად ბოდიში უნდა მოიხადოს და დატოვოს თანამდებობა. სწორია ასე მოქცევა, მაგრამ, ცხადია, ამას არ გააკეთებენ”, — წერს მინდიაშვილი.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) შეშფოთება გამოხატა ანდრია ჯაღმაიძის  განცხადებასთან დაკავშირებით და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეაფასოს და დაგმოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის განცხადება.

“მიგვაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეების “არასახარბიელო” ეთნიკური კუთვნილების მქონე ჯგუფად მოხსენიება შეურაცხმყოფელია, აძლიერებს ეთნიკურ და რელიგიურ შეუწყნარებლობას, ხელს უწყობს შუღლის გაღვივებას და კიდევ უფრო მეტად ახალისებს ძალადობას. თავის პოზიციაში დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჟურნალისტების მიმართ აგრესიის გამოხატვის გამართლებასაც ცდილობს. უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების ძალადობრივმა ქმედებებმა, მედიის წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივებამ, ჟურნალისტებზე თავდასხმამ ან მათზე თავდასხმის გამართლებამ საგანგაშო ხასიათი მიიღო. საქართველოს საპატრიარქოს არცერთი ძალადობრივი ქმედება არ დაუგმია და საჯაროდ ბოდიში არ მოუხდია საზოგადოების წინაშე”, — ნათქვამია TDI-ის განცხადებაში.

TDI საქართველოს საპატრიარქოს მოუწოდებს, გაიაზროს საკუთარი, როგორც გავლენიანი რელიგიური ინსტიტუტის, პასუხისმგებლობა და როლი, დაგმოს დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის სიძულვილის ენის შემცველი პოზიცია და შეწყვიტოს საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივება.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა ანდრია ჯაღმაიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განმარტება დაამატა. დარედაქტირებულ პოსტში ჯაღმაძე წერს, რომ არასახარბიელო ეთნიკური ბალანსის მქონე რეგიონში გულისხმობს ეთნიკურ საფუძველზე რამე ინციდენტისაგან განსაკუთრებით მოსაფრთხილებელ გარემოს.

დმანისში ადგილობრივ ქართველ და აზერბაიჯანულ თემებს შორის დაპირისპირება დაახლოებით ორი დღე გაგრძელდა და საბოლოოდ, ორი ჯგუფის წარმომადგენლების შერიგებით დასრულდა.

საჯაროდ შერიგება დმანისში [ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი