საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრეზიდენტს შეთანხმების მიღწევა მიულოცა. მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლისათვის საჭირო რეფორმების მნიშვნელობა განიხილეს.
მათივე ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო ნატო-ს მომავალ სამიტს, რომელიც 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება.
“ხაზი გაესვა ალიანსის ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელობას და ამ კონტექსტში სამიტზე საქართველოს შესაბამისად წარმოჩენას.
სალომე ზურაბიშვილმა და იენს სტოლტენბერგმა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პრეზიდენტმა პორტებისა და ნატო-ს მხრიდან შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის მეტი ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მხარეებმა ასევე განიხილეს ავღანეთის საკითხი და მომდევნო თვეებში ჯარების გამოყვანის პროცესში თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოს გამორჩეულ როლს ავღანეთის მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში, რაც დადებით როლს ითამაშებს მომავალი ინტეგრაციის თვალსაზრისით”, — ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.