ახალი ამბები

დამხობაში არჩევნებით შეცვლა იგულისხმება – ბობოხიძე მერაბიშვილზე

20 თებერვალი, 2020 • 1517
დამხობაში არჩევნებით შეცვლა იგულისხმება – ბობოხიძე მერაბიშვილზე

“გახარიამ უსინდისოდ იცრუა, როცა თქვა, რომ სიტყვა შეცვლა არ უხსენებია მერაბიშვილსო, მერაბიშვილი გულისხმობდა მხოლოდ შეცვლას. ბევრჯერ ახსენა შეცვლა. დამხობაში იგულისხმება შეცვლის, არჩევნების გზით და არანაირიად სხვა მეტი”, – ეს განცხადება დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ გააკეთა ტვ პირველის ეთერში.

მისი თქმით, მერაბიშვილი დამხობაში მხოლოდ ხელისუფლების შეცვლას გულისხმობდა არჩევნების გზით. ვანო მერაბიშვილის დღეს გაკეთებული განცხადება, სადაც ტერმინი “დამხობა” ახსენა “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან მიმართებაში, კრიტიკის საგანი გახდა, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ასევე, ოპოზიციის ნაწილშიც. ბობოხიძე ფიქრობს, რომ მერაბიშვილი არ შეუქმნის საფრთხეს ოპოზიციის ერთიანობას საარჩევნო სისტემის ირგვლივ.

რაც შეეხება იმას, თუ სად გააგრძელებს მერაბიშვილი პარტიულ საქმიანობას და არის თუ არა მზად ევროპული საქართველო, რომ მასთან ამ კუთხით ითანამშრომლოს, ბობოხიძე ამბობს, რომ არ სურს, რაიმე ტიპის წინასწარი განცხადებებით მერაბიშვილი თავის გადაწყვეტილებაში შებოჭოს.

“ნებისმიერი განცხადება ან ერთი, ან მეორე, ან თუნდაც მესამე პარტიის მხრიდან, როგორ წარმოუდგენია ვანო მერაბიშვილის ადგილი ზოგადად ქართულ პოლიტიკაში და კონკრეტულად პარტიულ საქმიანობაში, ჩემი აზრით, არის დამატებითი შემბოჭველი [ფაქტორი] გადაწყვეტილების მიღების დროს. ამიტომ ამ საკითხზე მას შემდეგ დავიწყებთ საუბარს, რაც მერაბიშვილი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას”, – თქვა ბობოხიძემ.

ყოფილმა შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მრავალწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დღეს, 20 თებერვალს დატოვა. როგორც მან თქვა, ის გააგრძელებს ბრძოლას “ქართული ოცნების” ხელისუფლების წინააღმდეგ.

“მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ არ წავედი არანაირ კომპრომისზე, კომპრომისზე საკუთარი თავის მიმართ”, – თქვა ვანო მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ მას მხარდამჭერები აძლევდნენ სამარტოო საკანში იმედიანად ყოფნის ძალას.

“მე შევინარჩუნე ძალა, რწმენა და ენერგია, რომ გავაგრძელო იმისათვის ბრძოლა, ეს რეჟიმი საქართველოს დღესვე ჩამოსცილდეს. მე გაძლევთ გარანტიას, რომ ეს ხელისუფლება ერთ წელიწადში დასრულდება, ამის გაკეთება არის აუცილებელი და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება, ქვეყანა წავიდეს წინ, კეთილდღეობა გაიზარდოს, გაქრეს უიმედობა, ახალგაზრდებს მიეცეს პერსპექტივა, ადამიანებს დასაქმება და ღირსეული პენსია, მოხუცებს კი- ღირსეული პენსია. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. წლის ბოლომდე მე გაძლევთ გარანტიას, რომ ამ ხელისუფლების დამხობის მერე ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება და ყველა ის პოლიტპატიმარი, ვინც ამ ციხეში ზის, გათავისუფლდება”, – უთხრა მერაბიშვილმა ჟურნალისტებს. მისი თქმით, ე.წ. მატროსოვის ციხეში მყოფი ყველა ადამიანი პოლიტპატიმარია.

მერაბიშვილმა პოლიციას მიმართა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მათ მიმართ ნდობა აღდგეს.

როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდება.

“კონკრეტულ პარტიასთან დაკავშირებით მე აქამდე განცხადებებს არ ვაკეთებდი, რადგან ვიყავი იზოლაციაში და ჩამოცილებული ვიყავი პროცესებს. დღეს არ შემიძლია განცხადებების გაკეთება, რადგან ამ 5 წუთში, რაც გამოვედი ციხიდან, არაფერი შეცვლილა. ჩემი უახლოესი მეგობრები და მათ შორის, თანაპარტიელები, ჩემდა სამწუხაროდ, დღეს სხვადასხვა პარტიაში არიან. რა თქმა უნდა, ყველა მათგანს შევხვდები, გავიზიარებ, გავეცნობი და მივიღებ გადაწყვეტილებას. მე მჭირდება გარკვეული დრო”, – უთხრა მერაბიშვილმა ჟურნალისტებს.

როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, სწორედ ამის შემდეგ იტყვის საჯაროდ, ითანამშრომლებს “ევროპულ საქართველოსთან” თუ “ნაციონალურ მოძრაობასთან”. კითხვაზე, შეხვდება თუ არა მიხეილ სააკაშვილს, როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, შეხვდება ყველას. მან ასევე არ გამორიცხა, რომ ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ, შესაძლოა, ახალი სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყოს.

“მე ჩავერთვები აქტიურ პოლიტიკაში ამ რეჟიმის დასამარცხებლად”, – თქვა ვანო მერაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი