ახალი ამბები

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე თამარ ჟვანია წარადგინეს

23 აგვისტო, 2013 • 1715
არასამთავრობო ორგანიზაციებმა  ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე თამარ ჟვანია წარადგინეს

ცესკო
ცესკო

არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით, თამარ ჟვანია არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელმა, ნინო ლომჯარიამ წარადგინა:


“კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმად ორგანიზაციებმა მხედველობაში მიიღეს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში საარჩევნო საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციის სპეციფიკის კარგად ცოდნა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ თამარ ჟვანიას აქვს სრულიად აპოლიტიკური წარსული. აღსანიშნავია, რომ კანდიდატი შერჩეულია მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ და ჩვენ კონსულტაციები არ გაგვივლია არც პრეზიდენტთან, არც პრემიერ–მინისტრთან”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” ხელმძღვანელის, გიორგი ტუღუშის განცხადებით, საქართველოში თამარ ჟვანიაზე უკეთესი არჩევანი დღესდღეობით არ მოიძებნება:


“თამარი არის საქართველოში ერთ–ერთი საუკეთესო სპეციალისტი საარჩევნო სისტემების და ზოგადად საარჩევნო თემის, გარდა ამისა ალბათ არავის არ ეპარება ეჭვი მის მიუკერძოებლობაში, პროფესიონალიზმში და მე ვთვლი, რომ მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა კიდევ უფრო გაზრდის ნდობას მთლიანად საარჩევნო კომისიის მიმართ”, – განაცხადა გიორგი ტუღუშმა.


წარდგენას თავად თამარ ჟვანია არ დასწრებია, რადგან თბილისში არ იმყოფება. ის გაეროს განვითარების პროგრამის საარჩევნო დახმარების პროექტის ხელმძღვანელია.  აღნიშნული პროგრამა მჭიდროდ თანამშრომლობს საარჩევნო ადმინისტრაციასთან, პოლიტიკურ პარტიებთან, დამკვირვებლებთან, ამომრჩევლებთან და მედიასთან.  პროგრამის მიზანია დაეხმაროს საქართველოს სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში შემდეგი კომპონენტების გაუმჯობესებით: საარჩევნო ადმინისტრაციის და არჩევნებთან დაკავშირებული სხვა ჯგუფების პროფესიონალიზმი; საარჩევნო კანონმდებლობა; ამომრჩევლების ინფორმირებულობა. პროგრამმა 2012 წელს დაიწყო და 2014 წლის მაისში დასრულდება.

 

“სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა, ნინო ლომჯარიამ  განაცხადა, რომ კანდიდატურის შერჩევის დროს  მათ არ გაუმართავთ კონსულტაციები არც პრეზიდენტთან  და არც პრემიერ-მინისტრთან.

 

ცესკოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია, რადგან ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი ვადაზე ადრე გადადგა. მანდ 15 აგვისტოს განაცხადა, რომ პოლიტოკოსობას აპირებს.

 

საარჩევნო კოდექსის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან კონსულტაციების შემდეგ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცესკოს წარუდგენს 3 კანდიდატურას.

 

23 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა ცესკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხს და განაცხადა:

 

“მე მინდა პირდაპირ შევთავაზო სამართლიან არჩევნებს – ნინო ლომჯარიას, საერთაშორისო გამჭვირვალეობას – ეკა გიგაურს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას – კახა კოჟორიძეს, მზად ვარ წარვადგინო პირადად ნებისმიერი თქვენგანის კანდიდატურა ან ნებისმიერი პირი, რომელიც თქვენს ერთიან, შეთანხმებულ კანდიდატად იქნება წარმოდგენილი”. 

 

არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტს თავის კანდიდატურას ოფიციალურად 28 აგვისტოს წარუდგენენ. ამის შემდეგ პრეზიდნეტი ვალდებულია  15 დღის განმავლობაში ცესკოს წარუდგინოს სამი კანდიდატი.  ცესკოს მინიმუმ ოთხი წევრის მხარდაჭერაა საჭირო ცესკოს თავმჯდომარის ასარცევად. თუკი რომელიმე კანდიდატი ამაზე ნაკლებ ხმას მიიღებს, კანონის თანახმად ცესკოს თავმჯდომარის საკითხზე გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი