ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ 24 აპრილის ქადაგებისას თქვა, რომ არ აქვს განწყობა, ვინმე განკვეთოს. აღნიშნულს წინ უძღოდა ინციდენტი სალხინოს მონასტერში, რის შემდეგაც მიტროპოლიტმა თქვა, რომ მასთან დაპირიპირებულ რამდენიმე სასულიერო პირს “ამბოხისთვის” განკვეთდა, თუ დანაშაულს შაბათამდე არ მოინანიებდნენ.
“თაიმერის” მიერ გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, მიტროპოლიტმა კვლავ გაიხსენა აღნიშნული ინციდენტი, თუმცა დასძინა, რომ ახლა წირვა-ლოცვის ჩატარება შესაძლებელია და არ სურს, გამოიყენოს სასჯელის მაქსიმალური ზომა, რომელიც იქამდე ჰქონდა გაცხადებული. ქადაგებისას ეკლესიაში მიტროპოლიტ სტეფანეს მიმართ კრიტიკულად განწყობილი სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ.
“მიუხედავად იმისა, რომ გამოვაცხადე, რომ დღეს იქნებოდა განკვეთები… მე ვთქვი ასეთი სიტყვა, რომ ჩვენ როდესაც გვიშლიდნენ წირვების ჩატარებას, მღვდელმოქმედების ჩატარებას, ამასთან დაკავშირებით ძალიან მძიმე სასჯელია და მე დრო მივეცი ამ ადამიანებს, რომ შეენანებინათ თავისი ეს საქციელი.
შემდეგ, როდესაც დავინახე, რომ წირვების ჩატარება შესაძლებელი გახდა, ლოცვების ჩატარება შესაძლებელი გახდა… თუ ახლა სინანულით ხართ მოსული, ძალიან გამიხარდება, თუ არა — მაინც არ დაგსჯით, [რადგან] დღეს ამ განწყობით არ ვარ მოსული. ჩემი განწყობა არ არის ვინმეს დასჯა”, — მიმართა მიტროპოლიტმა სასულიერო პირებს.
მანვე დაამატა:
“მე არ მინდა გამოვიყენო მაქსიმალური ზომა, რომელიც მქონდა ნათქვამი, რომ გავაკეთებდი, თუ არ მოინანიებდნენ. თუ არ გვექნება წირვა-ლოცვაში ხელის შეშლა… დღესდღეობით იმისთვის, რომ ვინმე განვკვეთოთ, ასეთი მდგომარეობა არ არის”.
ამ საუბრის პარალელურად, მიტროპოლიტთან დაპირისპირებულმა იღუმენმა დანიელ გვილავამ რამდენჯერმე ითხოვა სიტყვა, თუმცა მიტროპოლიტმა სტეფანემ მას ამის საშუალება არ მისცა. სასულიერო პირის თქმით, იღუმენს მღვდელმოქმედება აკრძალული აქვს და აღარ აქვს ტაძარში საუბრის უფლება. მიტროპოლიტი იღუმენს დათანხმდა საუბარზე, თუმცა მხოლოდ ტაძრის გარეთ.
მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი ჭყონდიდის ეპარქიას რამდენიმე თვეა ხელმძღვანელობს. მან ეპისკოპოსი გრიგოლი კაცია შეცვალა, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიას მიტროპოლიტ პეტრე ცაავას გადაყენების შემდეგ ხელმძღვანელობდა.
სასულიერო პირთა ნაწილი ხშირად აკრიტიკებს და უპირისპირდება მიტროპოლიტს, რის ფონზეც მან გასულ კვირებში არაერთი მათგანი დასაჯა, “მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილეობის”, “შეუფერებელი საქციელისა” და სხვა ბრალდებებით.
22 აპრილის ინციდენტის დროს მიტროპოლიტი სტეფანე კრიტიკულად განწყობილმა სასულიერო პირებმა სალხინოს ტაძარში არ შეუშვეს. ისინი მიტროპოლიტისგან ითხოვდნენ, დაემტკიცებინა ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი ხელმძღვანელის, მიტროპოლიტ პეტრეს მიმართ გახმიანებული ბრალდება, რომ ამ უკანასკნელს შვილი ჰყავს, რისი უფლებაც ბერს არ აქვს.
ამ ფონზე, საქართველოს ავტოკეფალიური ეკლესიის უახლეს ისტორიაში პირველად, შესაძლოა ქართველმა სასულიერო პირებმა სამართლის საძიებლად მსოფლიო საპატრიარქოს მიმართონ.
ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი წმინდა სინოდი, რომელიც აღდგომის შემდეგ უნდა შეიკრიბოს, ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ დასჯილ სასულიერო პირებს დაკისრებულ სასჯელს არ გაუუქმებს.
ვრცლად ამ თემაზე:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/339122/