სახალხო დამცველის შეფასებით, ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი იმ “სისტემური პრობლემების ნათელი ილუსტრაციაა”, რომლებზეც ომბუდსმენი და სფეროს ექსპერტები წლებია, საუბრობენ. ნინო ლომჯარიას ოფისი ამ საკითხს 2020 წლის ანგარიშში აფასებს და სახელმწიფოს რეკომენდაციებით მიმართავს.
“მოსახლეობის, სპეციალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეშფოთებისა და უწყვეტი პროტესტის საგანს, უმთავრესად, ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში გეოლოგიური და სეისმური რისკები, მეწყრულ ზონებთან დაკავშირებული საფრთხეები, მოსალოდნელი მიკროკლიმატური ცვლილებები წარმოადგენს, რაც საერთო ჯამში, საზოგადოებაში ეკოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების მოლოდინს აჩენს. გარდა ამისა, კითხვებს ბადებს განსახორციელებელი პროექტის ეკონომიკურ-ენერგეტიკული სარგებლიანობაც. პრობლემურად წარიმართა პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვაც, რამაც პროექტისადმი საზოგადოების უნდობლობა კიდევ უფრო გააღრმავა”, — აღნიშნულია ანგარიშში.
სახალხო დამცველის ოფისი ხაზს უსვამს, რომ პრემიერის დავალებით მთავრობის წარმომადგენლები პროტესტის მონაწილეებს მხოლოდ 130-დღიანი ღამისთევისა და მასშტაბური პროტესტის შემდეგ შეხვდნენ, რასაც პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები მოჰყვა, თუმცა პროცესი მნიშვნელოვნად წინ არ წასულა:
“ცალკეულ ნაბიჯებს არ მოჰყოლია მთავრობის წევრების მხრიდან მოქალაქეებთან და დაინტერესებულ საზოგადოებასთან განგრძობითი, შედეგზე ორიენტირებული, სიღრმისეული და ყოველმხრივი დიალოგის წარმართვა, ასევე, საკითხის კომპლექსურობისა და სიმწვავის გათვალისწინებით, ვერც მინისტრთა მოხსენებების ერთჯერადად მოსმენა ჩაითვლება ეფექტიან საპარლამენტო ზედამხედველობად”.
ომბუდსმენი წინადადებით მიმართავს პარლამენტს, აქტიური ზედამხედველობა გაუწიოს პროცესს, მათ შორის, შეისწავლოს ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებების საქმიანობა და მოამზადოს შესაბამისი დასკვნა.
სახალხო დამცველი ასევე მიმართავს სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მინისტრებს, პროექტთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევამდე, “წარმართონ საჯარო, საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული დიალოგი”, მათ შორის, მედიასაშუალებებში, ადგილობრივებთან, პროფესიულ ჯგუფებთან და ექსპერტებთან.
რიონის ხეობაში თვეების მანძილზე აპროტესტებენ მდინარეზე ჰესების კასკადის მშენებლობას. პროტესტის მონაწილეებს ხეობის სოფელ ნამახვანში კარვები აქვთ გაშლილი. მათი ორგანიზებით, ორჯერ გაიმართა საპროტესტო აქცია ქუთაისის ცენტრში, რომელსაც ათასობით ადამიანი დაესწრო.
მიმდინარე კვირაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მშენებელ კომპანიასთან შეთანხმებას მიაღწიეს და “ნამახვანი ჰესის” კაშხლის სამშენებლო სამუშაოები დროებით, 9-12 თვემდე შეჩერდება.