ახალი ამბები

სავარაუდო კოორდინატორები ზუგდიდის უბნებზე [ფოტო]

31 ოქტომბერი, 2020 • 972
სავარაუდო კოორდინატორები ზუგდიდის უბნებზე [ფოტო]

ზუგდიდში, მე-6 სკოლის შენობასთან, სადაც მე-5 და 81-ე საარჩევნო უბნებია განთავსებული, სავარაუდოდ, პარტიული კოორდინატორები არიან მობილიზებული, სავარაუდოდ, ამომრჩევეთა სიებით ხელში.

სულ მცირე, ბოლო 1.5 საათის განმავლობაში სკოლის ეზოში რამდენიმე ავტომობილი დგას, რომელიც ადგილიდან არ იძვრის. მასში რამდენიმე ადამიანი იმყოფება და შიგადაშიგ მათთან მიდის უბნიდან გამოსული მოქალაქეების ნაწილი.

მანქანებზე გარკვეული პერიოდით დაკვირვების შემდეგ „ნეტგაზეთი“ მივიდა ერთ-ერთ ავტომობილთან — მაზდას მარკის ვერცხლსფერ ავტომობილთან, ნომრით TT 451 TD.

ჩვენ მათ ვკითხეთ უბანთან ხანგრძლივი დაყოვნების მიზეზი, რაზეც ავტომობილთან მდგომმა ერთ-ერთმა ქალმა ვინაობა გვკითხა. მას შემდეგ, რაც „ნეტგაზეთის“ რეპორტიორმა მას თავისი ვინაობა დაუსახელა და აუხსნა, რომ სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, მანქანაში მჯდომმა ერთ-ერთმა მოქალაქემ მეგრულ ენაზე უთხრა, რომ არაფერი ეთქვა.

„ნეტგაზეთის“ განმეორებითი კითხვის შემდეგ მანქანაში მჯდომი აღნიშნული მოქალაქე ავტომობილიდან გადმოვიდა და კიდევ ერთხელ ჰკითხა „ნეტგაზეთის“ რეპორტიორს ვინაობა. საკუთარი ვინაობის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად კი თქვა, რომ არის მოქალაქე, ამ უბანზეა დარეგისტრირებული და მანქანაში საკუთარ რიგს ელოდება ხმის მისაცემად [იმ პერიოდის განმავლობაში, რაც მანქანა ადგილზე იმყოფება, უკვე ათობით ამომრჩეველმა მისცა ხმა].

„ნეტგაზეთმა“ მას ჰკითხა, თუ შეეძლო ეჩვენებინა ფურცლების დასტა, — რომელიც „ნეტგაზეთმა“ შორიდან შენიშნა და კამერაზეც დააფიქსირა. „რა დასტა“? – გვკითხა მან, რაზე პასუხადაც „ნეტგაზეთმა“ ფოტოები აჩვენა და გაუმეორა თხოვნა, თუ შეეძლო, რომ ეჩვენებინა.

„არა. ვერ გაჩვენებთ, რატომ უნდა გიჩვენოთ“? – გვითხრა მან და დასძინა, რომ „უფროსის დოკუმენტებია, რატომ უნდა გაჩვენოთ“. შემდეგ დამაზუსტებელ კითხვაზე ახსენა, რომ „შტაბის უფროსის“, შემდეგ კი თქვა, რომ „უფროსის, ზაზას დოკუმენტებია და რატომ უნდა ვაჩვენო“. მას აღარ დაუზუსტებია, ვის გულისხმობდა. „კანონს არ ვარღვევთ. როგორც თქვენ მუშაობთ, ისე ვმუშაობთ ჩვენც“, – თქვა მან. სხვებმა „ნეტგაზეთთან“ საუბარი არ ისურვეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძრვანელი, თემურ ბასილაია „ნეტგაზეთთან“ სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, მისი ინფორმაციით, აღნიშნულ უბნებთან მდგარი აღნიშნული მანქანა ეკუთვნის ზუგდიდის ამ ტერიტორიაზე ე.წ. „საარჩევნო ზონის უფროსს“, ზაზა ზარანდიას.

„ამ მანქანაში სხედან ქალები, აქვთ ამომრჩეველთა სურათებიანი სია. რამდენჯერაც მივიდნენ ჩვენი წარმომადგენლები, იმდენჯერ შენიშნეს, რომ უბნიდან გამომსვლელები მიდიან მათთან, მანქანაში, ასე ვთქვათ, „ჩაყოფენ თავს“, შეიძლება რაღაცას იღებენ კიდეც, „გააპლუსებენ“ და უშვებენ“, – გვეუბნება თემურ ბასილაია.

ის გამოთქვამს ეჭვს, რომ გარდა იმისა, რომ მოქალაქეების აღნიშვნა ხდება, „ფული რიგდება ან ბიულეტენია გატანილი… მსგავსი პრაქტიკა ბევრ უბანში ფიქსირდება და ამ დრომდე არ წყდება“, – ამბოს ენმ-ის წარმომადგენელი.

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დღეს არჩევნებს აკვირდებიან, აცხადებენ, რომ საარჩევნო უბნების მიმდებარედ არიან სიებით მობილიზებული კოორდინატორები და ამომრჩევლებს აღრიცხავენ. ეს პრობლემა წლებია, საარჩევნო პროცესს თან სდევს და ქმნის ამომრჩევლის ნების კონტროლის რისკებს.

მაგალითად, „სამართლიანი არჩევნების“ თანახმად, დღეს უბნებს გარეთ კოორდინატორების მობილიზება დაფიქსირდა სიღნაღში, საჩხერესა და ზესტაფონში.

დღესვე „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო უბნებთან განთავსებული მმართველი პარტიის აგიტატორ/კოორდინატორები კანონს არ არღვევენ.

„მინდა მივმართო ჩვენს აგიტატორებს, გააგრძელეთ ასე მუშაობა, ეს კანდონდარღვევა არაა. და შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რასაც აქამდე აკეთებდით“, – განაცხადა მან.

კოორდინატორების მიერ ამომრჩევლის აღრიცხვა პრობლემად რჩება – ISFED

მასალების გადაბეჭდვის წესი