ახალი ამბები

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი დამნაშავედ ცნეს

21 აპრილი, 2021 •
ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი დამნაშავედ ცნეს

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი დერეკ ჩაუვინი ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილი სამივე მუხლით დამნაშავედ ცნეს. თუმცა სასჯელის ზომას მოსამართლე ორ თვეში გამოაცხადებს.

როგორც BBC წერს, მინესოტის კანონმდებლობის მიხედვით, მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირის მინიმალური სასჯელი 12.5 წელია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ფლოიდის მკვლელობაში მსჯავრდებულს ბრალი სამი მუხლით წარუდგინეს, პოლიციის ყოფილ ოფიცერს ციხეში რამდენიმე ათწლეულის გატარება მოუწევს.

ყველაზე სერიოზული ბრალდება, რომელშიც ჩაუვინი დამნაშავედ ცნეს, მეორე ხარისხის მკვლელობაა. მუხლი გულისხმობს პირისთვის ისეთი დაზიანების მიყენებას, რომელმაც გარდაუვალი როლი ითამაშა წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობაში. აღნიშნული მუხლისთვის საპატიმრო სასჯელად კანონმდებლობა 40 წელს ითვალისწინებს.

ამასთან, მას ბრალი დაუდასტურდა მესამე ხარისხის მკვლელობისთვისაც, რაც გულისხმობს ადამიანის სიცოცხლის უპატივცემულობით ჩადენილ სახიფათო ქმედებას, რამაც პირის გარდაცვალება გამოიწვია და მაქსიმალური სასჯელის სახით 25 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

მესამე ბრალი კი წინასწარი განზრახვის გარეშე მეორე ხარისხის მკვლელობას გულისხმობს, რომელსაც კანონმდებლობა განამრტავს როგორც გულგრულობას, რაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის რისკს აჩენს და მაქსიმალური სასჯელის სახით 10-წლიან პატიმრობას ან 20 000 აშშ დოლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.

გამოცემა წერს, რომ პროკურატურა სასჯელის მაქსიმალურ ზომას ითხოვს დანაშაულის ჩადენის გარემოებების გათვალისწინებით, მათ შორის, იმ ფაქტის, რომ ფლოიდის დაკავება 9 წლის ბავშვის თანდასწრებით მიმდინარეობდა.

შესაბამისად, მაქსიმალური სასჯელი, რომელიც პოლიციის ყოფილ ოფიცერს შეიძლება მიესაჯოს, 75-წლიან პატიმრობას აღწევს.

დერეკ ჩაუვინი ამ დრომდე გირაოს საფუძველზე იყო გათავისუფლებული, თუმცა მას შემდეგ, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა ფლოიდის მკვლელობის საქმეში გაამტყუნეს, ჩაუვინი დააკავეს.

მსჯავრდებულის ადვოკატებს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეტებიათ ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებაზე, თუმცა მოსალოდნელია, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

BBC წერს, რომ ფლოიდის დაკავებაში, რომელსაც მისი გარდაცვალება მოჰყვა, კიდევ სამი ოფიცერი მონაწილეობდა. მათ საქმეებზე სასამართლო მსჯელობას ამ დრომდე აგრძელებს. სამივე მათგანს ბრალი ედება მეორე ხარისხის მკვლელობის ხელშეწყობაში.

მათი სასამართლო პროცესი 25 აგვისტოსაა დანიშნული და თუ ბრალი დაუდასტურდებათ, 40 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.


25 მაისს, მინესოტას შტატის დედაქალაქ მინეაპოლისში პოლიციის ოფიცრებმა დააკავეს აფროამერიკელი მოქალაქე ჯორჯ ფლოიდი, რომელიც, როგორც აუტოფსიამ დაადგინა, ერთ-ერთი ოფიცრის, დერეკ ჩაუვინის ქმედების (მან ძირს დაწოლილ ფლოიდს ყელზე მუხლი დააჭირა) შედეგად გარდაიცვალა.

პოლიციელები სამსახურიდან გაათავისუფლეს, ოთხივე მათგანს სხვადასხვა სიმძიმის ბრალიც წარედგინა, ხოლო აშშ-ის 50-ივე შტატის ქალაქში ჩატარდა საპროტესტო აქციები — დემონსტრანტები ითხოვენ სამართლიანობასა და ქვეყანაში პოლიციის მხრიდან აფროამერიკელების მიმართ სასტიკი მოპყრობის შეწყვეტას. ამასთან ერთად, პროტესტების დროს შექმნილი არეულობით ზოგიერთმა მოქალაქემ ისარგებლა და მაღაზიების ძარცვით დაკავდა.

პროტესტების დასაშლელად აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფედერალური დაქვემდებარების ქვეშ მყოფი სამხედროების გამოყენების იდეა წამოწია, რამაც მისი კრიტიკა გამოიწვია. თუმცა, ვაშინგტონში ტრამპმა ფედერალური ჯარი მაინც შეიყვანა და ერთ-ერთ დღეს, თეთრი სახლის წინ მდებარე პროტესტის დარბევის გადაწყვეტილებაც მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი