ახალი ამბები

ამნისტიის წინააღმდეგი ვარ, უნდა გაგრძელდეს სისხლის სამართლის საქმე — მელია

11 მაისი, 2021 • 966
ამნისტიის წინააღმდეგი ვარ, უნდა გაგრძელდეს სისხლის სამართლის საქმე — მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია ამბობს, რომ ამნისტიის კანონის წინააღმდეგია და 20 ივნისის მოვლენებზე უნდა გაგრძელდეს სისხლის სამართლის საქმე.

„პოლიტიკური ამნისტია რომ გამოეცათ, ამასთან დაკავშირებით პრობლემა არავის არ ექნებოდა. ის სივერაგე და მზაკვრულობა, რაც შეიმუშავეს, ხელმომწერ პარტიებს ერთი უთხრეს, მეორე დაახვედრეს.. აქ ჩანს კიდევ ერთხელ ამ ხელისუფლების ხასიათი და ბუნება.

კანონპროექტში ასეთი დათქმაა, რომ მე წინააღმდეგი არ უნდა ვიყო ამ სახის ამნისტიის, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ შემეხება. ამაზე არც იფიქროს არავინ ოლიგარქის სამსახურში, რომ მე შეიძლება არ ვიყო წინააღმდეგი. გამორიცხულია,. გაგრძელდეს სისხლის სამართლის საქმე“, – ამბობს მელია „TV პირველის“ ეთერში.

მელია ამბობს, რომ „ოცნებას“ შეუძლია ეს კანონპროექტი გრაგნილად დაახვიოს და თაროზე შემოდოს.

„ყველაფერს გავაკეთებ კოლეგებთან ერთად, იოტისოდენა შანსი თუ არის, რომ ეს მეტასტაზირების პროცესი შევაჩეროთ. 20 ივნისი არ არის ჩვეულებრივი კალენდარული დღე – ცხელი უთოა, ვინც ხელს დაადებს ამ ცხელ უთოზე, ყველა დაიწვება. ამიტომ 20 ივნისის დამახინჯება, გადაწერა არავის შეუძლია. მე რასაც შევძლებ მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად, აუცილებლად გავაკეთებ“, – ამატებს ის.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც პარლამენტში შესვლას ეხება, მელია ამბობს, რომ ორმა სხვადასხვა მოწვევის პარლამენტმა იმუნიტეტი შეუჩერა – „ ერთხელ დამიჭირეს, ერთხელ გამომაგდეს, არ არის ტრაგედია და არც დანაკლისი,“.

„ამაზე გადაწყვეტილება მისაღები მაქვს მეგობრებთან ერთად. მე პარლამენტში პრაქტიკულად არც ვყოფილვარ, ცოტა ხანს ვიყავი ხოლმე, მერე გამომაგდებდნენ… მაგრამ ვფიქრობ, არაფერი დამიკლია და ჩამოვყალიბდი „ოცნების“ პროფესიონალ ერთ-ერთ „მედემონტაჟე“ პოლიტიკოსად, რომელმაც იცის, როგორ იშლება „ქართული ოცნება“.

რაღაც წვლილი უკვე შევიტანე და ნახევრად ჩამოშლილები უკვე არიან. ერთი კვირა მაინც დაგვჭირდება, რომ მთელი რიგი მიმართულებებით გადაწყვეტილებები მივიღოთ. მე არც ისე მინდა გამოვჩნდე, რომ ჩემს უახლოეს მეგობრებს პარტიაში, „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკში „ძალა ერთობაშია“ ვუთხრა, რომ  თქვენ შედით და მე გარეთ დავრჩები. ეს არ იქნება არც მორალურად, ადამიანურად და  არც პოლიტიკურად გამართლებული.

თუკი შევლენ, იქ არც არავინ შევა დროის გასატარებლად.

მერწმუნეთ, არც ბადრი ჯაფარიძეს, არც მამუკა ხაზარაძეს, არც სხვა პარტიებს არ სიამოვნებთ იქ ყოფნა. არ არის, ნამყოფი ვარ, სასიამოვნო აურა და ატმოსფეროც არ არის. ამიტომ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც ხელს შეუწყობს ძალთა გაერთიანებას, არათუ ერთობას, არამედ ძალთა გაერთიანებას. ბევრია სასაუბრო..“, –  განმარტავს მელია.

5 გარემოება, რომელიც მელიას დაპატიმრების პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი