ახალი ამბები

სასამართლომ 22.5 წელი მიუსაჯა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს

26 ივნისი, 2021 • 1034
სასამართლომ 22.5 წელი მიუსაჯა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს

ყოფილ პოლიციელს, რომელსაც აშშ-ის აფროამერიკელი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა ედებოდა ბრალად, სასამართლომ 22 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ბრალდებულ დერეკ შოვინს მოსამართლემ უთხრა, რომ განაჩენი ეფუძნება მისი პოზიციის ბოროტად გამოყენებასა და სისასტიკეს, რომელიც ფლოიდის მიმართ გამოიჩინა.

ფლოიდის ოჯახი და მხარდამჭერები განაჩენს მიესალმნენ. BBC ციტირებს დაღუპულის დას, რომლის თქმითაც, განაჩენი აჩვენებს, რომ პოლიციის ძალადობა, ბოლოს და ბოლოს, სერიოზულად არის აღქმული, თუმცა წინ კიდევ გრძელი გზაა.

ადვოკატმა ყოფილი პოლიციელის ამ ქმედებას უწოდა შეცდომა, რომელიც კეთილი განზრახვით მოხდა. თავად შოვინმა პროცესის დროს აღნიშნა, რომ უსამძიმრებს ფლოიდის ოჯახს, თუმცა იქ არ მოუბოდიშებია მათთვის.

ყოფილი ოფიცერი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში ცნეს დამნაშავედ. ყველაზე სერიოზული ბრალდება შოვინის მიმართ მეორე ხარისხის მკვლელობაა. მუხლი გულისხმობს პირისთვის ისეთი დაზიანების მიყენებას, რომელმაც გარდაუვალი როლი ითამაშა წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობაში.

ამასთან, მას ბრალი დაუდასტურდა მესამე ხარისხის მკვლელობისთვისაც, რაც გულისხმობს ადამიანის სიცოცხლის უპატივცემულობით ჩადენილ სახიფათო ქმედებას, რამაც პირის გარდაცვალება გამოიწვია.

პოლიციელებმა ჯორჯ ფლოიდი გასული წლის 25 მაისს მინესოტას შტატის დედაქალაქ მინეაპოლისში დააკავეს. როგორც ავტოფსიამ დაადგინა, ის სწორედ ოფიცერ შოვინის ქმედების (მან ძირს დაწოლილ ფლოიდს ყელზე მუხლი დააჭირა) შედეგად დაიღუპა.

მომხდარში მონაწილე 4 პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს და ცალ-ცალკე წაუყენეს სხვადასხვა სიმძიმის ბრალი, ხოლო აშშ-ის 50-ვე შტატის ქალაქში საპროტესტო აქციები ჩატარდა. დემონსტრანტები ითხოვდნენ სამართლიანობასა და ქვეყანაში პოლიციის მხრიდან აფროამერიკელების მიმართ სასტიკი მოპყრობის შეწყვეტას. ამასთან ერთად, პროტესტების დროს შექმნილი არეულობით ზოგიერთმა მოქალაქემ ისარგებლა და მაღაზიების ძარცვით დაკავდა.

პროტესტების დასაშლელად აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფედერალური დაქვემდებარების ქვეშ მყოფი სამხედროების გამოყენების იდეა წამოაყენა, რამაც მისი კრიტიკა გამოიწვია. თუმცა ვაშინგტონში ტრამპმა ფედერალური ჯარი მაინც შეიყვანა და ერთ-ერთ დღეს თეთრი სახლის წინ მდებარე პროტესტის დარბევის გადაწყვეტილებაც მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი