ახალი ამბები

ხშირ შემთხვევაში არათუ კოვიდი, არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება ლეტალობის გამომწვევი მიზეზი – ტიკარაძე

27 დეკემბერი, 2021 • 2238
ხშირ შემთხვევაში არათუ კოვიდი, არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება ლეტალობის გამომწვევი მიზეზი – ტიკარაძე

“გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი არის 2-3%  და გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი არის 15%”, – თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ 26 დეკემბერს, ქვეყანაში COVID-19-ის მკურნალობის ხარისხზე საუბრისას.

მისი თქმით, საქართველოში შეიქმნა ანალიტიკური ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულების გამოსწორებაზე კლინიკებთან ერთად მუშაობს, თუმცა სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ არის, რის გამოც პროცესში საერთაშორისო ექსპერტებიც ჩართო.

“ისინი ნოემბერში ჩაერთნენ და ეს ჩართულობა იქნება უწყვეტი, რათა კლინიკებში ლეტალობის მაჩვენებელი არ ბადებდეს გარკვეულ კითხვებს, ვინაიდან საკმაოდ კრიტიკულია განსხვავება.

გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი არის 2-3%  და გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი არის 15%. ყველა ეს პრობლემა იდენტიფიცირებულია.

საჯაროს არ ვხდით, მაგრამ კლინიკებთან პირისპირ ვმუშაობთ იმისთვის, რომ გაითვალისწინონ მათთან არსებული ხარვეზები და მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა და მთავარი გამოწვევაა ინფექციის კონტროლი, რადგან ხშირ შემთხვევაში არათუ კოვიდი, არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება ლეტალობის გამომწვევი მიზეზი”. – ამბობს ტიკარაძე.

მისივე თქმით, საქართველოში მოქმედი ჯგუფი “მუდმივ რეჟიმში” აკვირდება როგორც კლინიკებში პაციენტების დაყოვნების მოცულობას, ისე ლეტალობის მაჩვენებელს, მათ შორის, ასაკობრივ ჭრილში. ტიკარაძის განცხადებით, “ალტერნატიული აზრის” მოსასმენად სახელმწიფომ ჯანმოს ექსპერტიც ჩამოიყვანა შვეიცარიიდან, რომელმაც ქვეყანაში მოქმედი კლინიკები შეისწავლა.

“მან საკმაოდ საინტერესო დასკვნა დადო. რეალურად გაამართლა ჩვენი მოლოდინები იმ გამოწვევებზე, რომელიც კლინიკურ სექტორში გვაქვს და ამ მიმართულებით ასევე გაიცა რეკომენდაციები”, – აღნიშნა ტიკარაძემ”, – დასძინა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.

ეს განცხადებები ტიკარაძემ წლიური ანგარიშის წარდგენისას გაახმიანა. ამავე ღონისძიებაზე მან თქვა, რომ “ჯანდაცვის სექტორი ნებისმიერი სიდიდის ტალღას გაუძლებს, “თუმცა ეს არ უნდა გახდეს იმის მიზეზი, რომ ჩვენ მოვადუნოთ ყურადღება მთავარი გამოწვევისგან და ვაქცინაციას არ შევუწყოთ ხელი”.

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შესახებ 9 დეკემბერს განაცხადა, თუმცა თქვა, რომ თვის ბოლომდე რჩება მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად, რის შემდეგაც “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში გადაინაცვლებს.

ამ დრომდე უცნობია, ვინ შეცვლის ტიკარაძეს მინისტრის პოზიციაზე.

“ჯანდაცვის სექტორი ნებისმიერი სიდიდის ტალღას გაუძლებს” – ტიკარაძის ანგარიში

მასალების გადაბეჭდვის წესი