ახალი ამბები

თეთრი სახლთან მდებარე მოედანს „Black Lives Matter“-ის სახელი მიენიჭა

6 ივნისი, 2020 • 1457
თეთრი სახლთან მდებარე მოედანს „Black Lives Matter“-ის სახელი მიენიჭა

აშშ-ის დედაქალაქში, ვაშინგტონის ფედერალურ ოლქში პრეზიდენტის რეზიდენციის — თეთრი სახლთან მდებარე მოედანს „Black Lives Matter“-ის სახელი მიენიჭა, იუწყება BBC.

შესაბამისი გადაწყვეტილება ქალაქის მერმა, მიურიელ ბაუზერმა მიიღო. მისივე გადაწყვეტილებით, თეთრ სახლამდე მისასვლელ გზაზე უზარმაზარი წარწერა „Black Lives Matter“ დახატეს. ბაუზერმა აგრეთვე მოსთხოვა პრეზიდენტ ტრამპს, ვაშინგტონიდან ფედერალური ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფი ჯარისკაცები გაეყვანა.

მოძრაობა Black Lives Matter — შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია აშშ-ში აფროამერიკელი მოსახლეობის უფლებებს იცავს.

რა ხდება?

25 მაისს, მინესოტას შტატის დედაქალაქ მინეაპოლისში პოლიციის ოფიცრებმა დააკავეს აფროამერიკელი მოქალაქე ჯორჯ ფლოიდი, რომელიც, როგორც აუტოფსიამ დაადგინა, ერთ-ერთი ოფიცრის, დერეკ ჩაუვინის მიერ გამოყენებული ილეთის (მან ძირს დაწოლილ ფლოიდს ყელზე მუხლი დააჭირა) შედეგად გარდაიცვალა.

პოლიციელები სამსახურიდან გაათავისუფლეს, ოთხივე მათგანს სხვადასხვა სიმძიმის ბრალიც წარედგინა, ხოლო აშშ-ის 50-ივე შტატის ქალაქში ჩატარდა საპროტესტო აქციები — დემონსტრანტები ითხოვენ სამართლიანობასა და ქვეყანაში პოლიციის მხრიდან აფროამერიკელების მიმართ სასტიკი მოპყრობის შეწყვეტას. ამასთან ერთად, პროტესტების დროს შექმნილი არეულობით ზოგიერთმა მოქალაქემ ისარგებლა და მაღაზიების ძარცვით დაკავდა.

პროტესტების დასაშლელად აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფედერალური დაქვემდებარების ქვეშ მყოფი სამხედროების გამოყენების იდეა წამოწია, რამაც მისი კრიტიკა გამოიწვია. თუმცა, ვაშინგტონში ტრამპმა ფედერალური ჯარი მაინც შეიყვანა და ერთ-ერთ დღეს, თეთრი სახლის წინ მდებარე პროტესტის დარბევის გადაწყვეტილებაც მიიღო.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი