ახალი ამბები

გურამ ფალავანდიშვილმა 17 მაისთან დაკავშირებული ინსტალაცია დააზიანა

15 მაისი, 2021 • 1516
გურამ ფალავანდიშვილმა 17 მაისთან დაკავშირებული ინსტალაცია დააზიანა

აქტივისტების ინფორმაციით, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დედაენის ბაღში წარმოდგენილი ინსტალაცია გურამ ფალავანდიშვილმა დააზიანა.

როგორც ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა აქტივისტმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, ფალავანდიშვილმა წააქცია ფერადი ინსლატაცია, რომელიც დედაენის ბაღში 15 მაისს, შუადღეზე დადგეს.

აქტივისტის თქმით, ადგილზე მყოფებმა მიმდებარედ მყოფ პოლიციას სთხოვეს დახმარება, თუმცა სამართალდამცავებისგან სათანადო რეაგირება არ ყოფილა.

ფალავანდიშვილმა, რომელიც “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარედ პოზიციონირებს და ჰომოფობიურ აქტივობებში ხშირად მონაწილეობს, “ნეტგაზეთს” ინფორმაცია დაუდასტურა და თავისი ქმედების მიზეზად ინსლატაციის შინაარსი დაასახელა. მისივე თქმით, ამჟამად დაკითხვაზე გადაჰყავთ.

დაზიანებული ინსტალაცია. ფოტო: თამაზ სოზაშვილი

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა “თბილისი პრაიდმა” და შსს-სგან ფალავანდიშვილის დაკავება მოითხოვა. აქტივისტები ასევე მოუწოდებენ სახელმწიფოს, დაიცვას ადამიანების ჯანმრთელობა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.

“ნეტგაზეთი” დეტალების დაზუსტებას შსს-ში ცდილობს.

ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან(17 მაისი) დაკავშირებით შსს-მ განცხადება გუშინ გაავრცელა. უწყების თანახმად, 15-20 მაისს, თბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სხვადასხვა სახის ღონისძიებაა დაგეგმილი.

“საჯარო სივრცეში დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, ორგანიზატორების წერილობითი მომართვის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათთან კომუნიკაციისას განიხილა უსაფრთხოების დაცვის მექანიზმები და ღონისძიებების ჩატარების ალტერნატიული ადგილები, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ღონისძიების გასამართი ადგილი უცვლელი დარჩა.

პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს”, — ამბობდა უწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი