ახალი ამბები

II ტურის გამოწვევად საია და ISFED კვლავ ამომრჩევლის ნების კონტროლს ასახელებენ

10 ივნისი, 2019 • 2104
II ტურის გამოწვევად საია და ISFED კვლავ ამომრჩევლის ნების კონტროლს ასახელებენ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სამართლიანი არჩევნები 2019 წლის 9 ივნისის პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის მთავარ გამოწვევადაც ამომრჩევლის ნების კონტროლს ასახელებენ.

საიასა და ISFED-ის შეფასებით, ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვაზე უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო უბნებთან კოორდინატორებისა და მხარდამჭერების მობილიზება, ხოლო უბნის შიგნით – პარტიებისა და სავარაუდოდ მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საიას განცხადებით, კოორდინატორები და პარტიული აქტივისტები აღრიცხავენ ხმის მისაცემად მისულ მოქალაქეებს, ესაუბრებიან მათ, ან ფოტო-ვიდეოგადაღებით აღბეჭდავენ უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების პროცესს. საიას ინფორმაციით, ამ სტრატეგიას ორივე მხარე მიმართავდა.

მართალია, არცერთი ეს პრაქტიკა კანონდარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა დისკომფორტს უქმნის ამომრჩეველს და მათ კონტროლის განცდას უჩენს, რაც ამცირებს დამოუკიდებელი და თავისუფალი არჩევანის გაკეთების ალბათობას. ამგვარი უარყოფითი ფაქტები პირველი ტურის დროს გამოვლენილი ტენდენციის გაგრძელებაა. ამის გათვალისწინებით, უარყოფითად ვაფასებთ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებებას, რომლითაც ის აღნიშნული პრაქტიკის ნორმალიზებას შეეცადა”, – ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.

მიუხედავად ამისა, კენჭსყრის პარალელურად, დაძაბული ვითარება იყო რამდენიმე უბანზე და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე. საიას ინფორმაციით, სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა #12 და #32 საარჩევნო უბანებზე; ქართული ოცნების სავარაუდო აქტივისტი ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდა #18 უბანზე, კიდევ ერთმა მმართველი გუნდის მხარდამჭერმა #17 უბანზე მუქარის შემცველი განცხადებები გააკეთა. უკანასკნელ ორ შემთხვევაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. საია მიიჩნევს, რომ აგვარი ფაქტები ამომრჩეველს არ აძლევს საშუალებას, საკუთარი არჩევანი მშვიდ და დაძაბულობისგან თავისუფალ გარემოში გააკეთოს.

  • საიას დამკვირვებლების მიერ მთაწმინდის ოლქში დაიწერა 1 საჩივარი: #3 უბანი – წილისყრის პროცედურების დარღვევა (წილისყრის პროცედურებში მონაწილოებაზე უარი).

სამართლიანი არჩევნები აცხადებს, რომ მათი დამკვირვებლებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესი უმეტესწილად მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩატარდა.

თუმცა ISFED აღნიშანვს, რომ კენჭისყრის პროცესის დროს ტენდენციის სახით გამოვლინდა საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტები, მათ შორის სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ, რაც ამომრჩეველთა ნების კონტროლის მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებას წარმოადგენს:

რიგ საარჩევნო უბნებზე,ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა ცალკეული დარღვევები. „სამარლიანმა არჩევნებმა“ საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში წარადგინა თითო საჩივარი. ხმების პარალელურმა დათვლამ აჩვენა, რომ კენჭისყრის მიმდინარეობისას საარჩევნო უბნების 3.2%-ზე დაირღვა ხმის მიცემის ფარულობა. არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის, მარკირების პროცედურის ან ბიულეტენების დამოწმების წესის დარღვევის შემთხვევები არ გამოვლენილა. ხმების პარალელური დათვლის შედეგად, ბათილი ბიულეტენების პროცენტულმა მაჩვენებელმა 4% შეადგინა”.

დარღვევები:

#18 საარჩევნო უბნის მიმდებარედ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ევროპული საქართველოს წარმომადგენლებს.

#10 საარჩევნო უბანზე გაცემული ბიულეტენების რაოდენობა ერთით აღემატება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას.

#26 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებსა და „საქართველოს ერთობისა და გაერთიანებისთვის“ წარმომადგენელს შორის დაპირისპირება მოჰყვა დამკვირვებლის მიერ ვიდეოგადაღებისთვის გამოყოფილი ადგილის მიღმა გადაღებას. შედეგად, უბანზე გამოიძახეს პოლიცია და სიტუაცია განიმუხტა.

#1 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის მიმდინარეობისას დამკვირვებლის სტატუსის მქონე პირები მოსულ ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ. ასევე, უბნის გარეთ მობილიზებული იყვნენ სხვადასხვა პირები, ამომრჩეველთა ფოტოსურათიანი სიებით.

შედეგები:

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით, მთაწმინდის მაჟორიტარულ არჩევნებში მმართველი გუნდის კანდიდატმა ლადო კახაძემ II ტურში პირველთან შედარებით 4702 ხმით მეტი მიიღო.

პირველ ტურში კახაძემ 6036 ხმა მიიღო, რაც, ჯამში, ხმების 41% იყო, ხოლო მეორე ტურში -10 738, რაც იმ პირობებში, როდესაც არჩევნებში მხოლოდ ორი ადამიანი მონაწილეობდა, საერთო ხმების 61.83 პროცენტია.

რაც შეეხება შალვა შავგულიძეს, მან I ტურთან შედარებით II ტურში 1208 ხმით მეტი მიიღო. I ტურში შავგულიძეს ხმა 5422-მა ამომრჩეველმა მისცა, ხოლო მეორეში – 6630-მა.

განსხვავებით პირველი ტურისაგან, მეორე ტურში ყველა საარჩევნო უბანში ლადო კახაძემ გაიმარჯვა.

  • ვრცლად:

II ტურში პირველთან შედარებით კახაძემ 4702-ით მეტი ხმა მიიღო

მასალების გადაბეჭდვის წესი