ახალი ამბებისამართალი

სავარაუდოდ, პირველად გამოყენებული პრაქტიკები მელიას საქმეში

15 თებერვალი, 2021 • 1317
სავარაუდოდ, პირველად გამოყენებული პრაქტიკები მელიას საქმეში

საქართველოს პარლამენტი 16 თებერვალს კენჭს უყრის ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებას, რის შემდეგაც პროკურატურას საშუალება ექნება, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის პატიმრობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს. ადვოკატი მიიჩნევს, რომ გასული წლის ნოემბერში აღკვეთის ღონისძიების დამძიმება არალეგიტიმური იყო, იურისტები კი მიუთითებენ ახლებურ პრაქტიკაზე მელიას მიმართ გატარებულ საპროცესო მოქმედებებში და პოლიტიკურ კონიუნქტურას მორგებულ მართლმსაჯულებაზე.

აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება

20 ივნისის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ნიკა მელიას 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი და საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, აეკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადებების გაკეთება.

საია-ს იურისტი მერაბ ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ ელექტონული მონიტორინგი თავისი შინაარსით, ფაქტობრივად, შინაპატიმრობას უტოლდება და თუ მისი გამოყენება ხდება, ის უნდა იყოს აღკვეთის ძირითადი და არა — გირაოს დამატებული ღონისძიება.

მოქმედი კანონმდებლობით, აღკვეთის ღონისძიების სახეებია: ბრალდებულის დაპატიმრება, გირაო, პირადი თავდებობა, აგრეთვე, არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა და სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა. საია-ს კვლევის „აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სტანდატები“ თანახმად, მოსამართლეთა და ადვოკატთა აბსოლუტური უმრავლესობა, ასევე, პროკურორების მცირე ნაწილი ემხრობა იდეას, გაიზარდოს ძირითადი აღკვეთის ღონისძიების სახეები ისეთი მექანიზმებით, როგორიცაა ელექტრონული მონიტორინგი, შინაპატიმრობა თუ პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა.

2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა და თქვა, რომ უსამართლობის სიმბოლოს ტარებას აღარ აპირებს. შესაბამისად, მან არ დაიცვა დამატებითი შემზღუდავი ღონისძიება, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული გირაოს თანხა გადახდილი აქვს.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, თუ ბრალდებულმა დადგენილ ვადაში არ უზრუნველყო სასამართლოს მიერ გირაოს სახით შეფარდებული თანხის აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანა ან უძრავი ქონების შეტანა, პროკურორი სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

პროკურატურა სასამართლოში ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების შუამდგომლობით შევიდა, კერძოდ, მოითხოვა გირაოს გაზრდა 100 000 ლარამდე. იურისტების ნაწილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რამდენად არის გირაოს თანხის გაზრდა და ელექტრონულ მონიტორინგზე უარის თქმა მელიასთვის თავდაპირველად შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებაზე უფრო მკაცრი ზომა.

მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა გასული წლის ნოემბერშივე განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არალეგიტიმურად გაზრდილ გირაოს არ გადაიხდიდა.

“ბრალდების მხარე აბსურდშია შესული. სისხლის სამართლის კოდექსში განმარტებულია, რომ თუ ბრალდებული არღვევს აღკვეთის ღონისძიებას, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო უფრო მკაცრ აღკვეთის ღონისძიებას უფარდებს და გირაოს თანხა ირიცხება სახელმწიფოს ბიუჯეტში. ამ შემთხვევაში პროკურორი ამბობს, რომ ნიკამ დაარღვია აღკვეთის ღონისძიება, თუმცა პატიმრობას ან არ, ან ვერ იყენებენ. სამართლებრივი საფუძველი ამ შუამდგომლობას არ გააჩნია”, – თქვა კონდახიშვილმა.

თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიასთვის შეფარდებული გირაოს თანხა 30 000 ლარი 70 000 ლარამდე გაიზარდა.

მელიას დამატებითი გირაოს გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა, თუმცა თანხის გადახდაზე უარი განაცხადა. პროკურატურამ გირაოს თანხის გადახდისთვის მელიას ჯერ დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა, შემდეგ გასაფრთხილებლად პროკურატურაში დაიბარა, 12 თებერვალს კი პარლამენტს მიმართა ბრალდებული დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოსახნელად, რათა გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენოს.

მელია აღკვეთის ღონისძიებას პირველ ნოემბრამდეც არღვევდა? 

ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ნიკა მელიასთვის შეფარდებული დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მაგალითად, საჯარო გამოსვლის შეზღუდვა არც პირველ ნოემბრამდე სრულდებოდა, თუმცა პროკურატურას, მაშინდელი პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, არაფერი მოუმოქმედებია.

კონდახიშვილის თქმით, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებიდან პირველი 3-4 თვის განმავლობაში მისი დაცვის ქვეშ მყოფი საჯარო გამოსვლებში თუ გადაცემებში მონაწილეობის ნებართვისთვის პროკურატურას მიმართავდა, მაგრამ  ეს შემზღუდავი ღონისძიება თავიდანვე აბსურდული იყო და მხოლოდ ფარატინა ფურცელზე დარჩა. თუმცა პროკურატურის მიდგომა, ადვოკატის აზრით, პოლიტიკური დირექტივების მიხედვით განსხვავებულია.

“პროკურატურის განვითარებულ ლოგიკას თუ მივყვებით, რომ მელიამ ახლა დაარღვია გირაოს პირობები და უნდა დააკავონ, წელიწად-ნახევარია იგივე ხდებოდა — აღკვეთის ღონისძება, ვინაიდან სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იყო, არ სრულდებოდა. ნიკა მელიას აკრძალული ჰქონდა სახლიდან გასვლა, საჯარო სიტყვით გამოსვლა, მაგრამ სიტყვითაც გამოდიოდა და საარჩევნო კამპანიაც ჩაატარა. გირაოს გადაუხდელობას და სასამართლოს მიერ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეუსრულებლობას ერთი და იგივე ძალა აქვს. მხოლოდ მაშინ აქტიურდება მელიას საქმეში პროცესები, როდესაც [ხელისუფლებისთვის] პოლიტიკურად არის მიზანშეწონილი”, – ამბობს კონდახიშვილი.

“უპრეცედენტო მიდგომა”

ადვოკატი აცხადებს, რომ გასული წლის ნოემბერში მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვუს აღკვეთის ღონისძიების დამძიმება არალეგიტიმური გადაწყვეტილება იყო, რომლის აღსრულებასაც ნიკა მელია არ აპირებს.

“ყველა პროცესი ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით თავიდანვე უკანონო იყო, მათ შორის, გირაოს თანხის გაზრდა აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრ პირობად. აღკვეთის ღონისძიების დარღვევისთვის კანონმდებლობა ითვალისწინებს აღკვეთის ღონისძიების გამკაცრებას. ჩვენ კი გვაქვს პირველი და არალეგიტიმური პრეცედენტი საქართველოს ისტორიაში, რომ გირაო ისევ გირაოთი შეიცვალოს. ჩვენ ნოემბერშივე ვამბობდით, რომ არ ვაპირებთ გირაოს გადახდას, რომელიც სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია”, – ამბობს კონდახიშვილი.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა პროკურატურას განმარტებისთვის, თუ რატომ მოითხოვა ნიკა მელიასთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს გაზრდილი ოდენობა და არა – პატიმრობა, თუმცა უწყებაში გვითხრეს, რომ მათ მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების გარდა, დამატებით კომენტარს არ აკეთებენ. მსგავსი პრაქტიკის შესახებ სტატისტიკის გამოთხოვნისთვის კი საჯარო ინფორმაციის მისაღებად წერილობით მიმართვა შემოგვთავაზეს. აღნიშნულ სტატიატიკურ მონაცემებს “ნეტგაზეთი” მისი მიღების შემთხვევაში შემოგთავაზებთ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სასამართლოში ბრალდებულის პირველი წარდგენის დაახლოებით 700-800 სხდომას ესწრება წელიწადში. საია-ს იურისტი მერაბ ქართველიშვილი ამბობს, რომ ორგანიზაციის 10-წლიანი მონიტორინგის პრაქტიკის განმავლობაში არ ახსოვს ელექტრონული სამაჯურის დამატებითი ღონისძიების სახით გამოყენების შემთხვევა, ისევე, როგორც გირაოს პირობების დაარღვევისთვის ისევ გირაოს პირობების გამკაცრება.

“ნებისმიერი საქმის შეფასება მნიშვნელოვანია, დავიწყოთ თავიდან — როგორ დაიწყო და რა მოხდა ამ საქმეში ისეთი, რაც გვაფიქრებინებს, რომ როგორც ერთი მხრიდან, ანუ ხელისუფლების და პროკურატურის მხრიდან, ისე ნიკა მელიას მხრიდან, უფრო მეტად პოლიტიკას აქვს ადგილი, ვიდრე სისხლის სამართლებრივ საქმეს”, – ამბობს ქართველიშვილი და იმ გარემოებებს ჩამოთვლის, რაც ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ პროცედურას სხვა შემხთვევებისგან გამოარჩევს:

7 000 საქმეში, რომელიც ჩვენ პრაქტიკაში გვაქვს დამონიტორინგებული პირველი წარდგენის სხდომაზე, არ გვახსენდება, რომ ელექტორნული მონიტორინგი დამატებით ღონისძიების სახედ ყოფილიყოს გამოყენებული.  მელიას, ამასთანავე, აუკრძალეს საჯარო გამოსვლები [ნებართვის გარეშე]. თავდაპირველ ეტაპზე, როგორც თავად ბრალდებულიც აღნიშნავს, ის თავს იკავებდა აქციებში და საჯარო გამოსვლებში მონაწილეობისგან, მაგრამ შემდგომ ვხედავთ მას სატელევიზიო ეთერებში, აქციებზე და ა.შ. ასე რომ, თუ ვსაუბრობთ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევაზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პირობები დარღვეული იყო ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ნოემბერში, როცა მან დემონსტრაციულად მოიძრო სამაჯური. პროკურატურას მანამდე არაფერი მოუმოქმედებია და აქ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება, რის საფუძველზე საჯარო პირების პროცესები გაჩერდა ან სისხლის სამართლებრივ დევნას სხვადასხვა გაგრძელება მოეძებნა. ესეც პრობლემურია იმ მხრივ, რომ წარმოუდგენელია, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე როგორ შეიძლება ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდნენ, როგორ იმუშავებს პროკურატურა ან სასამართლო. მელიასაც შეიძლება, 8 მარტის შეთანხმების შემდეგ საჯარო გამოსვლები ეპატია”.

“შემდგომ უკვე იყო პირველი ნოემბრის აქცია, როცა მელიამ დემონსტრაციულად მოიძრო სამაჯური და პროკურატურამ სასამართლოს მიმართა აღკვეთის ღონისძიების დამძიმების ნაწილში. აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევისთვის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს პროკურატურის შუამდგომლობას გირაოს თანხის ბიუჯეტში ჩარიცხვისა და უფრო მკაცრი აღვეთის ღონისძიების შეფარდებისთვის. ცალსახა ჩანაწერს იმის შესახებ, გირაოს თანხის დამძიმება არის თუ არა აღკვეთის ღონისძიების დამძიმება, კოდექსში ვერ ვხვდებით. თუმცა, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, როცა ადამიანს აქვს ელექტრონული მონიტორინგი და  დემონსტრაციულად არღვევს წესს და ამ დროს ელექტრონულ მონიტორინგს აღარ უგრძელებ, გადაადგილების კონტროლის საშუალება აღარ გეძლევა და მხოლოდ გირაოს თანხას უზრდი, რამდენად არის ეს დამძიმება?! ჩემი, როგორც ერთი იურისტის შეფასებით, ეს დამძმება არ არის, თუმცა პროკურატურას შეიძლება ჰქონდეს განმარტება, რომ რადგან თანხა გაიზარდა, აღკვეთის ღონისძიება დამძიმდა. წინააღმდეგი არ ვარ ადამიანის უფლებების მხრივ ასეთი განმარტების, მაგრამ ასეთ განმარტებას მხოლოდ გამონაკლის საქმეში ვაწყდებით. ჩვენს პრაქტიკაში შემთხვევას, როცა ადამიანმა, რომელმაც გირაო არ ან ვერ გადაინახა, ისევ გირაო მოსთხოვეს, ნამდვილად ვერ ვიხსენებ”.

მერაბ ქართველიშვილის თქმით, მელიას საქმეში ბევრი საკითხია, როგორც შეღავათების, ისე დამძიმების მიმართულებით, რომელიც შეიძლება მხოლოდ ნიკა მელიას მიმართ იყო გამოყენებული და სხვა ბრალდებულების შემთხვევაში — არა, რაც ამ საქმის პოლიტიკურობაზე კითხვებს აჩენს.

“8 მარტის შეთანხმება და გაჩერებული საქმეები, პრაქტიკაში პირველად გამოყენებული ელექტრონული მონიტორინგის შემთხვევა და საჯარო სიტყვით გამოსვლის შეზღუდვა, შემდეგ უკვე საჯარო სიტყვით გამოსვლის დარღვევა და პროკურატურის მიერ ამის არშემჩნევა, შემდეგ სამაჯურის დემონსტრაციულად მოხსნა და ამისთვის მხოლოდ გირაოს დამძიმება, — ყველა გარემოება, დასაწყისიდან დღემდე, გვაფიქრებინებს იმაზე, რაზეც წლების განმავლობაში ვსაუბრობთ, რომ სასამართლო ხელისუფლება, სამართალდამცავი სისტემა და პროკურატურა გარკვეულ შემთხვევაში ემსახურება პოლიტიკურ მიზნებს, რაც ძალიან ცუდია. როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან მუდმივად ხდება მელიას საქმის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა და ნაკლებად მიდის საუბარი სისხლის სამართლებრივ კონტექსტზე”, – ამბობს ქართველიშვილი.

მერაბ ქართველიშვილისგან განსხვავებით, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე მიიჩნევს, რომ გირაოს თანხის გაზრდა ითვლება აღკვეთის ღონისძიების გამკაცრებად, თუმცა ასევე საუბრობს საქმის პოლიტიკურ შემადგენელზე.

“სამართლებრივი კომპონენტის გარდა, დღეს მელიას საქმეზე გადაწყვეტილებები, ფაქტობრივად, მიიღება პოლიტიკური კონიუნქტურის, პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით. მთავარი ამბავი არის ამ საქმის პოლიტიკური შინაარსი და აქ ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან სერიოზულ პრობლემაზე, რაც შეიძლება ამ საქმემ გამოიწვიოს ისედაც რადიკალიზებულ, პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში, ერთი მხრივ, გირაოს გადაუხდელობა და პოლიტიკური დაუმორჩლებლობა, მეორე მხრივ, ამაზე ოპოზიციის ლიდერის მიმართ საპატიმრო პროცედურის წარმართვა, ცხადია, არ იმოქმედებს კარგად”, – ამბობს იმნაძე და პარლამენტს მოუწოდებს, ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მიუდგეს არა ფორმალისტურად, არამედ გაითვალისწინოს, რამდენად შეიძლება გაართულოს აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება.

საპარლამენტო უმრავლესობამ უკვე განაცხადა, რომ ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას ხმას მსიცემს. ამისთვის პარლამენტს სხდომაზე დამწრეთა უმრავლესობის მხარდაჭერა დასჭირდება, თუმცა, არაუმეტეს 50 დეპუტატისა.

მასალების გადაბეჭდვის წესი