ახალი ამბები

“ლამაზი ჩვენებების მიღმა” — ქართველი მოდელები შრომითი უფლებების დარღვევებზე

4 მაისი, 2021 • 4677
“ლამაზი ჩვენებების მიღმა” — ქართველი მოდელები შრომითი უფლებების დარღვევებზე

“დიდხანს ვიკავებდი თავს და არ ვლაპარაკობდი, რა ხდება ლამაზი ჩვენებებისა და სურათების მიღმა”,  — წერს “ინსტაგრამზე” მოდელი ელენე ასათიანი. ის ერთ-ერთია მოდის ინდუსტრიაში დასაქმებული ქართველი ქალებიდან, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის აუდიტორიას უთხრეს, რომ საქმიანობა მძიმე პირობებში, შრომითი უფლებების დარღვევის ფონზე უწევთ.

ამ შემთხვევაში საქმე ეხება Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულს, რომელიც პანდემიის კრიზისიდან გამომდინარე, ციფრულ ფორმატში, 6-9 მაისს ეწყობა. მანამდე, აპრილის მიწურულს, თბილისში, კოკა-კოლის ძველი ქარხნის ტერიტორიაზე, გადაღებები გაიმართა. სწორედ ამ პროცესის დასრულების შემდეგ გამოჩნდა რამდენიმე მოდელის მონათხრობი სოციალურ ქსელში.

რა პრობლემებზე საუბრობენ მოდელები?

ერთ-ერთი პირველი, ვინც “ინსტაგრამის” აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა, მოდელი მარიშა ურუშაძე იყო. მისი განცხადებით, ამ სფეროში პრობლემები სიახლე არ არის, თუმცა “ასე შეურაცხყოფილად და გაბრაზებულად” თავი არასდროს უგრძნია.

ურუშაძე აღნიშნავს, რომ გადაღებების დროს მოდელებს არ ჰქონდათ ადგილი, სადაც კომფორტულად დასხდებოდნენ, ასევე, არ ჰქონდათ საშუალება, ესარგებლათ საპირფარეშოთი იმავე შენობაში, რომელშიც გადაღებები მიმდინარეობდა.

“გახსოვდეთ, რომ გოგოების ნახევარს პერიოდი ჰქონდა და ზოგიერთ მათგანს კიბეზე მოუწია ტამპონების გამოცვლა. არ იყო ტრანსპორტირება, არ იყო საჭმელი, დაბოლოს, რაღაცნაირად აღმოჩნდა, რომ ეს არავის ბრალი იყო. არც კი დავიწყებ საუბარს ხელფასებზე, რომლებიც სასაცილოა იმასთან შედარებით, რისი გაკეთებაც გვიწევს”, — დასძენს მოდელი.

მისი თქმით, გადაღებების პირველ დღეს ადგილზე დარჩენა 13:00-დან 23:00 საათამდე მოუწია, მეორე დღეს კი — 10:00-დან 19:00 საათამდე.

მარიშა ურუშაძე ფოტო: ლევან მაისურაძე / Vogue

მარიშა ურუშაძე ფოტო: ლევან მაისურაძე / Vogue

კვების, ანაზღაურებისა და სხვა საკითხების შესახებ საუბრობს მოდელი ელენე ასათიანიც. მისი თქმით, მოდელებს ყოველ სეზონზე უწევთ სხვადასხვა პრობლემასთან შეჯახება, თუმცა ამჯერად მათ მიმართ “უპატივცემულობა ყოველგვარ ზღვარს გასცდა”.

“უმეტეს შემთხვევაში მთელი დღე გვიწევს საჭმლის გარეშე ყოფნა, არავინ გვეუბნება კონკრეტულ სამუშაო საათებს, მით უმეტეს, ამ სეზონზე, როცა [ციფრული გადაღებებია].

სირცხვილია, ვახსენო საპირფარეშოს მდებარეობა, რომელიც სულ სხვა შენობაში შეიძლება აღმოჩნდეს. სირცხვილია, ვახსენო ანაზღაურება… თუ ევროპაში ერთ ჩვენებაში ანაზღაურება გამოდის ათასობით ლარი, ჩვენ 150 და 200 ლარზე(კიდევ ამას მინუს პროცენტები) უნდა ვიმუშაოთ ასეთ პირობებში”, — დასძენს ის.

მოდელები ყურადღებას ამახვილებენ კოვიდ-რეგულაციების პირობებში აღმოცენებული საკითხების მოუწესრიგებლობაზეც. მათი თქმით, ვინაიდან გადაღება გვიან დასრულდა, ორგანიზატორებმა მისცეს საშვი, რომლითაც ე.წ. კომენდანტის საათის დროს ქუჩაში გადაადგილებას შეძლებდნენ, თუმცა ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი არ ყოფილა.

“როგორც იცით, 9 საათზე არის კომენდანტი. ჰოდა, როდესაც მოდელს გაჩერებენ გვიანობამდე(9-ის მერე), გიკეთებენ საშვს, მაგრამ ტრანსპორტს თავიანთ თავზე არ იღებენ და თურმე ეს მოდელის მოსაგვარებელია… შეგიძლია, ფეხით წახვიდე ან შეგიძლია, “გაფრინდე”. ეგ უკვე მათი სადარდებელი აღარ არის”, — წერს ელენე ასათიანი.

ელენე ასათიანი

კიდეც ერთი მოდელის, ელენე იაკობაშვილის თქმით, ამ თემაზე პრეტენზიის გამოთქმის გამო პროექტიდან მოხსნეს.

“პასუხი გავეცი ორგანიზატორებს, რომ რადგან საშვი მოგვცეს, ჩავთვალეთ, რომ ტრანსპორტირება მოგვარებული იყო. და იმის გამო, რომ პრეტენზია გამოვთქვი მეორე დღეს იგივეს განმეორებაზე და ცხრის მერე იქ ყოფნაზე, რაც აუცილებლად მოხდებოდა, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ დიზაინერებისთვის ეთქვათ: ყველას, ვისაც ვყავდი შემდეგ შოუში, ამოვესვი, იმის გამო, რომ თურმე უზრდელი ვარ და შეურაცხყოფა მივაყენე. ასე დავამთავრე ამ პროექტთან თანამშრომლობა”, — წერს ის.

“მოდელების შრომითი უფლებები “Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულს” არ ეხება”

“ნეტგაზეთთან” საუბრისას Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულის დამფუძნებელი სოფო ჭყონია აღნიშნავს, რომ მოდელების მიერ ჩამოთვლილი პრობლემების გადაწყვეტა პროექტის ორგანიზატორთა კომპეტენციაში არ შედის.

მისი თქმით, ორგანიზატორები კონკრეტულ ღონისძიებაში მონაწილე დიზაინერებთან დებენ კონტრაქტებს, ეს უკანასკნელნი კი, თავის მხრივ, არჩევენ სამოდელო სააგენტოებს, რომლებთან თანამშრომლობაც სურთ. ჭყონია დასძენს, რომ საკითხები, როგორებიცაა მოდელის ხელფასი, კვება და ტრანსპორტირება, დიზაინერებსა და სამოდელო სააგენტოებს შორის გვარდება და “Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული” აღნიშნულთან არაფერ შუაშია.

“დიზაინერი ირჩევს მოდელს, დიზაინერი უნდა უზრუნველყოფდეს საკვებს, დიზაინერი უნდა უზრუნველყოფდეს, თუ გვიანობამდე დარჩა მოდელი, მის ტრანსპორტირებას, დიზაინერი უზრუნველყოფს ხელფასს და ურთიერთობას სააგენტოსთან. აქ მოდის კვირეული აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არის”, — დასძენს ის.

ჭყონიას თქმით, შეუძლია, მოდელების მიერ გახმიანებულ მხოლოდ ერთ პრეტენზიას უპასუხოს:

“[პრეტენზია იმაზე], რომ ტუალეტი იყო შორს… ძალიან მერიდება, საპირფარეშო სად იყო, ამის გარჩევა. ეს არის კოკა-კოლას ძველი ქარხანა, სადაც ვაკეთებთ ძალიან დიდ სასწავლო-საგანმანათლებლო-კულტურულ ცენტრს.

იქ არის ჩვენი ოფისი. რამდენიმე შენობაა ერთ ტერიტორიაზე. ეს ტუალეტი მდებარეობს ჩვენი ოფისის შენობაში, რომელიც არც ისე შორს არის [იმ შენობიდან, სადაც გადაღებები მიმდინარეობდა]”.

სოფო ჭყონია სქრინი გადაცემიდან "ბაიასთან"(ფორმულა ტვ)

კითხვას, პროექტის ორგანიზატორებსა და დიზაინერებს შორის დადებული კონტრაქტები თუ მოიცავს დათქმებს პროცესში ჩართული მოდელებისთვის შრომითი უფლებების გარანტიებზე, სოფო ჭყონია ასე პასუხობს:

“მე ვერ დავუწესებ სტანდარტებს. ეს უნდა გააკეთოს სააგენტომ, რომელიც წარმოადგენს ამ მოდელს. მე ვარ ღონისძიების ორგანიზატორი. დიზაინერი ქირაობს მოდელს სააგენტოსგან. მე როგორ ჩავერიო?

მოდელის შრომითი უფლებები “Mercedes-Benz Fashion Week”-ს არ ეხება. მე ვაკეთებ სეტაფს, ჩამომყავს გადამღები ჯგუფი, ჩამომყავს სტუმრები და ა.შ.”

მისი განცხადებით, თუ რომელიმე სააგენტოს აქვს პრეტენზია შრომით პირობებთან ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით, გადაღების ადგილზე უნდა მივიდეს და მათ მოგვარებას შეეცადოს, რაც არ მომხდარა.

ჭყონიას თქმით, პროექტის დაფუძნების შემდეგ სააგენტოებსა და დიზაინერებს არაერთგზის სთხოვა, ერთმანეთთან დაედოთ კონტრაქტები, რომლებშიც მოდელების სამუშაო პირობებს განსაზღვრავდნენ, თუმცა ასეთი რამ არ მომხდარა.

მანვე დაადასტურა, რომ მოდელი ელენე იაკობაშვილი ორგანიზატორებმა პროექტიდან მართლაც მოხსნეს, თუმცა უარყოფს, რომ გადაწყვეტილება მის მიერ პერტენზიის გამოთქმის ფაქტს უკავშირდება. სოფო ჭყონიას თანახმად, იაკობაშვილი “კონფლიქტურ სიტუაციას ქმნიდა”.

მოდის კვირეულის ორგანიზატორის თქმით, ხსენებული მოდელები “უმცირესობას” წარმოადგენენ მრავალ მოდელს შორის, რომელთაც გადაღებებში მიიღეს მონაწილეობა. მისი განცხადებით, ისინი ძირითადად მიეკუთვნებიან ერთ სამოდელო სააგენტოს, რომელსაც “რაღაც თემა აქვს აგორებული”:

“მე ვერაფრით ამიყოლიებენ, რადგან მე სულ სხვა სტატუსი მაქვს, სულ სხვა პოზიცია მაქვს, სულ სხვა ინვესტიციები მაქვს ამ ინდუსტრიაში გაკეთებული”, – ამბობს ის და იქვე დასძენს:

“…ქართული მოდის, დიზაინერებისა და მოდელების გაპიარებაში მსოფლიო მასშტაბით დახარჯული მაქვს 400 000 დოლარზე მეტი… როდესაც ადამიანს აქვს ამხელა თანხა დახარჯული, თქვენ როგორ გგონიათ, მე ამ პროექტზე ტუალეტის გამო ვინმეს შეურაცხყოფას მივაყენებინებ?”

სოლიდარობის გზავნილები მოდელების მიმართ

ქართველი მოდელების ნაამბობს მოდის ინდუსტრიაში დასაქმებული არაერთი ადამიანი სოლიდარობის განცხადებებით გამოეხმაურა. მათ შორისაა ფოტოგრაფი ლუიზა ჩალათაშვილი.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ჩალათაშვილი ქართული მოდის ინდუსტრიაში არსებულ ვითარებას მიმოიხილავს და დასძენს, რომ მოდელების მიერ გახმიანებული პრობლემების შესახებ ამ სფეროში დასაქმებულმა ყველა ადამიანმა იცის.

“ყველამ კარგად ვიცით, ვისაც გვიწევს ამ სფეროში მუშაობა, თუ რა მინიმალურ, სრულიად შეუსაბამო ანაზღაურებებზეა ლაპარაკი. ასეთ პირობებში შესაბამის გარემოსაც კი არ უქმნიან ადამიანებს სამუშაოდ.

მე დიდი ხანია, მიწევს ქართველ მოდელებთან მუშაობა. ყოველთვის ვამბობ, რომ ვიღაცებს ეს ერთი შეხედვით მარტივი პროფესია ჰგონიათ, [არადა] ეს არის ურთულესი. რამხელა შრომის, რამდენი გადაბმული საათის მუშაობის შედეგია ეს ყველაფერი…

ბოლომდე გვერდზე გიდგავართ. ძალიან მინდა, რომ კარგ პირობებში ვიმუშაოთ ყველამ, დაფასდეს თვენი შრომა და ვეცდები, რომ ყველა გადაღებაზე მეც დაველაპარაკო ხოლმე დამკვეთს… ვუთხრა, რომ აუცილებელია, მინიმუმ, ელემენტარული პირობების დაცვა”, — დასძენს ის.

"სრული მხარდაჭერა ქართველ მოდელებს" — კადრი ლუიზა ჩალათაშვილის ვიდეომიმართვიდან

“სრული მხარდაჭერა ქართველ მოდელებს” — კადრი ლუიზა ჩალათაშვილის ვიდეომიმართვიდან

4 მაისს განცხადება გაავრცელა სამოდელო სააგენტო Look Modéls Managemént-მა, რომელიც ასევე უჭერს მხარს მოდელებს და აღნიშნავს, რომ ყველა მათგანს აქვს აზრის გამოხატვის უფლება.

“სააგენტოები ყოველთვის ვიცავდით და მომავალშიც დავიცავთ მათ ინტერესებს და უფლებებს, რაც ჩვენი უშუალო ვალდებულებაა! ამასთანავე დავძენთ, რომ ყველა მოდელს აქვს თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება, რაშიც სააგენტო მათ ხელს ვერც და არ შეუშლის!

ვიმედოვნებთ, მომავალში ქართული მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები და მათი მიმდევრები სამოდელო პროფესიას აღიქვამენ ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მთავარ მამოძრავებელ ძალად მოდის ინდუსტრიაში და ვიმედოვნებთ, რომ ექნებათ შესაბამისი დაფასება და თანასწორი მოპყრობა!!!

ყველამ უნდა იგრძნოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და სხვაზე გადაბრალების და რეპუტაციის შელახვის ინსტიტუტი უნდა დამთავრდეს!” — ვკითხულობთ განცხადებაში.

მოდელებს სოლიდარობა გამოუცხადეს მათმა კოლეგებმაც, მათ შორის, თაკო ნაცვლიშვილმა და თათია ახალაიამ.

“პატივი ეცით მოდელებს. ამ ბიზნესში ადამიანის უფლებების დარღვევა უნდა შეწყდეს. მოდელებს მონებივით ექცევიან, ძალიან ბევრს მუშაობენ მეტად ცუდ პირობებში და ადეკვატურ ხელფასებსაც კი არ იღებენ. ადამიანებმა საქართველოში უნდა გაიგონ, რომ ეს ბიზნესი ჰობი ან მხოლოდ გართობის საშუალება არ არის. ეს საქმეა, რომელიც მძიმე შრომას მოითხოვს”, — წერს ნაცვლიშვილი “ინსტაგრამზე”.

მეტი დეტალის გარკვევის მიზნით, “ნეტგაზეთი” ცდილობს დაუკავშირდეს როგორც მოდელებს, რომლებმაც თავიანთი ისტორიები გაახმიანეს, ისე ინდუსტრიაში დასაქმებულ სხვა ადამიანებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი