ახალი ამბები

ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოდის

6 მაისი, 2021 • 4486
ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოდის

“გადავწყვიტე, დავემშვიდობო კერძო პირის სტატუსს და მონაწილეობა მივიღო ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში”, – განაცხადა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ დღეს, 6 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ვასაძის თქმით, ამ გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზი გახდა ქვეყანაში შექმნილი პერმანენტული კრიზისი და “ბოლო წვეთი” იყო “დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერა”, რომელმაც, ვასაძის თქმით, დამნაშავეების გათავისუფლება განაპირობა და ქვეყნის სუვერენიტეტის შემცირება აჩვენა.

მისი თქმით, მეგობრებთან ერთად გადაწყვიტა, საწყის ეტაპზე შექმნას საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთობა, რაობა, იმედი”, რომლის აბრევიატურა არის ერი. ვასაძე ამბობს, რომ დიდი ალბათობით, საზოგადოებრივი მოძრაობა მომავალში პარტიად გარდაიქმნება.

იდეოლოგია და ხედვები

ლევან ვასაძე საკუთარ თავს პოლიტიკური რეალიზმის დოქტრინის მიმდევრად აცხადებს და ახასიათებს, როგორც ტრადიციონალისტს, ეროვნულს და კონსერვატორს.

“ჩვენ ვართ სუვერენისტები და მიგვაჩნია, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი არის მთავარი. სულ ტყუილად მწამებენ ცილს ანტიდასავლელობაში, ესეც სრული სიცრუეა — მე მაგალითად ვარ აბსოლუტური მხარდამჭერი დონალდ ტრამპისა. უბრალოდ ჩვენს ფორმულაში Make America Great Again-ის ნაცვლად, არის “საქართველო უპირველეს ყოვლისა”, — განაცხადა ლევან ვასაძემ.

მან არ დააკონკრეტა, რა პოზიცია აქვს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე, თქვა, რომ მთავარია სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ხოლო სხვა ყველაფერი არის შესაძლო ინსტრუმენტები.

“როდესაც ხდება ერთ-ერთი ინსტრუმენტის მთავარ მიზნად დასახელება, შევდივართ ჩიხში, რომელშიც ჩვენ ვართ”, — აღნიშნა ვასაძემ.

ლევან ვასაძის თქმით, ის მომხრე საპრეზიდენტო რესპუბლიკის და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის.

“ჩემი პოლიტიკური შეხედულება ქვეყნის სწორი განვითარებისთვის არის, თუ გნებავთ, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა. საზოგადოებაში პოლიტიკურ პარტიებს ვერ აკრძალავ, მაგრამ მომხრე ვარ, სახელმწიფო მმართველობის სტრუქტურებში ყველაფერი იყოს პერსონალურ პასუხისმგებლობაზე”, — აღნიშნა მან. ვასაძის თქმით, ის პროქართულ ძალას ქმნის, ხოლო კონფლიქტების გადაჭრას რუსეთთან დიალოგის გზით იმედოვნებს.

16 მაისის აქცია და უახლოესი გეგმები

ლევან ვასაძის თქმით, ახლო მომავალში რეგიონებში დაიწყებს მოგზაურობას და 16 მაისს, 14:00 საათზე, თბილისში, 9 აპრილის ბაღში დემონსტრაციას გამართავს.

“მინდოდა პარლამენტის წინ, მაგრამ იქ პერმანენტული კარვების ქალაქია. ეს მიმაჩნია უსამართლო დიქოტომიად, რომელიც “ქოცებმა” და “ნაცებმა” ხელოვნურად შექმნეს, როდესაც “ქოცების” გაკრიტიკებაზე ექსკლუზივი აქვთ აღებული “ნაცებს”, — განაცხადა ლევან ვასაძემ და დასძინა, რომ მისი პოლიტიკური მოძრაობა ორივე ამ ძალის წინააღმდეგ.

ვასაძის თქმით, 23 მაისს ის რიგით მონაწილედ შეუერთდება ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციას, ასევე, წარმოადგენს ნამახვანჰესთან დაკავშირებული კრიზისის გადაჭრის გეგმას.

ვასაძის თქმით, მისი გუნდის წევრებს რამდენიმე დღეში წარმოადგენს. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

ბიზნესი რუსეთში

ლევან ვასაძის თქმით, მას აქვს ორი ბიზნესი — ერთი საქართველოში, მეორე კი — რუსეთში.

“საქართველოში ვეწევით სოფლის მეურნეობას, მეღვინეობას და რუსეთში მაქვს წილი ზოო მაღაზიების ქსელში. ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მირჩევნია ის გავყიდო, რომ აღარ მქონდეს არანაირი კავშირი. თუ ამას ვერ შევძლებ, დავტოვებ, გავაფორმებ ტრასტში, რომ ჩემი ჩარევა აღარ სჭირდებოდეს. მქონდა სახლი, რომელიც გავყიდე, მაქვს ბინა რუსეთში, რომელსაც დავიტოვებ. ერთი მანქანა მყავს მოსკოვში”, — განაცხადა ვასაძემ.

ლევან ვასაძის თქმით, ახალ პოლიტიკურ მოძრაობას საკუთარი ძალებით დააფინანსებს, ასევე, არ გამორიცხავს შემოწირულობებს ბიზნესიდან და ფანდრაიზინგს (ორგანიზებული საქმიანობა თანხის მოზიდვის მიზნით საქველმოქმედო და პოლიტიკურ ორგანიზაციებში) ამერიკელი კონსერვატორებიდან.

“ალტ ინფო”

ლევან ვასაძის მოძრაობაში გაწევრიანებას აპირებს მედიაორგანიზაცია “ალტ-ინფოს” ჯგუფი. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” “ალტ-ინფოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კონსტანტინე მორგოშიამ განუცხადა.

“მთელი “ალტ-ინფოს” ჯგუფი იქნება ბატონ ლევანთან გაერთიანებაში. სხვა თანამოაზრეებიც ვიცი, მაგრამ 16 აპრილამდე დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან კონსულტაციები გრძელდება”, — თქვა მან.

„ალტ-ინფო“, რომელიც თავს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს უწოდებს, მედიამონიტორების შეფასებით,  „ანტილიბერალურ, ანტისაიმიგრაციო, ლგბტქი თემის საწინააღმდეგო და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა“. გასულ წელს “ფეისბუკმა კოორდინებული არაავთენტური ქცევის გამო ფეისბუკმა გააუქმა 50 ანგარიში, 49 გვერდი, 4 ჯგუფი, 8 ღონისძიება და 19 ინსტაგრამ-ანგარიში, რომელიც დაკავშირებული იყო “ალტ-ინფოსთან”. უხამსობისა და არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი მასალის ტირაჟირების მიზეზით, კომუნიკაციის კომისიამ გასულ თვეს “ალტ-ინფო” 2 500 ლარით დააჯარიმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი