პედაგოგ ნინო დათაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე დღეს პირველი არსებითი სხდომა გაიმართა. საქმე დაეწერა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს.

სწორედ მჭედლიშვილი განიხილავდა პროევროპულ აქციაზე დაკავებულთა 8-პირიან საქმეს, როდესაც სხდომის დარბაზს გარეთ ნინო დათაშვილსა და სასამართლოს მანდატურებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა. როგორც ცნობილია, მანდატურებმა დათაშვილს არ მისცეს იმ დარბაზის კართან მიახლოების შესაძლებლობა, რომელშიც მჭედლიშვილი მტკიცებულებებს იკვლევდა. დათაშვილსა და მანდატურებს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ “წესრიგის დაცვის მოტივით” მანდატურებს ფიზიკური ძალის გამოყენებით გაჰყავთ დათაშვილი შენობიდან. დათაშვილი მათ წინააღმდეგობას უწევს. როგორც ამბობს, მიიღო დაზიანებებიც.

მომხდარიდან 11 დღის შემდეგ, 20 ივნისს, ნინო დათაშვილი დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს საჯარო მოხელეზე თავდასხმას მის სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებით. საჯარო მოსამსახურე, ვისაც პროკურატურის თქმით, ნინო დათაშვილი „თავს დაესხა“, სასამართლოს მანდატური გიორგი შარიქაძეა.

დღევანდელ სხდომაზე პროკურორმა მედეა ცირამუამ მოითხოვა დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის საქმეზე დართვა. ასევე, იმ ექსპერტების გამოკითხვა, რომლებიც მასში მონაწილეობდნენ. მათ შორის არის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი, დავით მაღრაძე.

ბრალდებული და მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ექსპერტიზა ნინო დათაშვილის თანხმობის გარეშე ჩატარდა. უფრო მეტიც, დათაშვილმა თქვა, რომ ისე ჩატარდა მთელი ექსპერტიზა, ვერ მიხვდა, რა ხდებოდა მის თავს. ადვოკატმა ელისო რუხაძემ ახსენა, რომ დათაშვილს მხოლოდ მას შემდეგ გაუჩნდა ეჭვი, რომ ფსიქიატრიულ ექსპერტიზას  უტარებდნენ, რაც მგრძნობიარე საკითხებზე, მათ შორის მის ბავშვობაზე დაუსვეს კითხვები.

ადვოკტები განმატავენ, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ნინო დათაშვილს არანაირი ფსიქიატრიული დიაგნოზი არ აქვს და უშუალოდ ინციდენტის დროსაც შეეძლო საკუთარი თავისა და ემოციების კონტროლი. თამარ გაბოძემ განაცხადა, რომ დასკვნაში არაფერია წერია დათაშვილის ინტერესების საწინააღმდეგო, მაგრამ  მაინც აპროტესტებს პროკურორის შუამდგომლობას და ამბობს, რომ უკანონოდ ჩატარებული ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა საქმეს არ უნდა დაერთოს.

პროკურორმა მედეა ცირამუამ განმარტა, რომ ექსპერტიზა დაეფუძნა თავად დაცვის მხარის წარმოდგენილ ე.წ. ფორმა 100-ს, სადაც წერია, რომ დათაშვილს კონკრეტულ სამედიცინო ჩვენებებთან, მათ შორის წელის მალთაშუა დისკის დაზიანებასთან და თიაქართან ერთად აღენიშნება “ფსიქო-ემოციური ლაბილობა”. დოკუმენტი 2019 წლითაა დათარიღებული. დათშვილის უფლებადამცველები გამარტავენ, რომ ეს გამოწვეული იყო ხერხემლის ძლიერი ტკივილით.

დღევანდელ სხდომაზე განხილვის საგანი გახდა ისიც, თუ რატომ ჩატარდა დაგეგმილი სტაციონარული ექსპერტიზის ნაცვლად ამბულატორიული ექსპერტიზა:

31 ივლისს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა პროკურორის მიმართვის საფუძელზე გამოსცა განჩინება ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით, იმის მიუხედავად, რომ დათაშვილის ადვოკატები ამას ეწიააღმდეგებოდნენ. ამ სხდომას თავად დათაშვილი არ ესწრებოდა. საბოლოოდ სტაციონარულის ნაცვლად დათაშვილს ჩაუტარდა ამბულატირიული ექსპერტიზა.

პროკურორმა ცირამუამ განმარტა, რომ მოსამართლის განჩინება დაზუსტდა მისი დადგენილების საფუძველზე და შეიცვალა “კვლევის მეთოდი” – სტაციონარულის ნაცვლად, ამბულტორიული. ცირამუას თქმით, ეს თავად ბრალდებულის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გააკეთა.

“ბრალდებულის მხრიდან აღქმული იქნა, რომ ეს ექპერტიზა მიმართული იყო მის სადამდჯელო ღონისძიებად”, – თქვა ცირამუამ და დაამატა, რომ რადგან ნინო დათაშვოლმა უარი თქვა სტაციონარულ ექსპერტიზაზე, გადაწყვიტეს ამბულატორიული კვლევის ჩატარება.

თუმცა აღმოჩნდა, რომ საქმეში არ დევს არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტი იმისა, რომ დათაშვილი სტაციონალურ ექსპერრიზაზე უარს ამბობდა. ამაზე პროკურორს მოსამართლემ მიუთითა და ჰკითხა, საიდან იცოდა, რომ დათაშვილი წინააღმდეგი იყო, მისთვის სტაციონალური ექსპერტიზა ჩაეტრებინათ. პროკურორმა განმარტა, რომ დათაშვილის პოზიცია საჯარო სივრცეში გაახმიანეს მისმა ადვოკტებმა და რადგან მიხვდა, რომ “დასჯად” აღიქვამდა მის სტაციონარში გადაყვანას, ამიტომ, “ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე” მიიღო გადაწყვეტილება, სტაციონალური ექსპერტიზა შეეცვალა ამბულატორიულით.

“თქვენ საუბრობთ ნინოს საუკეთესო ინტერესზე? ფსიაქტიული ექსეპრტიზის ჩატარება გინდოდათ ხერხემლის ტკივილის საფუძველზე და ბრალი წარუდგინეთ, როცა თავად არის დაზარალებული. ძალიან უხერხულია, რომ თქვენ საუბრობთ ნინოს საუკეთესო ინტერესებზე”, – ასე მიმართა ადვოკატმა თამარ გაბოძემ პროკურორ მედეა ცირამუას და მიუთითა, რომ რომ ეს ტერმინი – “საუკეთესო ინტერესი” არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში გამოიყენება.

პროკურორის ამ განმარტებას გამოეხმაურა თავად ბრალდებულიც. ნინო დათაშვილმა თქვა, რომ მისი სამედიცინო დოკუმენტების წარდგენის ერთადერთი მიზანი იყო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობისას მოსამართლეს გაეთვალისწინებინა მისი ჯანმრთელობის მდგომაროებაც. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ 2019 წლის დასკვნა, სადაც მის ძირითად დიაგნოზთან ერთად “ფსიქო-ემოციურ ლაბილობაზეა” საუბარი, რამდენჯერმე გადაამოწმა და სხვა დასკვნებში, სხვა ექიმებს მის ფსიქოლოგიურ მდგომაროებაზე ყურადღება აღარ გაუმახვილებიათ. თუმცა დათაშვილი დასენს იმასაც, რომ “ფსიქო-ემოციური ლაბილობა” არის სხვადასხვა ფაქტორით გამოწვეული ემოციების მოჭარბებული მდგომარეობა. სხდომაზე მან აღნიშნა, რომ “ემოციური ლაბილობა” აქვს თითქმის ყველა ორსულ ქალს, ასევე პოსტსოპერაციულ პერიოდში მყოფებს და ა.შ.

“ჩემი საუკეთესო ინტერესი იყო, რომ დაეკისრებინათ ჯარიმა, ან საერთოდ შეეწყვიტათ საქმე”, – განაცხადა ნინო დათაშვილმა.

დეტალები 21 ივნისს გამართული სხდომიდან შეგიძლიათ წაიკითხოთ “ნეტგაზეთის” ლაივ-ბლოგში ამ ბმულზე.

დღევანდელი სხდომა იყო ამ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გამართული მე-3 სხდომა და დათაშვილის ადვოკატებმა უკვე მესამედ დააყენეს თბილისის საქალაქო სასამართლოს აცილების შუამდგომლობა. თამარ გაბოძის თქმით, რადგან საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირი და მოწმეები – სხვა მანდატურები – ამ სასამართლოს თანამშრომლები არიან, ამიტომ ამ სასამართლოს ვერც ერთი მოსამართლე ვერ დააკმაყოფილებს ობიექტურობის სტანდარტს. მან თამარ მჭედლიშვილს უთხრა, რომ საქმე ეხება არა პირადად მას, არამედ ზოგადად, თბილისის საქალაქო სასამართლოს.

გაბოძემ გაიხსენა ინციდენტი, რომელიც 7 აგვისტოს, წინასასამართლო სხდომის შესვენების დროს, მასსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურების ხელმძღვანელს, დავით მატიაშვილს შორის მოხდა. წინასასამართლო სხდომის დროს დათაშვილმა და მისმა ადვოკატებმა მატიაშვილის დარბაზიდან გასვლა მოითხოვეს, როგორც “ინციდენტში მონაწილე პირის”. შესვენების დროს მატიაშვილი ადვოკატთან მივიდა და ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. მანდატური ადვოკატს უყვიროდა და შენობით მიმართავდა. ამ მაგალითის საფუძველზე ცდილობდა ადვოკატი დაესაბუთებინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ საქმის ობიექტურად განხილვის შესაძლებლობები არ არსებობს. შუამდგომლობის დაყენებისას გაბოძემ აღნიშნა, რომ მან უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს რეაგირების მოთხოვნით.

პროკურორი მედეა ცირამუა არ დაეთანხმა ამ შუამდგომლობას. მან თქვა, რომ “ერთიანი სისტემის” ნაწილია არა მხოლოდ თბილისის საქალაქონ სასამართლოში მომუშავე მოხელეები, არამედ მთლიანად საერთო სასამართლოებია და ამ არგუმენტით საქმის სხვაგან გადატანა უსაფუძვლოა. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა განაცხადა, რომ კონკრეტული მოსამართლის აცილებსითვის უნდა არსებობდეს პირდაპირი მტკიცებულებები და ადვოკატის მსჯელობა ზედმეტად ზოგადია იმისთვის, რომ მისი ობიექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

“ჩემ მიერ მიღებული იქნება ინდივიდუალური, ობიექტური გადაწყვეტილება”, – განაცხადა თამარ მჭედლიშვილმა

თუმცა ჯერჯერობით არათუ “ობიექტური გადაწყვეტილება”, არამედ ისიც ვერ მოვისმინეთ, დაუკმაყოფილებს თუ არა პროკურორ ცირამუას შუამდგომლობას ექსპერტიზის დასკვნის საქმეზე მტკიცებულებად დართვის შესახებ.

პროკურორის შუამდგომლობის შემდეგ მჭედლიშვილმა თქვა, რომ მოისმენდა დაცვის მხარის შუამდგომლობებსაც და ორივეს შესახებ გადაწყვეტილებას ერთიანად გამოაცხადებდა. ადვოკატებმა რამდენიმე მოწმისა და წერილობითი მტკიცებულების დართვის შესახებ იშუამდგომლეს. მათი მოსმენის შემდეგ მოსამართლემ თქვა, რომ როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის დღევანდელი შუამდგომლობების დაკმაყოფილება/არდაკმაყოფილების შესახებ გადაწყვტილებას მომავალ სხდომაზე გამოაცხადებდა.

შემდეგი სხდომის თარიღაც მან განსაზღვრა 8 სექტემბერსი, 13:00 საათი.

ამავე თემაზე: