ახალი ამბები

PHR: გაერომ მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა

7 მაისი, 2021 • 1854
PHR: გაერომ მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა

არასამთავრობო ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” [PHR] ცნობით, გაერომ საქართველოს მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში ყველა შესაბამისი უწყების მიერ მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.

PHR-ის ინფორმაციით, გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც ორგანიზაციის 5 მაისის საჩივარი დააკმაყოფილა.

“აღნიშნულ დროებით ზომას გაერო მხოლოდ ისეთ შემთხვევაში იყენებს, როდესაც სახეზეა საგანგებო ვითარება, ბავშვების მიმართ გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საფრთხე. ამასთან, შეტყობინების პროცედურების შესახებ ბავშვის უფლებათა კონვენციის დამატებითი ოქმის მე-6 მუხლის საფუძველზე კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოშობს სახელმწიფოს სამართლებრივ ვალდებულებას, შეასრულოს ის”, – ნათქვამია PHR-ის განცახებაში.

სახალხო დამცველმა 16 აპრილს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, მათი რწმუნებულები არ შეუშვეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში.

უწყება გავრცელებულ განცხადებაში წერდა, რომ ამის მიზეზად დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოს სპირიდონის მითითება დაასახელა.

“ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში 2021 წლის 15 აპრილს სახალხო დამცველს არ მიეცა შესვლისა და კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების, ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ 2015, 2018 წლებში სახალხო დამცველის ანგარიშში ბავშვთა მიმართ ძალადობის უმძიმესი ფორმები აისახა, საქართველოს მთავრობამ მათი შესვლა ბავშვთა დაწესებულებაში არ უზრუნველყო. 2020 წლის 20 ივნისიდან კი პანსიონატში არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკი შესულა.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციამ დროებითი ღონისძიების გამოცემის მოთხოვნით თბილისის საქალაქოს სასამართლოსაც მიმართა, თუმცა სასამართლომ ბავშვთა უფლებების დარღვევა და მონიტორინგის საჭიროება ვერ დაინახა. შესაბამისად, მოსამართლე ბაია ოტიაშვილმა ორგანიზაციის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა”, – წერია PHR-ის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 16 აპრილის მონაცემებით, პანსიონატში 57 არასრუწლოვანი ირიცხებოდა, მათგან ყველაზე პატარა კი 5 წლის იყო. უწყების ცნობით, დაწესებულებაში მონიტრონგის შესაძლებლობა არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს ეძლეოდა, რომელიც პანსიონში 2020 წლის ივნისის შემდეგ არ შესულა.

სახალხო დამცველი 16 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში წერდა, რომ სააგენტოს მიერ მიწოდებული ოფიციალური კორესპონდენციის თანახმად, მეუფე სპირიდონი პანსიონში სოციალური მუშაკის ვიზიტების წინააღმდეგი იყო. უწყების ცნობით, ეს ადგილზე სოციალურმა მუშაკმაც დაადასტურა.

გარეკანის ფოტო: “სამხრეთის კარიბჭე”

მასალების გადაბეჭდვის წესი