“ნაციონალურ მოძრაობის” პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეთანხმებაზე ვერ ისაუბრებენ მანამ, სანამ ენმ-ის თავმჯდომარე ციხეში იქნება. უდუმაშვილის თქმითვე, მელიას გათავისუფლების შემდეგ გაიხსნება სივრცე შეთანხმებისთვის.
“ჯერ არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. დღეს პოლიტსაბჭო შეიკრიბა და ჩვენ ვიმსჯელეთ იმ საკითხზე, რასაც ჰქვია შეთანხმებაზე ხელის მოწერა ან არ მოწერა. თუმცა, როგორც იცით, ჩაინიშნა მორიგი შეხვედრა ოპოზიციასა და მედიატორების თანხლებით. შესაბამისად, კიდევ დავაყენებთ მთავარ წინადადებას და ეს წინადადება არის ის, რომ ვერანაირ შეთანხმებაზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, სანამ ნიკა მელია ციხეში იმყოფება. ასე რომ, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, ის გათავისუფლდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, რომ გაიხსნას გარკვეული სივრცე იმისთვის, რომ ჩვენ გარკვეულ შეთანხმებამდე მივიდეთ”,-აცხადებს უდუმაშვილი.
დღეს, 19 აპრილს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ პარტია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” დოკუმენტს ხელს არ აწერს, რადგან ბუნდოვანია “პოლიტიკური პატიმრების” გამოშვების გეგმა და ადგილობრივი არჩევნების ვადამდელ არჩევნებთან მიბმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარტიებს ახალი წინადადება გუშინ, 18 აპრილს წარუდგინა.
მიშელის დოკუმენტში საუბარია როგორც ვადამდელ არჩევნებზე, ასევე, პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებზე.
“საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვის და ამ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, მოაგვარონ ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმული ორი შემთხვევა, ამნისტიის ან სხვა გზით, რომელსაც ერთი და იგივე შედეგი მოჰყვება. კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პარლამენტში წარმომდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის კანონი 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევაზე”, — ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ “ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების თანახმად, 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება“ პროპორციულ ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს”.