ახალი ამბები

დმანისში მოძრავ მანქანას თავს დაესხნენ და დააზიანეს

17 მაისი, 2021 • 1583
დმანისში მოძრავ მანქანას თავს დაესხნენ და დააზიანეს

დმანისის შესასვლელში, სადაც სამანქანო გზა პოლიციის ავტობუსით არის გადაკეტილი და პოლიციის კორდონიც იდგა, მანქანას თავს დაესხნენ. უცნობია, ვინ მართავდა მანქანას და დაშავდა თუ არა ვინმე შემთხვევის დროს.

როგორც ტელევიზიების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, მანქანა ჯერ პოლიციის კორდონს არღვევს, შემდეგ ჩერდება, მას უახლოვდებიან აგრესიული ადამიანები და აზიანებენ. ამის შემდეგ ავტომობილი გადაადგილებას ცდილობს, ეჯახება პოლიციის ავტობუსს და შემდეგ უკან იხევს, თუმცა, უშედეგოდ. იქ შეკრებილები მანქანაზე აძვრნენ, დააზიანეს და მინები დაუმსხვრიეს.

ნეტგაზეთი მომხდარის შესახებ დეტალების გარკვევას შინაგან სამქეთა სამინისტროში ცდილობს. უწყებაში აცხადებენ, რომ ჯერ დეტალებს არკვევენ.

დმანისში საქართველოს მოქალაქეებს – ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელებს შორის ორი დღეა, დაპირისპირებაა. გუშინ, 16 მაისს მედიაში გავრცელდა სათვალთვალო კამერის მიერ დაფიქსირებული კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ჩხუბობს მოქალაქეთა ორი ჯგუფი ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიასთან. მაღაზიის მფლობელის თქმით, კონფლიქტი ეთნიკურად ქართველი მოქალაქეების მხრიდან ლუდის “ნისიად” ყიდვის თხოვნას და მასზე უარს მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისში მიმდინარე დაპირისპირებაზე განცხადება გაავრცელა და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, რათა კონფლიქტი ეთნიკურ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი