ახალი ამბებისამართალი

მორიგი სამართლებრივი პრეცედენტი მელიას საქმეში

10 მაისი, 2021 • 2170
მორიგი სამართლებრივი პრეცედენტი მელიას საქმეში

“ჰოი, საოცრებავ, როგორ ერთმნიშვნელოვნად დაემთხვა მოსამართლის გადაწყვეტილება პროკურატურის შუამდგომლობას და იმ თანხას, რომელიც ევროკავშირმა გადმორიცხა”, — განაცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა 10 მარტს, ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ სასამარლო სხდომის დასრულების შემდეგ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მის მიერვე ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა — გირაოთი შეცვალა.

აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს 9 მაისს მიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა ევროკავშირის შექმნილი ფონდის “ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის” (European Endowment for Democracy) მიერ გირაოსთვის 40 000 ლარის გადახდა. პროკურატურამაც სასამართლოსგან სწორედ ამ თანხოს ოდენობის გირაოს შეფარდება მოითხოვა.

“დღეს იყო კლასიკური მაგალითი, როგორი დამოუკიდებელი მართლმსაჯულება გვყავს საქართველოში. იურისტთა წრეში ამ საქმემ, ფაქტობრივად, შეიძინა სამართლებრივი ნოუ ჰაუს მაგალითი — ყველა ნაბიჯზე ხდება არა მხოლოდ სამართლებრივი პრეცედენტი, არამედ მსოფლიოში პირველად, პოლიტიკური ლიდერის გამოსასყიდი გადაიხადა ევროკავშირმა და სასამართლომ ერთი-ერთში დააკმაყოფილა ის შუამდგომლობა, რომელიც პროკურატურამ დააყენა — თანხაშიც არ მიუცია განსხვავება”, – განაცხადა კონდახიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ წინასწარ გადახდილი გირაოს სხვა პრეცედენტი არ ახსენდება, თუმცა საქმე პოლიტიკურია და სამართლებრივი ასპეტქების განხილვას აზრი არ აქვს.

პროკურორი ამირან გულუაშვილი არ პასუხობს კითხვას, ჰქონია თუ არა ადგილი წინასწარ გადახდილი გირაოს სხვა პრეცედენტს სამართალწარმოებაში და მიუთითებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფაქტორზე ამ პროცესში.

“მოვისმინეთ საია-ს სამართლებრივი შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებულ წინადადებაში და სამართლებრივ გზებში კანონშეუსაბამო არაფერია”, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

საია იყო ის ორგანიზაცია, რომელმაც ევროპული ფონდის თანხა აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩარიცხა.

“ზოგადად პირიქით ხდება ხოლმე — ჯერ შედის შუამდგომლობა გირაოსთან მიმართებით”, — აღნიშნა საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა, თუმცა მელიას შემთხვევაში მივიღეთ რეალობა, როდესაც ხაზინის ანგარიშზე ჩაირიცხა ჯერ არარსებული გირაოს თანხა, ვიდრე სასამართლო ბრალდებულს ასეთ აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებდა.  პროკურატურის მიერ წამოყენებული წინაპირობა იყო, დაცვის მხარის მიერ პატიმრობამდელი, 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, მიემართა სასამართლოსთვის შუამდგომლობით, მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის გირაოთი შეცვლილიყო.

ევროკავშირის მიერ უზრუნველყოფილი, წინასწარ გადახდილი გირაო ნიკა მელიას საქმეში ერთადერთი სამართლებრივი პრეცედენტი არ არის. იურისტები მიუთითებენ ახლებურ პრაქტიკაზე მელიას მიმართ გატარებულ მთელ რიგ საპროცესო მოქმედებებში:

  1. ელექტრონული მონიტორინგი და საჯარო სივრცეში კომუნიკაციის შეზღუდვა გირაოს პარალელურად — ადვოკატების ცნობით, ნიკა მელია პირველი ბრალდებულია საქართველოს ისტორიაში, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოსთან ერთად დაუწესდა ისეთი დამატებითი ღონისძიებები, როგორიცაა ელექტრონული მონიტორიგი და საჯარო სიტყვით გამოსვლის შეზღუდვა;
  2. დამატებითი შემზღუდავი ზომის დარღვევის უგულვებელყოფა — ნიკა მელია აცხადებს, რომ თვეების განმავლობაში არღვევდა მისთვის შეფარდებულ ერთ-ერთ დამატებით ღონისძიებას — საჯარო სივრცეში კომუნიკაციის შეზღუდვას, თუმცა პროკურატურას ეს აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევად არ ჩაუთვლია და სასამართლოსთვის არ მიუმართავს მელიას მიერ ელექტრონული სამაჯურის მოხსნამდე;
  3. “გირაოს გირაოთი დამძიმება” — კანონმდებლობით, თუ ბრალდებულმა დადგენილ ვადაში არ უზრუნველყო სასამართლოს მიერ გირაოს სახით შეფარდებული თანხის გადახდა, პროკურორი სასამართლოს მიმართავს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით. პროკურატურამ ვერ დაასახელა სხვა საქმე, როდესაც გირაოზე მკაცრ აღმკვეთ ღონისძიებად ბრალდების მხარეს კვლავ გირაო მოეთხოვა.
  4. წინასწარ გადახდილი გირაო — საქმის პროკურორი, ადვოკატები და იურისტები ვერ ასახელებენ სხვა შემთხვევას, როდესაც ბრალდებულისთვის ჯერ შეუფარდებელი გირაო გადახდილი ყოფილიყოს წინასწარ, მით უმეტეს, ევროპული ფონდის მიერ.

ნიკა მელია 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულია ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. ენმ-ის თავმჯდომარე 23 თებერვალს დააკავეს. მანამდე თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალა. ბრალდების მხარემ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმების შუამდგომლობა მას შემდეგ დააყენა, რაც მან არ გადაიხადა 30 000-ლარიან გირაოს დამატებული 40 000 ლარი, რომელიც ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის მოხსნისთვის, 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით დაეკისრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 25 თებერვალს დაუშვებლად ცნო საჩივარი მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც პროკურატურამ ბრიფინგი გამართა და მზადყოფნა გამოთქვა, დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, მიემართა სასამართლოსთვის შუამდგომლობით მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.

ევროპული ფონდის მიერ გირაოს გადახდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების შედეგია.

ნიკა მელიას საქმეში პირველად გამოყენებული სამართლებრივი პრაქტიკების, ასევე, იმ გარემოებების შესახებ, რომელიც საქმის პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებს, გთავაზობთ სტატიებს “ნეტგაზეთის” არქივიდან:

სავარაუდოდ, პირველად გამოყენებული პრაქტიკები მელიას საქმეში

5 გარემოება, რომელიც მელიას დაპატიმრების პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებს

მასალების გადაბეჭდვის წესი