ახალი ამბებისაზოგადოება

რომანო პროდის ფორმულა საქართველოსთვის — რა ინიციატივა აქვს კუბილიუსს

18 მაისი, 2021 • 3667
რომანო პროდის ფორმულა საქართველოსთვის — რა ინიციატივა აქვს კუბილიუსს

“ყველაფერი ინსტიტუტების გარდა” — ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტის, რომანო პროდის ამ ფორმულის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების მიმართ გამოყენების ინიციატივით გამოდის ევროპარლამენტარი, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი. მისი აზრით, ევროკავშირმა EaP-ის სამ ქვეყანას — საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას, რომელთაც ევროკავშირთან გაფორმებული აქვთ ასოცირების შეთანხმებები, მაგრამ არა აქვთ გაწევრიანების პერსპექტივა თუ კანდიდატის სტატუსი, — ახალი ინსტრუმენტი, შუალედური სტატუსი უნდა შესთავაზოს. რას ფიქრობენ ამ ინიციატივაზე თბილისსა და ბრიუსელში?

დასავლეთ ბალკანეთი VS აღმოსავლეთ პარტნიორობა

დაფუძნების შემდეგ ევროკავშირმა გაფართოების 7 ტალღა გაიარა. ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც პატივს სცემს და ხელს უწყობს ისეთი ფასეულობებს, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და ა.შ. უფლება აქვს, შეიტანოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ევროკომისია შეაფასებს, რამდენად აკმაყოფილებს აპლიკანტი კოპენჰაგენის კრიტერიუმებს, რომელიც მოიცავს სტაბილურ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ფუნქციონირებად საბაზრო ეკონომიკასა და ევროკავშირის კანონმდებლობის დანერგვას. დადებითი დასკვნის შემთხევაში, იწყება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, რომელიც გრძელვადიანი და რთული პროცესია. მოლაპარაკების დასრულების შემდეგ კი, გაწევრიანების უფლების მინიჭება ევროპული საბჭოს სრული შემადგენლობის და ევროპარლამენტის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერას საჭიროებს.

ამ დროისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები არიან ალბანეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი, ხოლო პოტენციურ კანდიდატებს განეკუთვნებიან ბოსნია და ჰერცოგოვინა და კოსოვო. თურქეთს წევრობაზე განაცხადი ჯერ კიდევ 1987 წელს აქვს გაკეთებული და მოლაპარაკებები 2005 წელს დაიწყო, თუმცა თურქული დემოკრატიის გამოწვევების გამო პროცესის ფინალი ბუნდოვანია. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომელთაც ევროკავშირთან გაფორმებული აქვთ სტაბილიზაციისა და ასოცირების შესახებ შეთანხმებები (SAA), გააჩნიათ ე.წ. ევროპული პერსპექტივა, ანუ გაწევრიანების დაპირება.

ბრიუსელში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ, CEPS-მა, რომელიც ევროკავშირის საკითხებზე წამყვან კვლევით ცენტრს და ფორუმს წარმოადგენს, ცოტა ხნის წინ შეადარა ბალკანეთის ექვსი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროინტეგრაციის შედეგები. კვლევაში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორებთან დადებული ასოცირების შეთანხმებები, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით (AA/DCFTA), პრაქტიკულად, უფრო ყოვლისმომცველი, დეტალური და იურიდიულად ზუსტია, ვიდრე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სტაბილიზაციისა და ასოცირების შესახებ შეთანხმებები (SAA). აღნიშნული შეთანხმებების იმპლემენტაციის, ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიშების, საერთაშორისო რეიტინგებისა და სხვა მონაცემების ანალიზის საფუძველზე, კვლევამ აჩვენა, რომ დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ქვეყნის — საქართველო, მოლდოვა და უკრაინა — პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმების საერთო საშუალო რეიტინგი თითქმის ერთნაირია. ბალკანეთიდან საუკეთესო შედეგები მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას და სერბეთს აქვთ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან — საქართველოს.

კვლევამ საფუძველი დაუდო დისკუსიას იმის შესახებ, თუ რამდენად სამართლიანია, როდესაც მეტ-ნაკლებად ერთნაირი შედეგების პირობებში, ევროკავშირი დასავლეთ ბალკანეთს სთავაზობს გაწევრიანების პერსპექტივას, აღმოსავლეთ პარნტიორობის ქვეყნებს კი — არა.

“მიზეზები, ალბათ, განსხვავებულია, მაგრამ ასეთი მიდგომა ქმნის გარკვეულ დაბნეულობას და, ვშიშობ, ამ დაბნეულობამ შეიძლება, ნეგატიური როლი ითამაშოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან, მინისტრებთან საუბრებში ზოგჯერ მომისმენია, როგორ კარგავენ იმედს, რომ გარკვულ დროში, 15 ან 20 წელიწადში, ეს ქვეყნები შეძლებენ სრულ ინტეგრაციას ევროკავშირში”, — განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ღია საზოგადოების ფონდების ბრიუსელის და საქართველოს ოფისების ინიციატივით და ევროპარლამენტარ პეტრას ოსტრიავიჩუსის პატრონაჟით გამართულ ონლაინ-დისკუსიაზე “როგორ შეიძლება საქართველომ აღადგინოს პოლიტიკური სტაბილურობა და შეუდგეს რეფორმებს?!”

ანდრიუს კუბილიუსის ინიციატივა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი ამბობს, რომ ევროკავშირი მზად არ არის გაფართოებისთვის — მთელი რიგი პრობლემები აქვს გადასაჭრელი შიგნით, ასევე, გამოწვევები არსებობს გადაწყვეტილების მიღების პროცედურის მხრივ. ამ პრობლემების გადაჭრამდე და იმ ვითარებაში, როცა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას თავად დასავლეთ ბალკანეთის გაწევრიანების საკითხიც, კუბილიუსის თქმით, საჭიროა, ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ მოწინავე ქვეყანას მკაფიო ფორმულირება შესთავაზოს იმის შესახებ, თუ რა მიზნის მიღწევა შეუძლიათ ამ ათეული წლის განმავლობაში.

კუბილიუსის აზრით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროინტეგრაციის ახალი გზა შეიძლება იყოს გარკვეული შუალედური სტატუსის მიღება, რომელიც რომანო პროდის ხედვას დაეფუძნება. რომანო პროდი იტალიელი პოლიტიკოსია, რომელიც 1999-2004 წლებში ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. ამ პერიოდს უკავშირდება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ჩამოყალიბება აღმოსავლეთ და სამხრეთ მეზობლების მიმართ. პროდი ამბობდა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს, მეზობელ სახელმწიფოებს შესთავაზოს პარტნიორობაზე მეტი და წევრობაზე ნაკლები, კერძოდ, გაუზიაროს ყველაფერი, ინსტიტუტების გარდა. კუბილიუსი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირს სჭირდება თამამი გეოპოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა და საკუთარი როლის გაძლიერება რეგიონში, რომლის ქვეყნები რუსეთთან ღია თუ ფარულ ომში არიან ჩართული.

“მზადაა ევროკავშირი, დასავლეთ ბალკანეთის ინტეგრაციის ინსტრუმენტები მიმართოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისკენაც? დროა, ამ კითხვას პასუხი გაეცეს. [კვლევაში] შემოთავაზებულია ევროკავშირთან უფრო ახლო ასოცირებისა და ინტეგრაციისთვის ახალი იმპულსის მიცემის შესაძლებლობათა დიდი დიაპაზონი, ან როგორც მე მას ვეძახი, წინმსწრები წევრობის ინსტრუმენტები”, — ამბობს კუბილიუსი.

ანდრიუს კუბილიუსის მხარდაჭერით შექმნილ CEPS-ის კვლევა ჩამოთვლის წინადადებებს, რომელიც ევროკავშირმა შეიძლება შესთავაზოს ტრიოს (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) ქვეყნებს:

  • სრული წვდომა შიდა ბაზარზე;
  • ევროკავშირის რიგ სექტორალურ გაერთიანებებთან მიერთება, როგორიცაა ენერგოკავშირი, საბაჟო კავშირი, საბანკო კავშირი, ციფრული კავშირი;
  • ევროკავშირის პოლიტიკაში მონაწილეობა ხმის უფლებების გარეშე;
  • სრუქტურულ ფონდებზე წვდომა.

“ვფიქრობ, გარკვეული შუალედური სტატუსის მინიჭებამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის შეიძლება პრაქტიკული პერსპექტივა შექმნას. ეს არის ევროკაშირის სრულ წევრობამდე წევრობის თითქმის ყველა სარგებელის მიღება”, — ამბობს კუბილიუსი და ელის, რომ აღნიშნული ინიციატივა განხილული იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს.

რას ფიქრობენ ბრიუსელში და თბილისში

კუბილიუსი საუბრობს ევროპარლამენტარების მზადყოფნაზე, საკუთარი როლი შეასრულონ ევროკავშირის მიერ თამამი გეოპოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისთვის. თუმცა დისკუსია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შუალედური სტატუსის შესახებ ევროკავშირის აღმასრულებელ სტრუქტურებში არ მიმდინარეობს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა ღია საზოგადოების ფონდების დისკუსიაზე საქართველოს ევროინტეგრაციის უახლოეს მომავალთან დაკავშირებით მხოლოდ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით ისაუბრა.

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილისთვის კუბილიუსის ინიციატივა საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ის დღის წესრიგში შეინარჩუნებს საქართველოს გაწევრიანების საკითხს, თუმცა ამ მიზნის მიღწევას თბილისი “გამოცდილი გზით”, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანითა და შემდეგ მოლაპარაკებების ტრადიციული პროცესის წარმართვით გეგმავს.

“ასოცირების შეთანხმება იმდენად ღრმა და ყოვლისმომცველია, რომ ფარავს ყველა მიმართულებას, ევროკავშირთან გაახლოებს ისეთ დონეზე, რომ მერე ბევრი არაფერი რჩება შესასრულებელი, თუმცა მას არ მოჰყოლია შესაბამისი მექანიზმები, რაც მოჰყვება კანდიდატობას. ხშირად წამოწეულა საკითხი, რა მივცეთ ასოცირებულ ქვეყნებს იმაზე მეტი, ვიდრე აქვთ. ამ ინიციატივასაც განვიხილავ ერთადერთ ჭრილში — თუკი დაეხმარება საქართველოს, რომ უფრო მალე მივიდეს ევროკავშირის წევრობამდე და ექნება მხარდაჭერა ევროკავშირში, ჩვენთვის იქნება საინტერესო და ხელჩასაჭიდი”, — ამბობს ბოჭორიშვილი “ნეტგაზეთთან”, თუმცა დასძენს, რომ ამ ეტაპზე შუალედური სტატუსის შესახებ ინიციატივის განხილვები ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებში არ მიმდინარეობს.

ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ვანო ჩხიკვაძე მიიჩნევს, რომ შუალედური სტატუსის შესახებ ინიციატივის დადებითი და უარყოფითი მხარეები გასაანალიზებელი და დასათვლელია.

“ეს ახალი ინიციატივა არ არის, რომანო პროდი ამაზე ჯერ კიდევ 2002-03 წლებში საუბრობდა, თუმცა ასეთი მიდგომა არცერთი ქვეყნის მიმართ არ გამოყენებულა. ინიციატივას აქვს დადებითი მხარები და უარყოფითი მხარეებიც. დადებით მხარეებში აღსანიშნავია, რომ საქართველოს შესაძლებლობა ექნება, ჩაერთოს ევროკავშირის სხვადასხვა ინიციატივაში, სხვადასხვა პროგრამებში, ასევე, ჰქონდეს წვდომა ფინანსურ რესურსებზე”, — ამბობს “ნეტგაზეთთან” ვანო ჩხიკვაძე.

უარყოფით მხარე კი, ჩხიკვაძის აზრით, ისაა, რომ საქართველო ვერ იქნება ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

“ზოგადად, ცუდი ინიციატივა არ არის. შეგვიძლია განვიხილოთ როგორც შუალედური ინიციატივა ევროპული პერსპექტივის მიღებამდე — ევროპული პერსპექტივა უფრო მეტია, ვინაიდან წარმოადგენს დაპირებას, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. ძალიან უხეშად შეიძლება შევადაროთ ევროპის ეკონომიკური სივრცის წევრობას, როგორც არიან, მაგალითად, ნორვეგია, ლიხტენშნტეინი, მაგრამ გასაანალიზებელია, რამდენად მისაღებია ჩვენთვის ამ ეტაპზე, როდესაც გაწევრიანების პერსპექტივაზე და აღმოსავლეთით გაფართოებაზე საუბარი პრაქტიკულად არ მიმდინარეობს. შეიძლება შუალედურ რგოლს წარმოადგენდეს, სანამ ევროკავშირი ჩამოაყალიბებს თავის პოზიციას აღმოსავლეთით გაფართოებაზე. დამატებითი რისკია, რომ ამ პოლიტიკის არსებობის პირობებში შეიძლება ევროკავშირმა დამატებით აღარაფერი შესთავაზოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს და ისინი გაჩერდნენ იქ, სადაც იქნებიან — ჰქონდეთ ყველაფერზე წვდომა, გარდა ევროკავშირის ინსტიტუტებისა. ამიტომ დასათვლლია, ეს შემოთავაზება რამდენად ეღირება”, — ამბობს ჩხიკვაძე.

მიუხედავად იმისა, რა განვითარებას პოვებს კუბილიუსის ინიციატივა და რა კონტურები გამოიკვეთება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, საქართველო გააკეთებს ევროკავშირში გაწვერიანებაზე განაცხადს 2024 წელს.

“ახალი იდეები კარგია, იმიტომ, რომ გაფართოების თემას წევს წინ. ანდრიუს კუბილიუსს ეს მოსაზრება აქვს. სხვას, შეიძლება, სხვა მოსაზრება გააჩნდეს. მისასალმებელია, რომ ამ გზით საქართველოს საკითხი რჩება დღის წესრიგში. მნიშვნელოვანია, რომ ახლა ხდება ასეთი ინიციატივების წამოწევა, ვინაიდან სამიტისთვის ბრიუსელიც მზად უნდა იყოს, თუ რას სთავაზობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, რა ახალი შესაძლებლობები შეიძლება გაჩნდეს წელს და არა — 2024 წელს. 2024 წელს ჩვენი მხრიდან ისედაც ვაყენებთ ახალ რეალობას, მაგრამ მანამდე ბევრი დროა. შესაბამისად, ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება ამ დროში გამოჩნდეს, ჩვენთვის სიანტერესო უნდა იყოს”, — მიიჩნევს მაკა ბოჭორიშვილი.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებას გაცხადებული აქვს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს 2024 წელს გააკეთებს. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის სამი მოწინავე ქვეყანა მაქსიმალურად ცდილობს,ერთიან პოზიციონირებას ბრიუსელში, ვინაიდან “სამი ხმა უფრო ძლიერია”, ვიდრე თითოეული ცალ-ცალკე.

ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ “ასოცირებული ტრიოს” ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება. მემორანდუმის ხელმოწერით სამი ქვეყნის საგარეო უწყებები თანხმდებიან ერთობლივი საკოორდინაციო და თანამშრომლობის ფორმატის – “ასოცირებული ტრიოს” დაფუძნების თაობაზე, რომლის მიზანი სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავებაა.

საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ “ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი გააფორმეს

მასალების გადაბეჭდვის წესი