ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მაკრონის პოსტი სომხურ ენაზე – აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ უნდა დაიხიოს უკან

14 მაისი, 2021 • 1655
მაკრონის პოსტი სომხურ ენაზე – აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ უნდა დაიხიოს უკან

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სომხურენოვანი პოსტით გამოეხმაურა ბოლო დღეებში სომხეთის სამხრეთ რეგიონში, სიუნიქში შექმნილს დაძაბულობას, რა დროსაც სომხეთი აზერბაიჯანს ბრალს დებს საკუთარ ტერიტორიაზე 3.5 კილომეტრით უკანონო შეღწევაში.

„აზერბაიჯანულმა შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს სომხეთის ტერიტორია. მათ დაუყოვნებლივ უნდა დაიხიონ უკან. კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა სომეხ ხალხს, საფრანგეთი მათ უცხადებს სოლიდარობას და ეს ასე შენარჩუნდება”, – წერია ემანუელ მაკრონის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში, რომელიც მან ერევნის დროით 14 მაისის ღამეს გამოაქვეყნა.

“სახელმწიფო საზღვრის დარღვევა 3.5 კილომეტრით”

მანამდე, სომხეთის აწ უკვე პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ინციდენტი, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, სიუნიქის პროვინციაში მოხდა, იყო აზერბაიჯანის მიერ დადგმული პროვოკაცია.

მან ეს განცხადება დღეს, 13 მაისს გააკეთა.

“რაც მოხდა სიუნიქში, იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია, რადგან აზერბაიჯანულმა მხარემ წინასწარ მოიტანა ყალბი რუკები, რათა დაემტკიცებინათ, რომ ისინი იყვნენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. სომხეთის სუვერენული ტერიტორია არ უნდა იყოს დარღვეული და აზერბაიჯანელი ძალები უნდა დაბრუნდნენ საკუთარ საწყის პოზიციებზე”, – განაცხადა ფაშინიანმა.

ფაშინიანის განცხადებას წინ უძღოდა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ აზერბაიჯანის სამხედრო ძალები შეეცადნენ განეცორციელებინათ “გარკვეული აქტივობები” სიუნიქის პროვინციაში, რაც მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც სომხურმა ძალებმა შესაბამისი ზომები მიიღეს. ფაშინიანის მიხედვით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დაარღვიეს სომხეთის საზღვარი და 3.5 კილომეტრის მანძილზე შევიდნენ სომხეთის ტერიტორიაზე.

ბაქოს პოზიცია სიუნიქის კრიზისზე

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, “გასაგები მიზეზების გამო” სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვარი არ ყოფილა შეთანხმებული, რაც სწორედ ახლა მიმდინარეობს.

“განმაცვიფრებელია, სომხურმა მხარემ არაადეკვატურად მოახდინა რეაგირება და გააკეთა პროვოკაციული განცხადებები. ჩვენ გვჯერა, რომ ოფიციალური წრეების  მცდელობები, რომ გამოიყენონ ეს საკითხი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის წინასაარჩევნო პერიოდში, არის მიუღებელი”, – ნათქვამია აზერბაიაჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

“12 მაისის შემდეგ სახელმწიფო საზღვრის სამსახურის ხელმძღვანელობა გაიგზავნა შემთხვევის ადგილზე. მოლაპარაკებები მიმდინარეობს მეორე მხარის მესაზღვრეებთან და იდგმება შესაბამისი ნაბიჯები სიტუაციის ნორმალიზებისთვის.

ჩვენ რეკომენდაციით მივმართავთ სომხეთის პოლიტიკურ და სამხედრო წრეებს, ნუ შეშფოთდებიან, მიიღონ სახელმწიფოთა შორის არსებული საზღვრის რეალობა და უმიზეზოდ ნუ დაძაბავენ სიტუაციას რეგიონში. ამგვარი საკითხები შესაძლებელია გადაწყდეს ერთობლივი კონტაქტებით ორივე მხარის სამხედროებს შორის”, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


სიუნიქის პროვინცია სომხეთის უკიდურესი სამხრეთით მდებარეობს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სომხეთსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის საზღვრის ამ მონაკვეთის დემილიტაცია-დემარკაცია არ მომხდარა, რადგან საზღვრის ორივე მხარეს სომხური ძალები აკონტროლებდნენ.

ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, ბაქოს აქამდე დაფიქსირებული პოზიციის თანახმად, აზერბაიჯანულმა ძალებმა დაიწყეს საკუთარი საზღვრის დაკავება საბჭოთა კავშირის დროს გამოცემული რუკების მიხედვით.

მასალების გადაბეჭდვის წესი