ახალი ამბები

მომიტინგეები მთავრობასთან ღამის გათევას კარვების გარეშე გეგმავენ – უდუმაშვილი

9 ნოემბერი, 2021 • 1020
მომიტინგეები მთავრობასთან ღამის გათევას კარვების გარეშე გეგმავენ – უდუმაშვილი

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციური დემონსტრაციის მონაწილეები მთავრობის კანცელარიასთან გაათევენ ღამეს, თუმცა კარვების გაშლა არ იგეგმება. ამის შესახებ უდუმაშვილმა მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

“დღეს ღამე კარვების გაშლა არ იგეგმება, ჩვენ აქ ვიქნებით ღამის განმავლობაში… შემდეგ უკვე, ხვალ დილიდან, სხვა აქტივობებს დავიწყებთ”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

დღეს, 8 ნოემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ უწყვეტი აქციები დააანონსა. მისი თქმით, აქციების მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და “მიტაცებული არჩევნების დაბრუნება” იქნება.

“პროტესტი იქნება ძალიან მტკიცე, მაგრამ მშვიდობიანი, მტკიცე, ხალხმრავალი და უწყვეტი”, – განაცხადა მელიამ.

მელიამ განაცხადა, რომ დღეს აქცია მთავრობის კანცელარიასთან გაიმართებოდა, 9 ნოემბრიდან აქციები სხვადასხვა ლოკაციაზე დაიწყება, მათ შორის იუსტიციის სამინისტროსთან, სადაც სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აქციაზე ვინმე პროვოკაციის მოწყობას შეეცდება, სხვებმა ამის უფლება არ უნდა მისცენ:

“ჩვენ არსად შესავარდნი არაფერი გვჭირს, ხალხნო. ჩვენი მიზანი და ამოცანა არ არის სადმე შეჭრა, იქ [კანცელარიაში] არაფერი გვესაქმება და ამ ოცნებას არ ავუხდენთ ბიძინა ივანიშვილს. მაგრამ ბრძოლის ყიჟინა დედაქალაქის ქუჩებში იქნება მანამ, სანამ ხელისუფლება უკან არ დაგვიბრუნებს მიტაცებულ სახელმწიფოს ჩვენ და საზოგადოებას…

ამ ყველაფრის ერთ-ერთი შემოქმედი და ზიზღის მფრქვეველი არის ირაკლი ღარიბაშვილი. ძალიან მშვიდად, ცოცხალი ადამიანების ძალა შენობის გარედან დავანახოთ და ვუთხრათ, რომ ასე უკვე ვეღარ გაგრძელდება და ჩვენ ვიდგებით აქ მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი უზრუნველყოფილი არ იქნება ნორმალური სამოქალაქო დაწესებულებით [კლინიკით], ის არ იქნება გათავისუფლებული და მიტაცებული არჩევნები არ დაბრუნდება.

კანცელარიასთან აქცია გაგრძელდება და თუ ღარიბაშვილი შიგნითაა, ვერ გამოვა და თუ არ არის, ვერ შევა”, – განაცხადა მელიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი