ახალი ამბები

სასამართლომ მელიას პატიმრობა გირაოთი შეუცვალა

10 მაისი, 2021 • 726
სასამართლომ მელიას პატიმრობა გირაოთი შეუცვალა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.

ნიკა მელია სასამართლო პროცესიდან გაძევებულია, შესაბამისად, დღევანდელ სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა. მელიას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდება მას შემდეგ, რაც სასამართლო პენიტენციურ დაწესებულებას საკუთარ გადაწყვეტილებას გაუგზავნის.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი არ დათანხმდა დაცვის მხარის მოთხოვნას ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შესახებ.

აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს 9 მაისს მიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა ევროკავშირის შექმნილი ფონდის, “ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის” (European Endowment for Democracy) მიერ გირაოსთვის 40 000 ლარის გადახდა. პროკურატურამაც სასამართლოსგან სწორედ ამ რაოდენობის გირაოს შეფარდება მოითხოვა.

პროკურორი ამირან გულუაშვილი არ პასუხობს კითხვას, ჰქონია თუ არა ადგილი წინასწარ გადახდილი გირაოს სხვა პრეცედენტს სამართალწარმოებაში და მიუთითებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფაქტორზე ამ პროცესში.

“მოვისმინეთ საია-ს სამართლებრივი შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებულ წინადადებაში და სამართლებრივ გზებში კანონშეუსაბამო არაფერია”, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს. მანამდე თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალა. ბრალდების მხარემ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმების შუამდგომლობა მას შემდეგ დააყენა, რაც მან არ გადაიხადა 30 000-ლარიან გირაოს დამატებული 40 000 ლარი, რომელიც ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის მოხსნისთვის, 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით დაეკისრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 25 თებერვალს დაუშვებლად ცნო საჩივარი მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც პროკურატურამ ბრიფინგი გამართა და მზადყოფნა გამოთქვა, დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, მიემართა სასამართლოსთვის შუამდგომლობით მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.

ევროპული ფონდის მიერ გირაოს გადახდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების შედეგია.

მასალების გადაბეჭდვის წესი