ახალი ამბები

“გარკეული პიროვნების რეკლამირებას ეწეოდნენ” – გორის მერი გახარიას თანაგუნდელების გათავისუფლებაზე

11 მაისი, 2021 • 1661
“გარკეული პიროვნების რეკლამირებას ეწეოდნენ” – გორის მერი გახარიას თანაგუნდელების გათავისუფლებაზე

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ადასტურებს, რომ საკუთარი მოადგილეები, რომლებიც ექს-პრემირ გიორგი გახარიას გუნდელები არიან, თანამდებობიდან თავისი ბრძანებით გაათავისუფლა.

როგორც თავზარაშვილი ჟურნალისტებთან ამბობს, გახარიას მხარდამჭერი მოადგილეები ბოლო პერიოდში ” გარკეული პიროვნების რეკლამირებას ეწეოდნენ”.

“ბოლო პერიოდში, გარკვეული დროის განმავლობაში, გარკეული პიროვნების რეკლამირებას ეწეოდნენ და მოუწოდებდნენ თანამშრომლებს, რომ გადასულიყვნენ მის მხარეზე. ამდენი გამოწვევები გვაქვს ქვეყანაში და იმის მაგივრად, რომ მათ თავიანთი საქმე ეკეთებინათ, ამ საქმით იყვნენ დაკავებული. მოსახლეობას ძალიან ბევრი პრობლემა გააჩნია და აქედან გამომდინარე ჩვენ ვერ დავუშვებდით, რომ ასეთი ადამიანები ყოფილიყვნენ მაღალ თანამდებობაზე. ჩემი ბრძანებით ისინი გათავისუფლდნენ”, — განცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

გორის მერის მოადგილეებმა, ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა, თანამდებობის დატოვებისა და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდთან შეერთების შესახებ დღეს, 11 მაისს, განაცხადეს. ერასტი ელიჯარაშვილი ამბობს, რომ გორის მერიაში არსებობს თანამშრომლების სია, რომელთა გაშვებასაც აპირებენ.

თანამდებობიდან გაათავისუფლეს ხაშურის მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილიც. როგორც ის ჟურნალისტებთან ამბობს, გათავისუფლებას უკავშირებს მის ურთიერთობას გიორგი გახარიას თანაგუნდელ დეპუტატ გიორგი ხოჯევანიშვილთან.

“პირადად მე დავწერე განცხადება, გუშინ მქონდა მერის მოვალეობის შემსრულებელ ზვიად ქურდაძესთან. ზვიადმა მთხოვა, რომ დამეწერა განცხადება. მივხვდი, რომ ეს ზვიადის გადაწყვეტილება არ იყო და უფრო პარტიულ გადაწყვეტილებას ნიშნავდა. მე ნამდვილად ვერ შევუქმნიდი ვერავის პრობლემას”, — ამბობს როსებაშვილი.

პარლამენტში ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდელებმა “ქართული ოცნება” 14 აპრილს დატოვეს და საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას დამოუკიდებლად აგრძელებენ. გახარიას გუნდშია შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი და ამჟამად გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი. 27 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას სწორედ ხოჯევანიშვილმა ისაუბრა რეგიონებში გახარიას მხარდამჭერებზე ზეწოლაზე. თუმცა მაშინ ხოჯევანიშვილს არ უთქვამს, კონკრეტულად რომელ რეგიონში და რა სახის ზეწოლა მიმდინარეობს ყოფილი პრემიერის მხარდამჭერებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი