ახალი ამბები

“აბსურდულია რაიმე მოსყიდვაზე საუბარი” — ქარსელაძე ნახევარმილიარდიან პროგრამაზე

26 აპრილი, 2021 • 1086
“აბსურდულია რაიმე მოსყიდვაზე საუბარი” — ქარსელაძე ნახევარმილიარდიან პროგრამაზე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, რომ დღეს, 26 აპრილს, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, დააანონსებული ნახევარმილიარდიანი პროექტი ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა არ არის. ქარსელაძემ აბსურდული უწოდა შესაძლო მოსყიდვის ფაქტს და თქვა, რომ ეს პროექტი რეგიონების მოსახლეობას მნიშვნელოვნად დაეხმარება.

“აბსოლუტურად უსაფუძვლოა, აბსურდულიც კი, რაიმე მოსყიდვაზე საუბარი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ პროგრამით ხაზს ვუსვამთ მასშტაბურობას იმისას, რასაც წინა წლების განმავლობაში არაერთი პროექტის განხორციელება მოჰყვა, თუმცა ასეთი მასშტაბური მანამდე არ გვქონია. აქედან გამომდინარე, საუბარი, რომ ვინმეს მოსყიდვაა, ნამდვილად არ არის. საერთოდ, პირიქით, ვიტყოდით, რომ ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომელიც რეგიონებს და ადგილობრვ მოსახლეობას მნიშვნელოვან მხარდაჭერას აღმოუჩენს”, — აცხადებს ქარსელაძე.

26 აპრილის მთავრობის სხდომის დაწყების წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში ურბანული განახლების პროექტისთვის 500 მილიონ ლარს დახარჯავს. მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და ადმინისტრაციულ ცენტრებს ჩაუტარდებათ რეაბილიტაცია. ასევე იგეგმება რეკრეაციული და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, სახელმწიფო ობიექტების მშენებლობა,  განვითარება და სხვა ღონისძიებები. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში მთავრობა ახალი დასასვენებელი ტურისტული და საზოგადოებრივი ზონები შექმნასაც გეგმავს.

ქარსელაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ 500 მლნ-ის დახარჯვა 2021 წელსვე არ მოხდება.

2021 წელი საქართველოში საარჩევნო წელია. ოქტომბერში ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა გაიმართოს. ამასთან, ევროპული საბჭოს მედიაციით შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელს ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი აწერს, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ბედიც უნდა გადაწყვიტოს.

დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია ხმების 43%-ის მიღებას ვერ შეძლებს თვითმმართველობის არჩევნებზე, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნო.

მთავრობამ 63 მუნიციპალიტეტის ურბანული განახლებისთვის 500 მილიონის დახარჯვა დააანონსა

მასალების გადაბეჭდვის წესი