საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის განცხადებებს ავრცელებენ. ორგანიზაციები გმობენ “მთავარი არხის” თანამშრომლებზე განხორციელებულ ძალადობას და მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებულ თავდასხმებს ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება განაპირობებს, ამიტომ, მნიშვნელოვანია, თითოეული ფაქტი სათანადოდ იყოს გამოძიებული.
ისინი ადგილზე სიუჟეტის გადასაღებად იყვნენ. ჩვენი ინფორმაცით, ივერი მელაშვილს დაზიანება არ აქვს. თუმცა ნაცემია „მთავარი არხის“ ოპერატორი და დამტვრეულია მისი კამერა. ამასთანავე, ადგილობრივები მუშაობის საშუალებას არ აძლევენ “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს” ,- აცხადებენ კოალიციაში.
დღეს, 4 მაისს დავითგარეჯაში გადაღებაზე მყოფ ივერი მელაშვილს და “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ტელეკომპანიის განცხადებით, ჟურნალისტებს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და დაუზიანეს ტექნიკა. მთავარი არხის ჟურნალისტის, ნინუცა კეკელიას თქმით, მათ თავს სასულიერო პირები დაესხნენ.