ახალი ამბები

გაბუნია: მიმდინარეობს მუშაობა პარამეტრებზე, რაც აისახება “კოვიდპასპორტში”

26 აპრილი, 2021 • 858
გაბუნია: მიმდინარეობს მუშაობა პარამეტრებზე, რაც აისახება “კოვიდპასპორტში”

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა იმ პარამეტრებზე, რომელიც ე.წ. კოვიდპასპორტში აისახება.

გაბუნიას თქმით, მთავრობა ე.წ. კოვიდპასპორტების შემოღებას განიხილავს და მასში აისახება ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა ვაქცინაციის, გადატანილი დაავადების ისტორია და შესაძლოა, PCR ტესტი პასუხიც:

“კოვიდპასპორტებს ნამდვილად განვიხილავთ, მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რაც აისახება კოვიდპასპორტში. ეს იქნება აუცილებლად ვაქცინაციის ისტორია, იქნება გადატანილი დაავადების ისტორია და რიგ შემთხვევაში, იქნება PCR ტესტის პასუხი. აქედან გამომდინარე, მიდის ამაზე მუშაობა და, ვფიქრობ, მოკლე ხანში უკვე რეალურად დაინერგება ეს პრაქტიკაც”, — ამბობს თამარ გაბუნია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ საკითხზე მუშაობს NCDC-ის ჯგუფი. გამყრელიძის თქმით, ცენტრის IT სამსახური აღნიშნულ საკითზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და ესტონეთთან თანამშრომლობს, რათა ე.წ. კოვიდპასპორტი აგებული იყოს იმავე პრინციპებზე, როთაც ევროკავშირში გაცემული “კოვიდპასპორტებია” შემუშავებული.

გამყრელიძე აღნიშნავს, რომ მოსამზადებელი სამუშაოები, სავარაუდოდ, 2 კვირაში დასრულდება და ის პიროები, რომლებიც შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, შეძლებენ, მიმართვის საფუძველზე ე.წ. კოვიდპასპორტი მიიღონ.

მსოფლიოს არაერთი ქვეყანა ვაქცინირებულ ტურისტებს კარს უხსნის, ამისთვის კი ე.წ. კოვიდპასპორტის წარდგენაა საჭირო, სადაც ასახული იქნება ინფორმაცია აღნიშნული პირსი ვაქცინაციის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი