ახალი ამბები

ბოკერია-ჩერგოლეიშვილთან ბრძოლას გაქცეული კაცი რამდენად გამოდგება ივანიშვილის წინააღმდეგ? – ბობოხიძე ხაბეიშვილზე

25 იანვარი, 2023 • 903
ბოკერია-ჩერგოლეიშვილთან ბრძოლას გაქცეული კაცი რამდენად გამოდგება ივანიშვილის წინააღმდეგ? – ბობოხიძე ხაბეიშვილზე

„კაცი, რომელიც გაექცა ბოკერია-ჩერგოლეიშვილთან ბრძოლას „ნაციონალური მოძრაობიდან“, რამდენად გამოდგება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ლიდერად?!“ – ასე ეხმიანება „ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას.

გუშინ, 24 იანვარს, ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ 2016 წელს ენმ 6 თვით დატოვა,  რადგან „ჩერგოლეიშვილი და ბოკერია მიშას პარტიას ართმევდნენ“.

აკაკი ბობოხიძის თქმით, ლევან ხაბეიშვილი ჩამოყალიბდა „ერთ ჩვეულებრივ მატყუარად და ის არის ქართული ოცნების ხაზის გამგრძელებელი, სადაც ბრალდებებს, ტყუილებს ისვრიან პასუხისმგებლობის გარეშე და შემდეგ არ ფიქრობენ თანმდევ პროცესებზე“.

„დიდი ტყუილია, რომ ბოკერია-ჩერგოლეიშვილის გამო წამოვიდა, რადგან ბოკერიამ პარტია 2016 წელს დატოვა, თუმცა ხაბეიშვილი, მანამდე ,სანამ მელიამ არ შესთავაზა საკრებულოში ადგილი 2017 წელს, მაინც რჩებოდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირებაში. არსებობს მასალები, სადაც ბოკერია წასულ და მიშას გამარჯვებულ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ზუსტად ისე აკრიტიკებდა და ლანძღავდა, როგორც, მაგალითად, დღეს იქცევიან სხვა პარტიები ენმ-ის მიმართ.

ბოლოს, ცოტა ნახევრად-მწარე ირონიით, კაცი, რომელიც გაექცა ჩერგოლეიშვილთან ბრძოლას „ნაციონალური მოძრაობიდან“, რამდენად გამოდგება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ლიდერად, ეს მიმინდვია საზოგადოებისთვის და მიმინდვია იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ხვალ უნდა გადაწყვიტონ, ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში ვინ უნდა იყოს თავმჯდომარე“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი