საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში ურბანული განახლების პროექტისთვის 500 მილიონ ლარს დახარჯავს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პროგრამის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და ადმინისტრაციულ ცენტრებს ჩაუტარდებათ რეაბილიტაცია, ასევე იგეგმება რეკრეაციული და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, სახელმწიფო ობიექტების მშენებლობა, განვითარება და სხვა ღონისძიებები. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში მთავრობა ახალი დასასვენებელი ტურისტული და საზოგადოებრივი ზონები შექმნასაც გეგმავს.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შესაბამისი ტენდერები მიმდინარე კვირაშივე გამოცხადდება, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები კი, სავარაუდოდ, ივნისიდან დაიწყება:
“ქვეყნის რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ადგილზე შრომის, ცხოვრების და ზოგადად, განვითარების პირობების გაუმჯობესება სახემწიფოს მთავარი მიზანი უნდა გახდეს. რეგიონების განახლების პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 15 000 სამუშო ადგილის შექმნას და დასაქმდება ჩვენი რეგიონების მოსახლეობა. შესაბამისი ტენდერები ახლავე, ამ კვირაში გამოცხადდება და ივნისიდან დავიწყებთ მასშტაბურ სამუშაოებს”, — აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
2021 წელი საქართველოში საარჩევნო წელია. ოქტომბერში ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა გაიმართოს. ამასთან, ევროპული საბჭოს მედიაციით შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელს ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი აწერს, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ბედიც უნდა გადაწყვიტოს.
დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია ხმების 43%-ის მიღებას ვერ შეძლებს თვითმმართველობის არჩევნებზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.