ახალი ამბები

კონფლიქტიდან 7 წლის შემდეგ: “მოხის ისტორიული მეჩეთი კვლავ გაპარტახებულია“

13 მაისი, 2021 • 2029
კონფლიქტიდან 7 წლის შემდეგ: “მოხის ისტორიული მეჩეთი კვლავ გაპარტახებულია“

ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის ადიგენის სოფელ მოხის სადავო ნაგებობის გარშემო განვითარებული კონფლიქტიდან 7 წლის შემდეგ შენობა კვლავ მიტოვებული და გაპარტახებულია, მისი მომავალი კი ისევ გაურკვეველია.

სპეციალურად შექმნილმა კომისიამ ორწლიანი მუშაობის შემდეგ მუსლიმებისთვის ახალი მეჩეთის აშენების რეკომენდაცია გასცა, ხოლო ძველი, სადავო შენობა, სადაც მუსლიმები ლოცულობდნენ, არცერთ მხარეს არ გადასცა.

სპეციალისტების თანახმად, შენობის განვითრების კონცეფციის შექმნა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დაევალა, თუმცა 2021 წლისთვის ასეთი კონცეფცია ჯერაც არ არის შექმნილი. შენობა მიტოვებულია.

მუსლიმი სასულიერო პირებისა და უფლებადამცველების შეფასებით, ეს სახელმწიფოს პოლიტიკის კიდევ ერთი გამოხატულებაა. რა პასუხი აქვთ პასუხისმგებელ ორგანოებს?

კონფლიქტის ისტორია

„ნეტგაზეთი“ ამ ამბავს 2014 წლიდანვე აშუქებს, — მას შემდეგ, რაც ვითარება დაიძაბა, თუმცა საკითხის ისტორია გაცილებით ძველია და მრავალ ასპექტს მოიცავს.

სოფელი მოხე ადიგენის მუნიციპალიტეტში, სამცხე-ჯავახეთში მდებარეობს. ბოლო აღწერის თანახმად, იქ 300-ზე ოდნავ მეტი ადამიანი ცხოვრობს, რომელთა უმეტესობაც მუსლიმია.

ამჟამინდელი მკვიდრი მუსლიმი მოსახლეობის წინაპრები 1975-80 წლებში დასახლდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მეჩეთი სოფელში 1927-34 წლებში ააშენეს მესხმა მუსლიმებმა.

შენობა, რომელსაც 1957 წლიდან კლუბის სტატუსი ჰქონდა, საბჭოთა პერიოდში დიდხანს გამოიყენებოდა საწყობად, ბიბლიოთეკად და სოფლის კლუბად. 2007 წლიდან  ადიგენის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხებოდა.

მოხეში მუსლიმები ღია ცის ქვეშ ლოცულობენ. ფოტო – TDI-ის ვიდეომასალიდან

მუსლიმი თემი შენობის კონსერვაციის ან რესტავრაციის თხოვნით, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ხელისუფლებას მიმართავდა ხოლმე, თუმცა მათ თხოვნას რაიმე კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია.

ვითარება მოხეში 2014 წელს დაიძაბა: მაისის ბოლოს სოფელ მოხეს მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას შენობის სამუფთო სამმართველოსთვის [მუსლიმების წარმომადგენლობისათვის] გადაცემის თხოვნით მიმართა.

რამდენიმე კვირაში მუსლიმმა თემმა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლისგან მიიღო წერილი, სადაც აღნიშნავდა, რომ „სადავო ქონება“ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ მხოლოდ „საჯარო ფუნქციებისა და უფლებამოსილების განხორციელების მიზნით“ შეიძლება გამოიყენოს.

პროტესტი

იმავე შემოდგომაზე, 2014 წლის 18 ოქტომბერს, შენობის დემონტაჟი დაიწყეს. ეს მაშინვე გააპროტესტეს ადგილობრივმა მუსლიმებმა. შედეგად მშენებლებმა — ტენდერში გამარჯვებული კომპანიის თანამშრომლებმა — სოფელი დატოვეს.

ამას, თავის მხრივ, ქრისტიანი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. სოფლის ცენტრში შეკრებილი ქრისტიანები ამბობდნენ, რომ არ დაუშვებდნენ შენობის მუსლიმთა სამმართველოსთვის გადაცემასა და ამ ადგილას მუსლიმური საკულტო ნაგებობის აშენებას.

ამასობაში საქმეში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც ჩაერთო: ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის, მეუფე თეოდორეს განცხადებით, XVI საუკუნეში აღნიშნულ ადგილას ქრისტიანული ტაძარი იყო, 1920-იან წლებში ეკლესიების ნგრევისა და მეჩეთების მშენებლობის შემდეგ კი სადავო შენობის ადგილას მეჩეთის მშენებლობა დაიწყო.

6 დღეში, 2014 წლის 22 ოქტომბერს, სოფელ მოხეში მშენებლებმა მეჩეთის დემონტაჟი განაახლეს. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, დემონსტრანტი მუსლიმების წინააღმდეგ, — რომლებიც ხელისუფლების მოულოდნელ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, – პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და უხეშად დაარღვია მათი უფლებები [ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრეს]. ინციდენტის დროს სოფელ მოხეში პოლიციამ 14 პირი დააკავა.

საბოლოოდ, დაპირისპირების ფონზე, რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოსთან — რომელიც უშუალოდ პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება — შეიქმნა კომისია, რომელსაც სადავო შენობის საკითხი უნდა შეესწავლა და გადაწყვეტილება მიეღო.

რა დაადგინა კომისიამ?

მოხის კომისიამ 2016 წლის 3 ნოემბერს, არაერთი შეკრების შემდეგ, გამოაცხადა, რომ სადავო ნაგებობა არ გადაეცემოდა არც მუსლიმ და არც ქრისტიან მრევლს, სამომავლოდ კი კულუტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შეიმუშავებდა კონცეფციას, თუ რა ფუნქცია შეიძლებოდა დაკისრებოდა შენობას.

ამასთან, პირველ დეკემბერს მოხის კომისიამ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ მოხეში მცხოვრებ მუსლიმებს სახელმწიფო ახალ მეჩეთს აუშენებდა. ეს გადაწყვეტილება ადგილობრივ მუსლიმებს არადამაკმაყოფილებლად მიაჩნდათ, რადგან ძველი შენობის ისტორიისა და კუთვნილების საკითხი გაურკვეველი რჩებოდა.

ლოცვა ყინვაში

იმ ზამთარში მუსლიმებმა მაინც დაიწყეს ლოცვა სადავო შენობაში, — მხოლოდ სამი დღე, — რასაც სახელმწიფომ კარის აჭედვით უპასუხა.

ამის შემდეგ, მთელი ზამთრის განმავლობაში, ადგილობრივებმა არაერთხელ აღავლინეს ლოცვა ნაგებობის გარეთ, ყინვაში. შექმნილი ვითარება არასამთავრობოებმა რელიგიური თავისუფლების უხეშ შეზღუდვად შეაფასეს.

კომისიამ მუშაობა ოფიციალურად 2017 წელს დაასრულა და 11 მაისის გადაწყვეტილებით, მოხის სადავო ნაგებობა სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა [ქონების მართვის სააგენტოს ბალანსზე].

სადავო ნაგებობა მოხეში, ფოტო: ნეტგაზეთი. 2016 წელი

ამასთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა, რომ შენობა კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდოდა და მასზე სააგენტო იზრუნებდა, რომელიც ძეგლის მოვლისა და დაცვის ვალდებულებას იღებდა.

რა ხდება ახლა?

2021 წლის შემოდგომაზე მოხის კონფლიქტიდან 7 წელი შესრულდება. სოფელში ახალი მეჩეთი აშენდა, სადაც ახლა იქაური მუსლიმები ლოცულობენ. თუმცა ისტორიულ შენობასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა:

„კომისიის მუშაობის დასრულებისას სახელმწიფომ განაცხადა, რომ მის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობას კულტურისა და ძეგლთა სამინისტრო [სააგენტო] აიღებს. თუმცა ეს ისტორიული ნაგებობა, მოხის მეჩეთი, კვლავ ასე გაპარტახებული, უპატრონოდ არის მიტოვებული სოფელში“, – ამბობს „ნეტგაზეთთან“ საუბარში ჯამბულ აბულაძე, „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმდჯომარე, რომელიც 2014 წლიდან მონაწილეობდა განვითარებულ მოვლენებში.

„მოხის მეჩეთი ისევ და ისევ ისეთ მდგომარეობაშია, არანაირი ცვლილება არ არის, არანაირი წინსვლა არ არის; უბრალოდ შემოღობეს გარშემო და გაიყინა ეს თემა“, – გვეუბნება ჯამბულ აბულაძე. ის ამავე დროს მოხიდან 5 კმ-ით დაშორებული სოფლის, ჭელას მეჩეთის იმამია.

ჯამბულ აბულაძე. “სამხრეთის კარიბჭის” ფოტო

„ნეტგაზეთი“ 8 მაისს დაუკავშირდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს კითხვით, შეიმუშავეს თუ არა ძეგლის განვითარების კონცეფცია. უწყებისგან ოფიციალური პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. ასეთი კონცეფცია საჯაროდ არ იძებნება.

„ახალი მეჩეთი კი აშენდა, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ძეგლის ისტორია გარკვეულიყო, ამ მხრივაც მნიშვნელოვანი იყო თემისათვის“, – გვეუბნება იმამი ჯამბულ აბულაძე და დასძენს, რომ „უკმაყოფილების შეგრძნება არ გამქარალა“.

„საერთო კულტურული სივრცე“?

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ (ყოფილი EMC-ის) თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ 2017 წლის მაისში მიღებული გადაწყვეტილება უკვე აჩვენებდა, რომ მთავრობა ვერ მოახერხებდა ამ საკითხის გადაწყვეტას, რადგან „დავის მთავარ საგანს, რაც ძეგლის ისტორიული და კონფესიური კუთვნილების შესწავლას უკავშირდებოდა, გადაწყვეტა ვერ მოუძებნა“.

მიქელაძის თანახმადვე, მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმებისთვის სალოცავი ადგილის საკითხი ახალი მეჩეთის აშენებით მოგვარდა, „ისტორიული, ძველი მეჩეთის საკითხი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, მათი იდენტობისა და თვითმყოფადობის დაცვის საკითხი, მოუგვარებელი დარჩა და ამ გარემოებამ კონფლიქტი დააკონსერვა“.

„სახელმწიფოს არ აღმოაჩნდა მისი განვითარების იმგვარი ხედვა, რომელიც, ერთი მხრივ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინტერესებს უპასუხებდა და, ამავდროულად, ამ ძეგლის მომავალს მინიმუმ მულტიკულტურული რელიგიათაშორისი დიალოგის და მრავალფეროვნების წახალისების სივრცედ აქცევდა“, – ამბობს თამთა მიქელაძე.

ასეთი სივრცე, მისი თქმით, შესაძლოა ყოფილიყო ისლამური და ქრისტიანული კულტურის საერთო სივრცე, მაგალითად, საგამოფენო სივრცე, საერთო ღონისძიებების სივრცე, რომელიც „ამ თანაარსებობის მრავალფეროვნებას აჩვენებდა“.

„თუკი კონცეფცია ასეთი იქნებოდა, შესაძლოა, ძალიან საინტერესო გზა ყოფილიყო პრობლემის მოგვარების, კონფლიქტის გადაჭრისთვის. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, მუსლიმი თემის და მუსლიმი ორგანიზაციების რეალური ნება და არჩევანი უნდა ყოფილიყო, იმიტომ, რომ მათ აქვთ უფლება, ისტორიული ძეგლები დაიბრუნონ“, – გვეუბნება თამთა მიქელაძე.

„გავერანებული მეჩეთი, როგორც სახელმწიფოს დამოკიდებულების სიმბოლო“

თამთა მიქელაძის თანახმად, მოხის მეჩეთის ახლანდელი ყოფა სახელმწიფოს დამოკიდებულების ერთგვარ სიმბოლოდაც შეიძლება აღვიქვათ:

„ასეთი ვითარება, — რკინის ღობით შემოსაზღვრული, მიგდებული და გავერანებული სივრცე სიმბოლურად აჩვენებს, თუ როგორია საერთო სახელმწიფო მგრძნობელობა და ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით“.

„ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარე, იმამი ჯამბულ აბულაძე გვეუბნება, რომ მსგავსი ვითარება მხოლოდ მოხის მეჩეთთან დაკავშირებით არ დგას:

„მხოლოდ მოხის მეჩეთზე არ არის საუბარი. სამცხე-ჯავახეთში უამრავი ისტორიული მეჩეთია, რომლებიც გადაცემულია სახელმწიფოსთვის, რომელიც არაფერს აკეთებს მათ შესანარჩუნებლად“.

თამთა მიქელაძეც ამბობს: „მოხესთან დაკავშირებით არსებითი პრობლემა რაც იყო, — სადავოდ გამხდარი ძეგლების საკუთრების საკითხი, — პოზიტიურად უნდა გადაწყვიტოს ხელისუფლებამ, იმიტომ, რომ ეს ბევრი რელიგიური ორგანიზაციის პრობლემას ეხება, მაგალითად, კათოლიკებისა და სომხების არაერთ ძეგლზე არსებობს ასეთი დავა, თუ ვისია ესა თუ ის შენობა, მისი კონფესიურ-ტერიტორიული მესაკუთრე ვინ არის. თუმცა მოხის კომისიამ ის მოლოდინიც კი, რომ რაიმე ჩარჩო შეიქმნებოდა, რომელიც ამ საკითხებს გადაწყვეტდა, გააქარწყლა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი