ახალი ამბები

სად გაიმართება აქციები 24 აპრილს — “რიონის ხეობის მცველთა” გეგმა

24 აპრილი, 2021 •
სად გაიმართება აქციები 24 აპრილს — “რიონის ხეობის მცველთა” გეგმა

“რიონის ხეობის მცველები” ავრცელებენ ქალაქების სიას, სადაც 24 აპრილს, 16:00 საათზე, საპროტესტო აქციები იგეგმება. აქტივისტების თქმით, ხელისუფლების დღევანდელი განცხადებიდან გამოჩნდა, რომ მას არ სურს დიალოგი  “ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეებთან.

“რაც უფრო მეტნი ვიქნებით სხვადასხვა ლოკაციაზე, მნიშვნელოვანია. ვისაც გაქვთ საშუალება, გთხოვთ, რომ მიხვიდეთ”, — მიმართა საზოგადოებას აქტივისტმა  ვარლამ გოლეთიანმა ფეისბუქ ლაივში.

მისი თქმით, დღევანდელი შეკრებები 1 საათს გასტანს და ეს იქნება გამაფრთხილებელი აქციები, რითაც ხელისუფლებას დაანახებენ, რო “პროცესში მთელი ერია ჩართული”.

24 აპრილს, 16:00 საათზე, აქციები შემდეგ ლოკაციებზე იგეგმება:

  • გუმათი — ჰესთან;
  • ბათუმი — ერას მოედანი;
  • ქობულეთი — ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე;
  • ბოლნისი — ცენტრალური შესასვლელი;
  • რუსთავი — გმირთა მემორიალის სკვერი;
  • ზუგდიდი — მთავარი მოედანი;
  • ფოთი — რუსთაველის რკალი, კოლხი დედის ძეგლთან;
  • წყალტუბო — გასასვლელში მოედანთან;
  • ლენტეხი — რაიონში შესასვლელთან;
  • ყაზბეგი — სტეფანწმინდის მოედანთან;
  • ლანჩხუთი — ჟორდანიას ქუჩა;
  • თერჯოლა – ცენტრი, საკათედრო ტაძარი;
  • რუისი – აგრო ბაზრის მიმდებარედ
  • გორი – სტალინის ბაღი
  • ზესტაფონი — მერიის წინ, სკვერში;
  • ცაგერი — შესასვლელ მაგისტრალზე;
  • თელავი — ცენტრალურ შესასვლელთან

“ხელისუფლებამ პრაქტიკულად გადაჭრით გვითხრა უარი დიალოგის გაგრძელებაზე, გამომდინარე იქიდან, რმ არ შესრულდა პირობები, რომლებიც ჩვენ დავაყენეთ კონსტრუქციული დიალოგისთვის… ამიტომ, მოგვიწევს, გადავიდეთ მოქმედების იმ გეგმაზე, რასაც ვაანონსებთ დიდი ხანია”,  — თქვა გოლეთიანმა.

მანამდე, აქტივისტებმა თქვეს, რომ 23 მაისს საპროტესტო აქციას თბილისში გეგმავენ.

მთავრობამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც დასძენს, რომ  “ნამახვანჰესის” მშენებელი კომპანია “ამ ეტაპზე გააგრძელებს მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მოქმედი სამშენებლო ნებართვის ფარგლებში”.

ტექსტის მიხედვით, პრემიერ-მინისტრმა კომპანია “ენკასთან” დადებული ხელშეკრულების შესწავლა იუსტიციის სამინისტროს დაავალა. ამასთან, იუსტიციის სამინისტრომ უნდა იქირაოს საერთაშორისო იურიდიული კომპანია, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას.

აქტივისტებმა მთავრობის ეს პოზიცია მალევე შეაფასეს მათი მოთხოვნების შეუსრულებლობად.

რა ხდებოდა მანამდე?

რიონის ხეობაში ვითარება აპრილის დასაწყისში, მას შემდეგ დაიძაბა, რაც სოფელ ნამოხვანში კომპანია “ენკამ”  ნამახვანჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლა. პროექტის მოწინააღმდეგე აქტივისტების(“რიონის ხეობის მცველების) პროტესტის ფონზე, პოლიციამ ხეობაში გადაადგილება შეზღუდა, შემდეგ კი დაშალა კარვები, რომლებშიც აქტივისტები თვეების განმავლობაში მორიგეობდნენ.

მას შემდეგ, რაც ნამოხვანისკენ მოძრაობა შეიზღუდა, პროტესტმა სოფელ გუმათთან გადაინაცვლა. “რიონის ხეობის მცველებმა” და მათმა მხარდამჭერებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. პროცესს თან ახლდა პოლიციის წინააღმდეგობა და დაკავებები. ნამოხვანისკენ მიმავალი გზაზე, რომელიც იქამდეც ჩაკეტილი იყო, რკინის ბარიერები განალაგეს.

ხეობაში არსებული დაძაბულობის ფონზე, 16 აპრილს ქუთაისში ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ და ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა წარმომადგენლებს შეხვდნენ.”რიონის ხეობის მცველებმა 3 მოთხოვნა წარუდგინეს სახელმწიფოს:

შეწყდეს ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები, მოიხსნას გადაადგილების შეზღუდვა და მიეცეთ “რიონის ხეობის მცველებს” სოფელ ნამახვანში დაბრუნების, ასევე, ადგილზე კარვებით პროტესტის გაგრძელების საშუალება.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მაშინ თქვეს, რომ აქტივისტების მოთხოვნებზე საპასუხოდ რამდენიმე დღე იყო საჭირო. ერთადერთი, რაც ხეობაში ხსენებული შეხვედრის შემდეგ შეიცვალა, გუმათის გზაზე განლაგებული რკინის ბარიერების რაოდენობაა: ის მცირედით შემცირდა, თუმცა გადაადგილება ხეობაში უწინდებურად შეზღუდულია.

პროტესტი ნამახვანჰესის წინააღმდეგ

არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ექსპერტი თუ აქტივისტი ამბობს, რომ “ნამახვანჰესის” პროექტი მნიშვნელოვან კითხვის ნიშნებს აჩენს, მათი ნაწილის შეფასებით კი, ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები უკანონოა, რასაც ოპონენტი მხარე უარყოფს. 

მიუხედავად მთავრობის განცხადებისა, რომ ეს ჰესი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას წაადგება, კრიტიკოსი ორგანიზაციები ამბობენ, რომ  ელექტროენერგიის ეს საფასური იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ენერგობაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგია.

ადგილობრივი აქტივისტები რამდენიმე თვის განმავლობაში, სოფელ ნამოხვანში, კარვებში მორიგეობდნენ და ამ ფორმით ეწინააღმდეგებოდნენ დაგეგმილ მშენებლობას. გაიმართა რამდენიმე ხალხმრავალი აქცია ქუთაისშიც. პროტესტის ფონზე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჰესის სამშნებელო სამუშაოები 9-12 თვის მანძილზე არ იწარმოებს.

გასულ კვირას სახელმწიფომ თქვა, რომ “ნამახვანჰესის” პროექტის “დახვეწის” მიზნით ქმნის ექსპერტთა საბჭოს, რომელსაც ხსენებულ პროექტთან დაკავშირებით გასულ წლებში ჩატარებულ ყველა კვლევას გადასცემენ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საბჭოს შემადგენლობაში ელიან ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტების წარმომადგენლებს და უშუალოდ მათ, თუ ამის სურვილი ექნებათ.

“რიონის ხეობის მცველები” სკეპტიკურად უყურებენ აღნიშნულ იდეას და ამბობენ, რომ უპირველესად, მათი პრეტენზიები მიემართება შინაარსს იმ კონტრაქტისა, რომელიც სახელმწიფოსა და ჰესის მშენებელ კომპანიას შორის დაიდო.

მთავრობა ავრცელებს პასუხს “რიონის ხეობის მცველთა” მოთხოვნებზე

მთავრობა ავრცელებს პასუხს “რიონის ხეობის მცველთა” მოთხოვნებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი