ახალი ამბები

„ენერგეტიკული გაერთიანება“ ნამახვანჰესთან დაკავშირებით მედიატორს გზავნის

6 მაისი, 2021 • 2085
„ენერგეტიკული გაერთიანება“ ნამახვანჰესთან დაკავშირებით მედიატორს გზავნის

ენერგეტიკული გაერთიანება, — რომლის მთავარი მიზანია ევროპული ენერგეტიკული კანონმდებლობის და ბაზრის პრინციპების გავრცელება ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში, — ნამახვანჰესთან დაკავშირებით საქართველოში მედიატორს გზავნის.

გაერთიანება აცხადებს, რომ მას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა არაერთხელ მიმართეს და შეშფოთება გამოთქვეს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოზე ზემოქმედების და უსაფრთხოების საკითხებზე.

„ნამახვანი ჰესის“ პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობს მდინარე რიონზე, დასავლეთ საქართველოში. ბოლო თვეების განმავლობაში პროტესტის ფონზე, რაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ექსპერტი თუ აქტივისტი ამბობს, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტი მნიშვნელოვან კითხვის ნიშნებს აჩენს სხვადასხვა მხრივ.

ენერგეტიკული გაერთიანება მიუთითებს: „აქტივისტები და მთავრობა შეთანხმდნენ, რომ კაშხლის მშენებლობას, სულ მცირე, 9 თვით გააჩერებენ“.[„რიონის ხეობის მცველები“ პროტესტს აგრძელებენ და მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერებასაც ითხოვენ, რადგან, მათ თანახმად, ეს სამუშაოებიც ცვლის გარემოს].

ამის შემდეგ, 6 მაისს გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობამ მიიწვია ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს „დავების მოგვარებისა და მოლაპარაკებების ცენტრის“ თავმჯდომარე, დირკ ბუშლე.

მისი მიწვევის მიზანი მხარეთა შორის მედიაცია და „აქამდე პროექტთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტისა და პროცედურის ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობასთან და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან შედარება“.

რას გააკეთებს მედიატორი?

6 მაისის პრეს-რელიზში ენერგეტიკული გაერთიანება მიუთითებს, რომ ბუშლემ მიწვევა მიიღო და განაცხადა:

„მოუთმენლად ველით სამოქალაქო საზოგადოებასთან, ექსპერტებთან და მთავრობასთან მუშაობას, რათა გამოსავალი ვიპოვოთ. ენერგეტიკული გაერთიანება არ არის მხოლოდ მთავრობებისა და პროექტის დეველოპერების გაერთიანება“.

დირკ ბუშლეს განცხადებით, მას სურს, მოლოდინების შესაბამისად, გამოსავალი სწრაფად და მარტივად იპოვოს. „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ პროცესში ყველას მოვუსმინოთ, და ყველა საკითხთან დაკავშირებით გამოთქმული შეშფოთება დაიდება მაგიდაზე“, – აცხადებს ის.

პარალელურად, ბუშლეს განცხადებით, სამდივნო განიხილავს უკვე გაცემულ გარემოსდაცვით დოკუმენტაციას. პრესრელიზის თანახმად, დირკ ბუშლეს ამ პროცესში მხარს დაუჭერს გარემოს დაცვის საკითხების ექსპერტი, ალექსანდრა ბუაროსკა.

„ნამახვანის“ შესახებ

„ნამახვან ჰესს“, რომლის ღირებულება 800 მილიონ აშშ დოლარზე მეტია [თუმცა ქვეყანაში აქედან 527 მლნ იხარჯება], აშენებს კომპანია „ენკა რინიუებლზ“ [მისი წილების 90%-ზე მეტს თურქული კომპანია „ენკა“ (Enka Insaat ve Sanayi) ფლობს, 10%-ს კი ნორვეგიული „ქლინ ენერჯი ჯგუფი“].

რიონის ხეობის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობა უკვე 5 თვეზე მეტია, თანდათანობით მომატებულ მხარდამჭერებთან ერთად, ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პერმანენტულ აქციებს მართავს და კარვებში რჩება.

მიუხედავად მთავრობის განცხადებისა, რომ ეს ჰესი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას წაადგება, კრიტიკოსები ამბობენ, რომ ელექტროენერგიის ეს საფასური იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ენერგობაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგია.

ადგილობრივი აქტივისტები რამდენიმე თვის განმავლობაში, სოფელ ნამოხვანში, კარვებში მორიგეობდნენ და ამ ფორმით ეწინააღმდეგებოდნენ დაგეგმილ მშენებლობას. გაიმართა რამდენიმე ხალხმრავალი აქცია ქუთაისშიც. 23 მაისს თბილისში მასშტაბური დემონსტრაციაა დაგეგმილი.

აპრილში სახელმწიფომ განაცხადა, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტის „დახვეწის“ მიზნით ქმნის ექსპერტთა საბჭოს, რომელსაც ხსენებულ პროექტთან დაკავშირებით გასულ წლებში ჩატარებულ ყველა კვლევას გადასცემენ.

„რიონის ხეობის მცველები“ სკეპტიკურად უყურებენ ამ იდეას და მიუთითებენ, რომ  მათი პრეტენზიები უპირველესად ეხება იმ კონტრაქტის შინაარსს,  რომელიც სახელმწიფოსა და ჰესის მშენებელ კომპანიას შორის დაიდო.

ექსპერტთა საბჭო “უკეთესი ნამახვანისთვის”: რას ელიან სახელმწიფო და კრიტიკოსები

მასალების გადაბეჭდვის წესი