ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე 11 სექტემბრის ქადაგებაში ყურადღებას ამახვილებს რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის წარმატებაზე. როგორც ის ამბობს, ომის დასაწყისშივე მიიჩნევდა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინაში შეჭრით „დიდი სისულელე“ ჩაიდინა.
მიტროპოლიტი ასევე უარყოფს რუსეთის მომხრედ ყოფნას და მრევლს ულოცავს უკრაინის წინსვლას:
„ახლა ერთი რამეც მინდა გითხრათ. მინდა მოგილოცოთ უკრაინის გამარჯვებები. რეალურად, დღეს, როგორც ჩვენ ვხედავთ, უკრაინაში მიმდინარეობს უკვე სერიოზული წინსვლა და უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლება. მე დიდი ხანია ამის შესახებ ვთქვი, სულ თავიდანვე, როდესაც ეს უგუნური შეტევა დაიწყო უკრაინაზე, მე ვთქვი, რომ ეს დიდი სისულელეა, რაც ჩაიდინა რუსეთმა და ეს არ დარჩება ასე უბრალოდ. შეუძლებელია ამას პასუხი არ გაეცეს და, საბოლოო ჯამში, ვერ გაიმარჯვებს რუსეთი იმიტომ, რომ უსამართლოდ მოიქცა როგორც ჩვენ მიმართ, ასევე უკრაინის მიმართ.
სხვათა შორის, უწმინდესმა უთხრა იქაურ ხელისუფლებას, ბუმერანგივით მოგიტრიალდებათ, რასაც ჩვენ მიმართ აკეთებთო. რამდენიმე დღეში შეიძლება თვითონ მოსკოვში ჰქონდეს არა ის, რომ თითქოს ვინმე შევა იქ ჯარებით, არამედ, სერიოუზული არეულობა აქვთ მარცხის გამო. მე პროპაგანდას არ ვუყურებ, თავს დაესხნენ უკრაინას, თავს დაგვესხნენ ჩვენ. როდესაც ჩვენ დაგვესხნენ თავს, ვინც მხარი დაგვიჭირა, ჩვენი სახელმწიფოს მხარდამჭერია და თავისთავად ჩვენც ყველას დავუჭერთ მხარს, ვის წინააღმდეგაც განხორციელებული იქნება შეჭრა და ხალხის ხოცვა“, — აცხადებს მიტროპოლიტი.
ჭყონდიდელი მიტროპოლიტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მსგავსად ისინიც [ეკლესია] ჰომოფობურ დამოკიდებულებებს იზიარებენ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რუსეთის მომხრეები არიან:
„ასე უნდათ მონათლონ, რომ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ კაცი კაცზე არ უნდა გათხოვდეს, ამიტომ ჩვენ რუსეთის მომხრეები ვართ. ტყუილია, არ ვართ ჩვენ რუსეთის მომხრეები. რუსეთისგანაც შეიძლება იყოს იგივე პრობლემები. ის, რომ რაღაცაში ჩვენი და მათი აზრი დაემთხვევა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთის პოზიცია გვიკავია“, — ამბობს მიტროპოლიტი.