ახალი ამბები

პროპაგანდისტულ „ალტ-ინფოსთან“ 34 FB გვერდია დაკავშირებული – ISFED

3 აგვისტო, 2020 • 2678
პროპაგანდისტულ „ალტ-ინფოსთან“ 34 FB გვერდია დაკავშირებული – ISFED

ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ [ISFED] მოკვლევის თანახმად, ფეისბუკზე ოპერირებს 34 გვერდი, რომელიც პროპაგანდისტულ „ალტ-ინფოსთანაა“ დაკავშირებული.

მოკვლევის თანახმად, „ალტ-ინფო“, რომელიც თავს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს უწყოდებს, რეალურად, „ანტილიბერალურ, ანტისაიმიგრაციო, ლგბტქი თემის საწინააღმდეგო და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა“, რისთვისაც 34 ფეისბუკ გვერდს იყენებს.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ „ფეისბუქზე“ „ალტ-ინფოს“ კოორდინირებული მოქმედება გამოავლინა, რომლის მეშვეობითაც ორგანიზაცია ცდილობს საკუთარი კონტენტის შენიღბულად და მასობრივად გავრცელებას „ფეისბუქ“ მომხმარებლებზე.

ამჟამად „ალტ-ინფოს“ მთავარ იარაღს წარმოადგენს ონლაინ ვიდეო-გადაცემების გაზიარება მათთან დაკავშირებულ 34 „ფეისბუქ“ გვერდზე, რომელთაგან 12 გვერდი ღიად, ხოლო 22  გვერდი ფარულად არის აფილირებული „ალტ-ინფოსთან““, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

ფოტო: სქრინი IDFI-ს კვლევიდან

ISFED წერს, რომ 34 გვერდის გარდა, „ალტ-ინფო“ იყენებს 25 საჯარო ჯგუფს, რომელშიც ისინი თავიანთ სიახლეებს, ვიდეოებსა თუ სხვა სახის კონტენტებს აზიარებენ. 25 საჯარო ჯგუფიდან 7 „მჭიდროდ არის კოორდინირებული და შენიღბულად ეწევა „ალტ-ინფოს“ პროპაგანდას“.

„ალტ-ინფოს“ ფარულად გამავრცელებელ 22 გვერდს, ჯამში, 365,549 გამომწერი ჰყავს, ხოლო ოფიციალურად მოქმედ 12 გვერდს – 157,640.  მჭიდროდ კოორდინირებულ 7 ჯგუფში სულ 169,734 მომხმარებელია გაწევრიანებული, დანარჩენ 18 ჯგუფს კი, ჯამურად 777,679 წევრი ჰყავს,“.

ორგანიზაციის თანახმად, „ალტ-ინფოს“ ასევე უკავშირდებიან გვერდებიც, რომლის სახელწოდებებიც გასართობი ან შემეცნებითი ხასიათისაა.

ფოტო: სქრინი ISFED-ის კვლევიდან

„შესწავლილ 22 გვერდზე ერთდროულად ზიარდება ყველა ვიდეო-გადაცემა, რომელიც თავდაპირველად „ალტ-ინფოს“ ოფიციალურ გვერდზე ქვეყნდება, რაც მათ კოორდინირებულობას ადასტურებს.

ამ გვერდების უმრავლესობა, „ალტ-ინფოს“ სიახლეების გარდა, სხვა პოსტებს არ აქვეყნებს. გამონაკლისია მხოლოდ 3 ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული რელიგიური შინაარსის გვერდი, რომლებიც „ალტ-ინფოს“ ვიდეოებთან ერთად, მართლმადიდებლური შინაარსის პოსტებსაც ავრცელებს. ესენია: თაობა ქრისტესთვის, ახალგაზრდული ერთობა, და პატრიოტული სულისკვება“, – ამბობს ორგანიზაცია.

ამასთანავე, გვერდების გარდა, „ალტ-ინფო“ კონტენტის გასავრცელებლად „ფეისბუქზე“ ჯგუფებსაც იყენებს. ოფიციალურად, „ალტ-ინფოსთან“ მხოლოდ ერთი დახურული ჯგუფია დაკავშირებული – ალტ-ინფოს ჯგუფი.  თუმცა „სამართლიანმა არჩევნებმა“ აღმოაჩინა 25 ფეისბუქ ჯგუფი, რომლებშიც ერთი და იგივე ავთენტური თუ ყალბი ანგარიშები ორგანიზებულად აზიარებენ ვიდეოებს „ალტ-ინფოს“ ოფიციალური გვერდიდან. აქედან ერთი გვერდის, mematiane.ge სოსო მიქელაძის ადმინისტრატორი ალტ-ინფოს დამფუძნებელი შოთა მარტინენკოა.

სრული კვლევა წაიკითხეთ აქ. 


2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგად „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოავლინა, რომ „ალტ-ინფო“ აქტიურად ებრძვის ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებებს და „ფეისბუქ“ გვერდის მეშვეობით ყველაზე ხშირად ანტილიბერალურ, ნაციონალისტურ, ღიად ანტიდასავლურ და ანტისაიმიგრაციო გზავნილებს ავრცელებს.

„ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის – DFRLab-ის შეფასებით, „ალტ-ინფო“ ცდილობს, თავი სანდო წყაროდ წარმოაჩინოს, თუმცა, რეალურად, ანტიდასავლური და ჰომოფობიური განწყობების გაღვივებაზე მუშაობს“, – ამბობს ორგანიზაცია.

ISFED-ს კვლევის თანახმად, ფეისბუქზე“ საკუთარი ქსელის ღიად გაფართოება „ალტ-ინფომ“ 2019 წლის ივნისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ფეისბუქმა“ დაბლოკა „ალტ-ინფოს“ და მასთან დაკავშირებული, სიძულვილის ენით გამორჩეული ე.წ. „ალფა დომინანტის“ გვერდები.

მას შემდეგ ხელახლა შეიქმნა მათი ამჟამინდელი ოფიციალური გვერდი – Alt-Info • ალტ-ინფო, რასაც მალევე მოჰყვა მასთან დაკავშირებული ახალი ტიპის გვერდების გამოჩენა.

ორგანიზაცია წერს, რომ შპს „ალტ-ინფო“ 2019 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა და მისი დირექტორი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიხედვით, შოთა მარტინენკოა. კომპანიის 50-50%-იან წილებს შოთა მარტინენკო და ციალა მორგოშია ფლობენ. „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული კიდევ ერთი ორგანიზაცია ა(ა)იპ „ალტერნატივა საქართველოსთვის“ 2019 წლის 30 იანვარს დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ორგანიზაციის გამგეობის წევრები არიან კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო, ირაკლი ყიზილაშვილი და რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე გიორგი ქარდავა. ორივე ორგანიზაციის საკონტაქტო ელექტრონულ ფოსტად მითითებულია altinfocom@gmail.com.

მასალების გადაბეჭდვის წესი