ახალი ამბები

ამნისტიას რომ მიიღებენ, მელია გამოვა საპატიმროდან, ნუ ჰკიდებენ მას პასუხისმგებლობას – ბობოხიძე

22 აპრილი, 2021 •
ამნისტიას რომ მიიღებენ, მელია გამოვა საპატიმროდან, ნუ ჰკიდებენ მას პასუხისმგებლობას – ბობოხიძე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, კაკო ბობოხიძე აცხადებს, რომ როგორც კი პარლამენტი ამნისტიას მიიღებს, ნიკა მელია საპატიმროს მისი ნების საწინააღმდეგოდ დატოვებს და არასწორია, როდესაც პოლიტიკოსები ამ საკითხზე პასუხისმგებლობას ჰკიდებენ.

„როგორც კი ამნისტიას მიიღებენ, ნიკა მელია მისი ნების გარეშე გამოვა და ნუ ჰკიდებენ ამ პასუხისმგებლობას იმ კაცს“, – განაცხადა ბობოხიძემ 22 აპრილს ტვ პირველის ეთერში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიატორობით მომზადებული შეთანხმების დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, უნდა განხორციელდეს ამნისტია, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

“ქართულ ოცნებაში” პირდაპირ აცხადებენ, რომ ამნისტიის აქტი უნდა შეეხოს როგორც ნიკა მელიას და აღნიშნულ საქმეზე ძალადობაში ბრალდებულ სხვა პირებს, ასევე, სამართალდამცავებს, რომელთა შესაძლო გადაცდომებსაც ჰქონდა ადგილი.

ოპოზიციური პარტიები კი, რომლებიც შეთანხმებას აწერენ ხელს, ამბობენ, რომ ეს უნდა იყოს დოკუმენტზე მუშაობის პროცესში მხარეების შეთანხმების საკითხი და აღნიშნავენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ამნისტია იმ მუხლებს არ შეეხოს, რომელიც სამოხელეო გადაცდომებს შეეხება.

“გადაშლილი ფურცელი”, თუ “პატიება საკუთარი თავისთვის” – რას ნიშნავს 20 ივნისის ამნისტია

მასალების გადაბეჭდვის წესი