პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილის საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში გამოჩენა “სერიოზულად დაგეგმილი პროვოკაციაა”.
ასე გამოეხმაურა ვოლსკი გუშინ, 4 მაისს, დავითგარეჯაში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც მელაშვილს “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფთან ერთად თავს დაესხნენ.
“ივერი მელაშვილის გამოჩენა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე, ვთქვათ, სავაჭრო ცენტრში, კონკრეტულ ტელევიზიასთან ერთად, ამ შემთხვევაშიც, მაგრამ უფრო სერიოზულად დაგეგმილი პროვოკაცია ვიხილეთ. როდესაც, ერთი მხრივ, სახელმწიფოს აყენებს იმ აუცილებლობის წინაშე, რომ გარკვეული ზომები მიიღოს სასულიერო პირების მიმართ, მეორე – გაგრძელდეს ეკლესიის დისკრედიტაცია, და მესამე – დაპირისპირების ახალი კერა შეიქმნას, როდესაც ადამიანი, ვინც აცხადებდა, რომ საქართველოს არ განეკუთვნება დავითგარეჯის ტერიტორია, ეს ადამიანი იქნას გამოყენებული პროვოკაციის დაწყების ან გაჩაღების მიზნით”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
4 მაისს დავითგარეჯაში გადაღებაზე მყოფ ივერი მელაშვილს და “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ტელეკომპანიის განცხადებით, ჟურნალისტებს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და დაუზიანეს ტექნიკა. მთავარი არხის ჟურნალისტის, ნინუცა კეკელიას თქმით, მათ თავს სასულიერო პირები დაესხნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 4 მაისს, დავითგარეჯაში “მთავარი არხის” ჟურნალისტებსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო.
აღნიშნული მუხლი ძალადობას გულისხმობს. უწყებაში მომხდარის შესახებ დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. გამოძიება ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით. სწორედ აღნიშნული დანაშაულის ნიშნებს ხედავს მომხდარში “კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” და შსს-ს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის აღკვეთისკენ მოუწოდებს.