ახალი ამბები

ამ ეტაპზე თბილისში სინოფარმით ასაცრელად ადგილები სრულად შეივსო

27 აპრილი, 2021 • 2343
ამ ეტაპზე თბილისში სინოფარმით ასაცრელად ადგილები სრულად შეივსო

ამ ეტაპისთვის თბილისში ჩინეთში წარმოებული „სინოფარმის“ ვაქცინით ასაცრელად ადგილები სრულად შეივსო.

“ამ ეტაპისთვის რაც იყო პროგრამულად მოწოდებული[თბილისში], ყველა შეივსო და თუ იქნება დამატებული, მოგეწოდებათ ინფორმაცია”,  – აცხადებენ ცხელ ხაზზე.

რაც შეეხება რეგიონებს, ამ დროისთვის[22:06] “სინოფარმის” ვაქცინით ასაცრელად თავისუფალი ადგილები არის.

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩინეთში წარმოებული „სინოფარმის“ ვაქცინით ასაცრელად რეგისტრაცია დღეიდან, 27 აპრილიდან დაიწყო 18 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის.

გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ გამოაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

„ამის საფუველი გახლავთ ის, რომ არსებობს არაერთი კვლევა, რომ 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის სინოფარმი არის უსაფრთხო ვაქცინა და საბჭო დაეყრდნო საერთაშორისო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მინისტრმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რომ ჯანმოს ავტორიზაცია „სინოფარმს“ ჯერ ისევ არ აქვს მიღებული— და თუ ვერ მიიღო ამ ვაქცინამ ჯანმოს ავტორიზაცია, როგორ მოიქცევა საქართველოს მთავრობა, ტიკარაძემ უპასუხა:

„29 აპრილს გაიმართება დამატებითი სხდომა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, სადაც მიიღებენ გარკვეულ გადაწყვეტილებას „სინოფარმთან“ მიმართებაში. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს არაერთ მტკიცებულებაზე დაყრდნობილი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც „სინოფარმი“ არის უსაფრთხო და მილიონობით მოქალაქეს აქვს ის გამოყენებული“.

მინისტრის თქმითვე, საყოველთაო ვაქცინაცია ჯერჯერობით არ იწყება.

ერთი კვირით ადრე, 18 აპრილს, დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ „სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყებოდა. მისი განცახდებითვე, ქვეყანაში „სინოფარმის“ 100 000 დოზაა დასაწყობებული.

მთავრობის ინფორმაციით, 27 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში სულ აცრილია 40 095 ადამიანი.

ამასთან, ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ით ინფიცირების 1578 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყანაში, ჯამში, 305 850 შემთხვევააა რეგისტრირებული; გარდაიცვალა კოვიდინფიცირებული 4 060 მოქალაქე.

მასალების გადაბეჭდვის წესი