ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“აზერბაიჯანში წიგნის გამოცემით ფულს ვერ იშოვი” – მცირე გამომცემლობის გამოწვევები

26 აპრილი, 2021 • 2377
“აზერბაიჯანში წიგნის გამოცემით ფულს ვერ იშოვი” – მცირე გამომცემლობის გამოწვევები

ავტორი: ნიკა მუსავი


“ეს არ არის კომერციული პროექტი და არ ვაპირებთ ამაზე ფულის შოვნას. მით უმეტეს, რომ აზერბაიჯანში წიგნის გამოცემით ფულს ვერ იშოვი, ეს შეუძლებელია. თუმცა ვისურვებდი,  რომ ყოველი ახალი გაყიდული წიგნის ფული ახალი წიგნის გამოცემას ეყოს”.

120 წლის წინ ბაქოში მიწისქვეშა ტიპოგრაფია “ნინა” გაიხსნა, რომელიც გამოსცემდა სოციალურ-დემოკრატიულ ლიტერატურას და რომელმაც საბოლოოდ არსებითი და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 1905 წლის რევოლუციის მომზადებაში. შეგვიძლია თუ არა პარალელის გავლება მასსა და 2021 წლის დასაწყისში აზერბაიჯანში გამოჩენილ მცირე დამოუკიდებელ გამომცემლობა «Egalite» -ს შორის? სამწუხაროდ, არა, თუმცა ეს გამომცემლობა უკვე იპყრობს ყურადღებას იმით, რომ ის ერთადერთია იმ ძალიან მცირე დამოუკიდებელ აზერბაიჯანულ გამომცემლობებს შორის, რომელიც მემარცხენე იდეოლოგიის ლიტერატურის გამოცემაზეა ორიენტირებული. ამჟამად გამომცემლობა არსებობს იქ მომუშავე ადამიანების პირადი სახსრებითა და ენთუზიაზმით. ვინ და რატომ გადაწყვიტა მსგავსი არამომგებიანი და სარისკო საქმის კეთება, ამის შესახებ ნეტგაზეთთან «Egalite»-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი თოგრულ აბბასოვი საუბრობს. 

Liberté, égalité, fraternité…  გამომცემლობის სახელს რამე კავშირი აქვს საფრანგეთის რევოლუციის ცნობილ დევიზთან? 

– დიახ. ჩვენ დავამუშავეთ სახელის რამდენიმე ვარიანტი და ხმათა უმრავლესობით ამაზე შევჩერდით. ვფიქრობ, ამ სახელწოდების ერთ-ერთი უპირატესობაა ის არის, რომ ის საერთაშორისოა. 

თქვენი მიზანი მემარცხენე იდეების პროპაგანდაა? 

მთლად ასე არ არის, თუმცა, დიახ, ჩვენ ნამდვილად “მემარცხენეები” ვართ დიდი სტაჟით და 2010-2015 წლებშიც მსგავსი საქმიანობით ვიყავით დაკავებული – აზერბაიჯანულ ენაზე ვთარგმნიდით და გამოვცემდით დასავლელი მემარცხენე ინტელექტუალების ნაშრომებს, გამოვცემდით ჟურნალს. შესაბამისად, ჩვენი ახალი გამომცემლობა, თავისი არსით,  იმავე საქმიანობის გაგრძელებაა. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი მიზანია მხოლოდ მემარცხენე იდეოლოგიის პროპაგანდა. უფრო მეტად ეს იქნება ფართო გაგებით განსხვავებული აზრის და კრიტიკული აზროვნების პროპაგანდა. სწორედ ასეთი ლიტერატურის გამოცემას ვაპირებთ. არაა აუცილებელი, რომ წიგნები, რომელსაც ვთარგმნით და გამოვცემთ აზერბაიჯანულ ენაზე, აუცილებლად “მემარცხენის” მიერ იყოს დაწერილი. უილიამ ფოლკნერი, მაგალითად, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა მემარცხენე მოძრაობასთან, იყო მოდერნისტი და საკუთარი შემოქმედებით ებრძოდა საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს. 

შეიძლება თქვენს საქმიანობას ვუწოდოთ პოლიტიკური? ან საზოგადოებრივ-პოლიტიკური? ასევე, თქვენი აზრით, მოიტანს ის რაიმე ხელშესახებ შედეგს და იქონიებს თუ არა რაიმე გავლენებს? 

რასაკვირველია, ეს საზოგადოებრივი საქმიანობაა და რაღაც გაგებით, პოლიტიკურიც. თუმცა საზოგადოებრივ ცნობიერებაში დამკვიდრებული შაბლონები, ღრმად დამკვიდრებულ პარადიგმას დაუპირისპირდე  – ყოველივე ეს მოითხვოს დროს და ძალისხმევას. მოკლე დროში ამის გაკეთება შეუძლებელია. გრძელვადიან პერდპექტივაში, შესაძლოა, რაიმე შევცვალოთ საზოგადოების ხედვებში. სწორედ ამაზე გვაქვს გათვლა, ამიტომაც შევქმენით ეს გამომცემლობა.

რაც შეეხება ზოგადად მემარცხენე იდეოლოგიას აზერბაიჯანში, რა სურათია?

ჩემი აზრით, საქმე არც ისე კარგად გვაქვს. ამის სათქმელად საკმარისია ის, რომ აზერბაიჯანში არ არსებობს არცერთი მემარცხენე პარტია, თუნდაც მცირე. მხოლოდ უმნიშვნელო “ნარჩენებია” საბჭოთა კომუნისტური პარტიისა, რომელიც ფორმალურ ხასიათს ატარებს. სრულყოფილ მემარცხენე იდეოლოგიაზე დაფუძნებული პარტია არ არსებობს. მემარცხენე იდეების მქონე ორგანიზაციაც კი არ არსებობს აქ. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მემარცხენე იდეოლოგიას პრაქტიკულად არანაირი პოლიტიკური გავლენა არ გააჩნია ქვეყანაში.  

მეორე მხრივ, 2010 წლიდან ახალგაზრდა ადამიანების რიცხვი, რომელიც საკუთარ თავს მემარცხენედ მიიჩნევს, საკმაოდ იზრდება 90-იან და 2000-იან წლებთან შედარებით. თუმცა ეს ყველაფერი მაინც ინდივიდუალურ დონეზე მიმდინარეობს და ხშირ შემთხვევაში, რაღაც საყმაწვილო საქმიანობად რჩება და ორგანიზაციის ეტაპზე აღარ ვითარდება. 

პირველი სერიოზული მცდელობა მემარცხენეებისა, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მიეღოთ მონაწილეობა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყო, როდესაც მასში მემარცხენე კანდიდატი მონაწილეობდა. მემარცხენე იდეოლოგიის მქონე ახალგაზრდობამ მაშინ ძალიან აქტიურად მიიღო მონაწილეობა წინაასარჩევნო კამპანიაში, რაც თავის მხრივ, საყურადღებო მოვლენა იყო. 

დიახ, რეალურად, აზერბაიჯანში მემარცხენე მოძრაობა არ არსებობს, საზოგადოება მემარცხენე იდეოლოგიას უყურებს, როგორც რაღაც უარყოფითს და მას მხოლოდ საბჭოთა კავშირს უკავშირებს, თუმცა ბოლო 10 წელი გარკვეულ პოპულარობას მაინც იძენს ახალ თაობას შორს, რომელიც უკმაყოფილოა მიმდინარე ვითარებით ქვეყანაში. შეუძლია თქვენს გამოცემას და იმ ლიტერატურას, რომელსაც გამოსცემთ, ამ იდეოლოგიის მიმდევართა რიცხვი გაზარდოს? 

როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ რაიმე კონკრეტული მიზანი არ გვაქვს. თუმცა, ვისურვებდით, ხელი შევუწყოთ კრიტიკული აზრისა და შესაბამისი სივრცის ფორმირებას, რათა გვქონდეს საშუალება მემარცხენე იდეების მქონე ადამიანების სახელით სრულფასოვან დიალოგში შევიდეთ.

თქვენ უკვე გქონდათ გამოცდილება მსგავსი ლიტერატურა შეგექმნათ რამდენიმე წლის წინ. რამდენად მოთხოვნადი იყო თქვენი წიგნები? 

საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო წიგნებზე. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი იმავეს ჟურნალის შესახებ, რომელსაც გამოვცემდით. შესაძლოა, უბრალოდ არასწორი ფორმატი ავირჩიეთ და ჟურნალი ძალიან აკადემიური გამოვიდა. მსგავს ჟურნალებზე კი მსოფლიოში არსად არაა დიდი მოთხოვნა 

მხოლოდ თანამედროვე ლიტერატურის თარგმნით? 

უპირატესობას ამას ვანიჭებთ.  გვინდა, ადგილობრივი მკითხველი “უკანასკნელი ტენდენციების” საქმის კურსში ვამყოფოთ. შესაბამისად, უპირატესობას თანამედროვე ნაწარმოებებს მიენიჭება ან იმათ, რაც აქამდე აზერბაიჯანულ ენაზე არასოდეს ყოფილა თარგმნილი. ასევე, გამოვცემთ ჩვენი თანამედროვე ავტორების სტატიებსა და ესეების კრებულს. 

ვინ არის თქვენი დღევანდელი და პოტენციური აუდიტორია?

ჩვენი მკითხველი პროგრესული, ამავე დროს ქვეყანაში არსებული მდგომარეობით უკმაყოფილო, კრიტიკულად განწყობილი ადამიანები არიან. ვინც მუდმივად მიისწრაფვის რაღაცის შეცვლისკენ საკუთარ თავშიც და გარემოშიც. არაა აუცილებელი, იყვნენ მემარცხენეები. 

თქვენ მიერ გამოცემული პირველი წიგნი ურსულა ლე გუინის [ამერიკელი მწერალი ქალი და ლიტერატურული კრიტიკოსი] რომანია “განპყრობილები” [«The Dispossessed»], რატომ ეს წიგნი?  

უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ყველაზე საყვარელი რომანი, რომელიც აქამდე აზერბაიჯანულ ენაზე არ გამოცემულა. ჩვენ დავიწყეთ მისი თარგმნა ჯერ კიდევ იქამდე, სანამ გამომცემლობა დაფუძნდებოდა. მეორე ისაა, რომ ეს ძალინ საინტერესო ნაწარმოებია. მასში წარმოჩენილია მემარცხენე, თუმცა, ამავე დროს, არადოგმატული იდეები. რომანი ასწავლის დუალისტურ მიდგომას ყველაფრის მიმართ, საკუთარი თავის და სხვა ადამიანების, სამყაროს მიმართ. დუალისტური აზროვნება მოითხოვს გონების მუდმივ მუშაობას და კრიტიკულ აზროვნებას. რომანის სახელწოდებაც «The Dispossessed» კარგად ეწერება მემარცხენე მსოფლმხედველობაში, რომელიც კერძო საკუთრებას უარყოფს. ზუსტ თარგმანში ეს სიტყვა ნიშნავს “არა მესაკუთრეს”, “ის, ვინც საკუთრებას არ ფლობს”. 

ჩვენ მოვიპოვეთ ამ წიგნის გამოცემის უფლება, რაც არ ღირდა იაფი. თუმცა შემხვედრ ნაბიჯზე წამოვიდნენ, გაითვალისწინეს რეგიონი და გამოცემის სპეციფიკა. ამასაც ხომ აქვს მნიშვნელობა. ერთია, როდესაც გამოცემაზე უფლებას ყიდულობს უმსხვილესი ევროპული საგამომცემლო სახლი, და მეორე – პატარა, არაკომერციული გამომცემლობა აზერბაიჯანში. 

რა ღირს თავად წიგნი? 

9 აზერბაიჯანული მანათი [დაახლოებით 5 აშშ დოლარი]. ეს არ არის ძვირი, თუკი გავითვალისწინებთ ადგილობრივი ბაზრის ფასებს. ჩვენ გვინდოდა გამოგვეცა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი წიგნი. 

ასევე, უკვე მზადაა ბრიტანელი ლიტერატურათმცოდნისა და ფილოსოფოსის, ტერი იგლეტონის [Terry Eagleton] თარგმანი წიგნის “ რატომ იყო მარქსი მართალი” [Why Marx Was Right], რომელშიც ავტორი აქარწყლებს ათ ყველაზე უფრო გავრცელებულ მტკიცებას მარქსიზმის წინააღმდეგ. ეს წიგნი ინგლისურ ენაზე 2012 წელს გამოიცა. 

მეორე წიგნია ფემინისტური ანტიკრიზისული მანიფესტი “ფემინიზმი 99 პროცენტისთვის” [Feminism for the 99%], რომელიც მსოფლიოში ქალთა მოძრაობის ტალღის დროს [ავტორები: Cinzia Arruzza,  Tithi Bhattacharya,  Nancy Fraser ] 2019 წელს დაიწერა. მასზე საკუთარი ინიციატივით მუშაობს თარჯიმანი სევინჩ სამედზადე, თუმცა ჩვენ მას შევთავაზეთ ამ წიგნის ყიდვა და ის დაგვთანხმდა. 

წიგნებს ძირითადად ონლაინ ვყიდით, მაღაზიები წიგნის შესატანად მაღალ პროცენტს ითხოვენ. ამჟამად გვინდა უფრო მეტად პრეზენტაციების, საჯარო კითხვის და განხილვის, მკითხველთან შეხვედრების მოწყობა. ეს უფრო საინტერესოა და საბოლოოდ ეფექტურიც საკუთარი აუდიტორიის ფორმირებისთვის, ვიდრე უბრალოდ რეკლამა ფეისბუკზე ან ინსტაგრამზე. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ პანდემიის გამო შეუძლებელია მასობრივი ღონისძიებების მოწყობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი