ახალი ამბები

პერსონალურ რეიტინგებში ვასაძე ბოლოდან მესამე ადგილზეა – IRI-ს კვლევა

2 აგვისტო, 2021 • 1648
პერსონალურ რეიტინგებში ვასაძე ბოლოდან მესამე ადგილზეა – IRI-ს კვლევა

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI-ს) კვლევის მიხედვით, რომელიც 2021 წლის ივნისში ჩატარდა, პარტია “ერის” დამფუძნებელი ლევან ვასაძე ბოლოდან მესამე ადგილზეა პოლიტიკოსების (სიას სხვა პროფესიის ადამიანებისნგან მხოლოდ ილია II ემატება) რეიტინგში.

ლევან ვასაძე მისაღებ პერსონად გამოკითხულთა 16-მა პროცენტმა მიიჩნია, 59%-მა კი მიუღებლად დაასახელა.

პერსონალურ რეიტინგში ტრადიციულად ილია მეორე ლიდერობს. ის მისაღებ პერსონად გამოკითხულთა 88%-მა დაასახელა.

პოლიტიკოსებს შორის კი თბილისის მერი, კახა კალაძე ლიდერობს 58%-ით. მას მოსდევს გიორგი გახარია 56%-ით. მეოთხე ადგილს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იკავებს 40%-ით. ნიკა მელიას კი მისაღებ პერსონად გამოკითხულთა 39% ასახელებს.

აღნიშნული კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ.

მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %-ს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი