ახალი ამბები

მელიას გირაოს თანხა, ევროკავშირთან შეთანხმებით, დღეს 15 საათისთვის გადავრიცხეთ – სიმონიშვილი

8 მაისი, 2021 • 876
მელიას გირაოს თანხა, ევროკავშირთან შეთანხმებით, დღეს 15 საათისთვის გადავრიცხეთ  – სიმონიშვილი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის თქმით, საიამ ნიკა მელიას გირაოს თანხა თბილისის სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე დაახლოებით 15 საათისთვის გადარიცხა.

სიმონიშვილის განმარტებით, ევროკავშირის თხოვნით ორგანიზაციის “ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის” მიერ გამოყოფილი თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში საიამ შეიტანა, ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ევროკავშირს სურდა თანხის ჩარიცხვა მომხდარიყო ისეთი ორგანიზაციის მიერ, რომლის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებითაც არ არსებობს კითხვის ნიშნები.

“ჩვენი ქმედებები შეთანხმებული იყო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან, მათ მოგვაწოდეს ინფორმაცია, სად უნდა ჩარიცხულიყო თანხა, ეს არის თბილისის სააღსრულებო ბიუროს ანგარიში, სადაც ზოგადად ირიცება ხოლმე გირაოს თანხები და შესაბამისად ამ შემთხვევაში ჩვენ ევროკავშირთან შეთანხმებით გადავდგით ეს ნაბიჯები”, – განმარტა სიმონიშვილმა.

რაც შეეხება მელიას საპატიმროდან გათავისუფლების საკითხს, სიმონიშვილმა განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, თუ როდის აისახება თანხა სახელმწიფო ანგარიშზე, პროკურატურას შეუძლია სასამართლოს უკვე მიმართოს მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი ჩანაცვლებასთან დაკავშირებით.

“არც არის აუცილებელი თანხის ანგარიშზე ასახვა, ზოგადად პირიქით ხდება ხოლმე, რომ ჯერ შედის შუამდგომლობა გირაოსთან მიმართებით, მით უმეტეს, როდესაც ვიცით და დადასტურებულია ევროკავშირის და ჩვენი მხრიდან და გირაოს თანხა უკვე გადარიცხულია, ამ პირობებში არის შესაძლებლობა, რომ პროკურატურა შუამდგომლობით წავიდეს სასამართლოში და სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება [პატიმრობის] შეცვლასთან დაკავშირებით, და უკვე შემდგომ მოხდება ამ თანხის ანგარიშზე ასახვაც”, – განმარტა სიმონიშვილმა.

პროკურატურის განცხადებით კი, კვლავ ძალაშია მათი პოზიცია, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში უწყება სასამართლოს მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე მიმართავს. თუმცა პროკურატურის განმარტებით ამ ეტაპზე საჭიროა ანგარიშზე თანხის ასახვა ან დოკუმენტის წარდგენა, რომელიც დაადასტურებს, რომ გირაოს თანხა ნამდვილად გადარიცხულია.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებად გირაოს თანხა 40 000 ლარი გადახდილია.

წარმომადგენლობის ცნობით თანხა ორგანიზაციამ “ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის” გამოყო, ხელისუფლებას კი აღნიშნული თანხა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცამ გადასცა.

რას წარმოადგენს ორგანიზაცია, რომელმაც მელიას გირაო გადაიხადა

მასალების გადაბეჭდვის წესი