ახალი ამბები

სამინისტროს IT სამსახური კოვიდის ვაქცინის „მწვანე პასპორტებზე“ მუშაობს – ტიკარაძე

6 მაისი, 2021 • 1000
სამინისტროს IT სამსახური კოვიდის ვაქცინის „მწვანე პასპორტებზე“ მუშაობს – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) დეპარტამენტი მუშაობს „მწვანე პასპორტებზე“, რაც იმ ადამიანებს — ადგილორივებსა თუ ტურისტებს — ექნებათ, ვინც ვაქცინაციას გაივლის, თუმცა ჯერჯერობით ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„ამასთან [„მწვანე პასპორტებთან“] დაკავშირებით ჩვენ ვსაუბრობთ, თუმცა ჯერჯერობით არ არის გამოტანილი გადაწყვეტილებები, ვინაიდან არის გარკვეუული რისკები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდება შემდეგ ამ ყველაფერის კონტროლი და მონიტორინგი“, – განაცხადა მინისტრმა ტიკარაძემ 6 მაისს „მაესტროს“ ეთერში.

მინისტრის განცხადებით, „მწვანე პასპორტზე“ მუშაობა სამინისტრომ „სხვადასხვა მიზეზით“ დაიწყო და ამაზე კონკრეტულად ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სამსახური მუშაობს.

„ჩვენ ვითვალისიწნებთ ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილებას ამასთან მიმართებაში. ასევე ვიცით, რომ ტურიზმის სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დროული გახსნა და რომ მოხდეს ვიზიტორთა მონიტორინგი. აქედან გამომდინარე, ჩვენი პასპორტი გაითვლისწინებს როგორც ადგილობრივი მოქალაქეებისთვის გარკვეულ მონიტორინგს და მწვანე პასპორტის არსებობას, ასევე, იმ ვიზიტორებისთვის, რომლებიც ქვეყანაში დაიშვებიან“, – განაცხადა მინისტრმა [სტილი დაცულია].

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ 26 აპრილს განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭო განიხილავს, თუ რა უპირატესობით შეიძლება ისარგებლონ კორონავირუსის წინააღმდეგ აცრილმა ადამიანებმა.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი რეკომენდაციები, რომ ადამიანებს, რომლებიც აიცრნენ, სხვადასხვა სტიმული საზოგადოებასა და ცხოვრებაში ჰქონდეთ. რამდენიმე ასეთი წამახალისებელი ნაბიჯი არის წარდგენილი საკოორდინაციო საბჭოში და იქნება განხილული. ჩვენ მომხრე ვართ, რომ ვისაც ექნება ე.წ. კოვიდ პასპორტი, ჰქონდეთ „პრივილეგია“, უპირატესობა რაღაც მიმართულებით.

უკვე ბევრგან [მსოფლიოში] არის ე.წ. კოვიდისგან თავისუფალი რესტორნები, სასტუმროები, კლინიკები, სადაც ყველა თანამშრომელი აცრილია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. ეს სერიოზული პრივილეგიაა იმიტომ, რომ ადამიანი როცა მიდის ექიმთან და იცის, რომ ამ კლინიკაში ყველა აცრილია, რა თქმა უნდა, იქ ნაკლები რისკია შემდგომი დაინფიცირების”, — თქვა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში 26 აპრილს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ 26 აპრილსვე განაცხადა, რომ სახელმწიფო მუშაობს „კოვიდ პასპორტის“ შექმნაზე, სადაც ასახული იქნება ინფორმაცია ვაქცინაციის შესახებ. სხვა დეტალები ჯერჯერობით დაუზუსტებელია.

მთავრობის ინფორმაციით, პანდემიასთან დაკავშირებული უკანასკნელი სტატისტიკა, 6 მაისის მონაცემებით, ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 317719 (ბოლო 24 საათში – 1806)
    • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 297676 , ბოლო 24 საათში – 1144
    • მათ შორის გარდაცვლილი – 4227 , ბოლო 24 საათში – 20
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 28180, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14324, PCR ტესტით – 13856
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 6,41%, ბოლო 14 დღის – 5,51%, ბოლო 7 დღის – 6,59%
  • სულ აცრილია – 51600 ადამიანი, დღიურად აცრილია – 3651
  • კარანტინის რეჟიმში – 72
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4287
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 759

გვაქვს რეკომენდაცია, კოვიდზე აცრილებს ჰქონდეთ “პრივილეგიები” — გამყრელიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი