ახალი ამბები

„ალტ ინფო“ უხამსობისა და არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი მასალის გამო დააჯარიმეს

15 აპრილი, 2021 • 2589
„ალტ ინფო“ უხამსობისა და არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი მასალის გამო დააჯარიმეს

კომუნიკაციის კომისიამ 2 500 ლარით დააჯარიმა ულტრამემარჯვენე ტელეკომპანია „ალტ ინფო“. როგორც მარეგულირებელი დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერს, ამის მიზეზი ტელეკომპანიის მიერ უხამსობისა და არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი მასალის ტირაჟირება გახდა.

„საქმე ეხება მაუწყებლის ეთერში 5 მარტს, 21:00 საათზე, გასულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუ „ალტ-ანალიტიკას“. გადაცემაში მასობრივად იყო გამოყენებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რომლებიც არა მხოლოდ უცენზუროა, არამედ – კონკრეტულ პირებს და პირთა ჯგუფებს აყენებს შეურაცხყოფას და ხელს უწყობს მათ სტიგმატიზებას.

კომისიამ მიიჩნია, რომ გადაცემაში გამოყენებული ლექსიკა ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს, არ გააჩნია საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება და მისი განთავსებით შეილახა ადამიანის ძირითადი უფლებები“, — ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

კომისია ამბობს, რომ „ალტ ინფოს“ ეთერში განთავსებულ გადაცემაში წამყვანები ასევე ამართლებდნენ ისეთ ქმედებებს, როგორიც არის ბავშვზე ფიზიკური ძალადობა და „ზოგადად, ძალადობა, რაც არა მხოლოდ მიუღებელია, არამედ – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დანაშაულია,“.

„კანონმდებლობის თანახმად, ასეთი შინაარსის პროგრამა 18 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუფერებლად მიიჩნევა და არ უნდა განთავსდეს 06:00-დან 24:00 საათამდე. გასათვალისწინებელია, რომ მაუწყებელმა 18 წლამდე
არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი მასალა 21:00 საათზე კანონდარღვევით განათავსა.

კომუნიკაციების კომისიას მიაჩნია, რომ განსაკუთრებით მაღალია ის ზიანი, რაც ამგვარი პროგრამის ეთერში განთავსებით ადგება როგორც სრულწლოვან, ისე – არასრულწლოვან აუდიტორიას“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი